
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, არ ვიცი, რა სქემები არსებობს ამ ყველაფრის უკან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქ-ლაივში განაცხადა, როდესაც უპასუხა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებულ კითხვას.
ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება კრიზისშია და მიმართულება აღარ გააჩნია.
„ყველაფერს ვხედავ - ქაოსი, კრიზისი, ერთმანეთის მიმართ სრული უნდობლობა, ანგარიშსწორება, რაზედაც დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ალბათ, რაღაც პოლიტიკური თამაშია, რომ აქედან გამოძვრნენ. არ ვიცი, ალბათ უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია. ან რა სქემები არსებობს ამ ყველაფრის უკან... ჩვენ ამ ყველაფერში ვერ გავერკვევით, რადგან ეს მათი თამაშებია, მაგრამ რაც ნათელია, არის ის, რომ ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს. სრულიად ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით ხან იქეთ ეჯახება, ხან აქეთ, მიმართულება აღარ გააჩნია.
სამწუხაროდ, მათგან განსხვავებით, თავისი მიმართულება აქვს რუსეთს და მისი ჰიბრიდული სტრატეგია ამის ფონზე უფრო ადვილად ძლიერდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეტანილ საწვავზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ საწვავით ის რუსული ბაზა მარაგდება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული.
„საწვავი გამოიყენება სამხედროების მოსამარაგებლად, რადგან იქვე არის ძალიან სერიოზული რუსული სამხედრო ბაზა და ამას ამარაგებენ. მე მესმის, ეს ჩვენი ტერიტორია არის, ჩვენი მოსახლეობა და გასაგებია, რომ შეიძლება სწორი იყოს ის, რომ ჩვენ ხელი გავუმართოთ ამ მოსახლეობას და დავეხმაროთ, როცა უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ ანუ, ეს ბენზინი უნდა იყოს ჩვენს მიერ დარიგებული, უნდა მიდიოდეს მოქალაქეებამდე, ამაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, კონტროლი უნდა იყოს და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ფორმა, რითაც ჩვენ აღვადგენთ კონტროლის ნაწილს ტერიტორიაზე, მოსახლეობასაც ეცოდინება, რომ ჩვენ მას ვეხმარებით. უგზო-უკვლოდ არ უნდა დავარიგოთ ბენზინი, რომელიც აშკარად ამ მდგომარეობაში მიდის პირდაპირ რუსულ ბაზაში, რუსი სამხედროებისთვის და კიდევ სად, არავინ ვიცით. მთავრობას ამის კონტროლის სურვილი არ გააჩნია“< - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.