რეზონანსი
19.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

„სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 18 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 20 000 ადამიანმა განაკვეთა. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის თანახმად, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

“მსგავსი დინამიკა უკვე რამდენიმე დღე აღინიშნება: 15 და 16 აგვისტოს გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად 19 000 ადამიანი კვეთდა. მიმდინარე მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს,” - ნათქვამია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×