
მსოფლიოში ხელისუფლების ცვლილების ინიციატორები ხშირად სწორედ ავტორიტარი მმართველის უახლოესი გარემოცვის წევრები ხდებიან. მოკლედ, ავტორიტარებსა და დიქტატორებს საკუთარი გარემოცვის უსაფუძვლოდ არ ეშინიათ. დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს , - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
გიგაური მიიჩნევს, რომ ცოტა ხანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჩამოშორება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ თავად კობახიძემ არ დაასწრო ივანიშვილს.
„რამდენიმე არცთუ ახალი რამ გავიგეთ და კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ისტორიით:
ამ ყველაფერს კორუფციასთან ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ივანიშვილი საკუთარ გარემოცვაში საკადრო გადაადგილებებს ახორციელებს, კობახიძე კი, მისი თანხმობითა და მდინარაძის ხელით, პოლიტიკურ კონკურენტებს იშორებს. „ქართულ ოცნებაში“ ხალხის ხარჯზე გამდიდრებითა და კორუფციაში ჩართულობით ვერავის გააკვირვებ :იქ ყველა იპარავს. მთელი სისტემა კორუფციაზე დგას და ამის უფლება მათ თავად ივანიშვილმა მისცა. ამიტომ „კორუფციასთან ბრძოლა“ მხოლოდ ანგარიშსწორების შესანიღბად დადგმული სპექტაკლია.
კობახიძე თავად არ ისვრის ხელებს ამისთვის მდინარაძე ჰყავს. ამასობაში ის მისი ერთგული შემსრულებელი და მსახური გახდა.
აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უდიდეს ნაწილში ღარიბაშვილის მიმართ გულწრფელი მხარდაჭერა არსებობს, რასაც კობახიძისა და მდინარაძის შემთხვევაში ვერ ვხედავთ. შეხედეთ ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის განცხადებების ქვეშ „ოცნების“ მხარდამჭერთა რეაქციებს. მდინარაძე ციხეში რომ ჩასვან და კობახიძეც ზედ მიაყოლონ, მათ დასაცავად „ოცნების“ მხარდამჭერები ერთ სიტყვასაც არ იტყვიან. კობახიძე მათთვის მაინც ყოფილი „ენჯეოშნიკი“ და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელია. არც ეკლესიურია და არც ეკლესიასთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა. მის გუნდშიც უმეტესობა ასეთი ხალხია.
„ქართულ ოცნებაში“ არც მეგობრობა იციან, არც ძმაკაცობა და არც გვერდში დგომა. ეს ქართული ვაჟკაცური უნარი როგორც ჩანს არც ერთს არ აღმოაჩნდა. ჩაგიშვებენ, გიღალატებენ და მიგატოვებენ შიშის, ბიძინას და ახლა უკვე კობახიძის გამოც.
ივანიშვილი საკუთარ გუნდში განხეთქილებას შეგნებულად აღრმავებს და გუნდის წევრებს ერთმანეთთან აპირისპირებს. მისი მიზანია, ისინი მის წინააღმდეგ არ გაერთიანდნენ და მუდმივად ერთმანეთის დასმენა და ერთმანეთთან დაპირისპირება უწევდეთ.
დღეს ივანიშვილის აშკარა ფავორიტი კობახიძეა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ სტატუსმა მას უკვე თავბრუ დაახვია. ხშირად საუბრობს იმაზე, პირადად მან რა გააკეთა, თითქოს ივანიშვილის გარეშეც ჰქონდეს ამის ძალაუფლება. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ შიგნით ბევრი გულწრფელი მხარდამჭერი არ ჰყავდეს, მაგრამ დღეს ინსტიტუტებზე თითქმის სრულ კონტროლს ახორციელებს.როგორც ჩანს, „ოცნების“ წევრებს მისი ძალიან ეშინიათ შესაძლოა, ბიძინაზე მეტადაც კი. მათ იციან, რომ კობახიძეს ბიძინასთან პირდაპირ მიუწვდება ხელი და შეუძლია თანაგუნდელზე ისეთი რამ უთხრას, რაც მას საბოლოოდ დაღუპავს. ასეთი გავლენა ღარიბაშვილსაც კი არ ჰქონია. კობახიძემ თითქმის ყველგან საკუთარი კადრები დანიშნა და პარლამენტიც მთლიანად მის კონტროლქვეშაა. ეს უზომო ძალაუფლება მან თანდათანობით მოაგროვა. თუ ასე გაგრძელდა, ამ სისტემის დაშლა თავად ივანიშვილსაც გაუჭირდება.
მსოფლიოს ავტორიტარული რეჟიმების გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ დიქტატორები გარემოცვას სწორედ ამ პრინციპით მართავენ: „დაყავი და იბატონე“. ისინი პერიოდულად ცვლიან ფავორიტებს, ყველას რთავენ კორუფციასა და სხვა დანაშაულებში, რათა შემდეგ მათი სისუსტეები და დანაშაულში თანამონაწილეობა მათ წინააღმდეგ გამოიყენონ. ამასთანავე, ერთმანეთს უპირისპირებენ გავლენიან ჯგუფებს, ახალისებენ ერთმანეთის დასმენას და შერჩევითი დასჯით ყველას მუდმივ შიშში ამყოფებენ.
ამ გზით ვერც ერთი ადამიანი ან ჯგუფი ვერ ძლიერდება იმდენად, რომ ლიდერს რეალური საფრთხე შეუქმნას. თუმცა ასეთ სისტემას ერთი მნიშვნელოვანი რისკიც ახლავს: ფავორიტმა, რომელსაც ძალაუფლების ყველა ბერკეტი ჩაუვარდება ხელში, შესაძლოა, დროთა განმავლობაში თავად დაიწყოს დამოუკიდებელ ძალად ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ დიქტატორები საბოლოოდ ხშირად საკუთარ ყველაზე ერთგულ და გაძლიერებულ მსახურებსაც იშორებენ.
ამავე დროს, მსოფლიოში ხელისუფლების ცვლილების ინიციატორები ხშირად სწორედ ავტორიტარი მმართველის უახლოესი გარემოცვის წევრები ხდებიან. მოკლედ, ავტორიტარებსა და დიქტატორებს საკუთარი გარემოცვის უსაფუძვლოდ არ ეშინიათ. დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო“, - წერს ეკა გიგაური.