
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის საკნიდან გამოქვეყნებული წერილი, სადაც ის ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს, პოლიტიკური განხილვის ეპიცენტრშია, მმართველი გუნდი ღარიბაშვილის წერილს, ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამს და აღნიშნავენ, რომ წერილები ბევრ ეჭვს ბადებს, ოპოზიციონერები კი მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირების ნიშნებს ეძებენ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილიმა ერთი დღის შუალედით, ორი წერილი გამოაქვეყნა, პირველ წერილში საკუთარ თავის და ოჯახის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხომგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას აკისრებდა, მეორე წერილში კი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ შარშან დაწყებული ე.წ "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის" კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება იყო.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გაყვა მისთვის „გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დაეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები", სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა".
ღარიბაშვილის მტკიცებით, მან ივლისში მიიღო წერილი მამუკა მდინარაძისგან და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა. ექსპრემიერი ამბობს, რომ ეს იყო „წითელი ხაზი" და ბრძოლის დაწყება დაანონსა.
ამ წერილს მალევე მოჰყვა პასუხი, რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურსგან - "სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა", - ციტირებს „რუსთავი 2" მამუკა მდინარაძის პრესსამსახურის კომენტარს.
"გადასულია თვითდაზიანების ეტაპზე"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული.
„ყველა და მე პირადად ძალიან განვიცდით მდგომარეობას, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილი ჩავარდა, განსაკუთრებით მიზეზებს, რის გამოც ეს მოხდა. საკმაოდ მტკივნეული თემაა. წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია.
ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა. განსაკუთრებით რასაც განვიცდი, ეს არის ის, რომ დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა და სხვა არაფერი ამაში არ დევს", - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ კი განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თვოთდაზიანების ეტაპზეა გადასული. გორდულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის დასაწყისში კორუფციული დანაშაული თვითონვე აღიარა, ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა დაეკისრა.
„გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. საზოგადოებამ იცის, რომ ამ წლის დასაწყისში, მან თვითონვე აღიარა კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც არ დაუდეკლარირებია და საიდანაც მან პირადი სარგებელი მიიღო.
ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე, ის შესაბამის პასუხისმგებლობასაც იხდის. ამიტომაც რთულია, თუ რატომ დასჭირდა მას ორი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
ხან ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე საუბრობს, შემდეგ ისაუბრა მამუკა მდინარაძეზე - თვითონვე ვერ გაერკვა, ვინ რა წერილი გამოუგზავნა. საერთოდ, ეს წერილი რა არის და ხომ არ ჰგავს ეს წერილი მაგალითად ხაზარაძისეულ წერილს, რომელსაც თავისი პრე-ისტორია ჰქონდა და როგორც გაგრძელდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის."- განაცხადა გორდულაძემ.
ოპოზიციის ვარაუდები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ახლა მხოლოდ პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც წარსული საქმეების გათვალისწინებით, „სრულიად გასაგებია".
„ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო კორუმპირებული, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები, ამას ჩვენ ვიძახდით და სხვები უარყოფდნენ. ძალიან უცნაურია ამ კითხვის ჩვენთვის შემობრუნება, ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში მასალებს საჯარო ორგანოებსაც კი ვაწვდიდით.
რაც შეეხება შიდა კლანურ ბრძოლას, ღარიბაშვილს უბრალოდ ეშინია არა კორუფციის მუხლით დაჭერის, არამედ იმის, რომ რიჟვაძის ბედს გაიზიარებს. ეს არის მისი შიშის საბაბი და არა მისი კორუმპირებულობის ან სხვა სამართლებრივი საქმეებისა. უბრალოდ პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც არის სრულიად გასაგები თუ იმ საქმეებს გავიხსენებთ, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როგორიც რიჟვაძის საქმეა" - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, გიგალემონჯავა წერს, ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალი აუცილებლად დაიშლება. "ჭამენ ერთმანეთს და ამის მიზეზი კრიზისია, კრიზისი აქვთ შიგნით. მაღალჩინოსანი „ქოცების" რაოდენობა ციხეში გაიზრდება. რეგიონების "გენერალმა" ჩანთის ჩალაგება უნდა დაიწყოს. ივანიშვილის ვერტიკალი აუცილებლად დაიშლება", - წერს გიგა ლემონჯავა.