
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და და მმართველი პარტიის მაღალჩინოსანი, კიმ იო ჩჟონი უარყოფს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს.
კიმ იო ჩჟონმა ზელენსკის შეფასებას „უსაფუძვლო" უწოდა. ზელენსკიმ აღნიშნული ბრალდება ამ თვეში სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წამოაყენა და სამხრეთ კორეას უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, კიმ იო ჩჟონმა აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის დაწყებასა და მის გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობა სრულად შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს ეკისრება.
კიმ იო ჩჟონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის „მტრული პოლიტიკა" ჩრდილოეთ კორეის მიმართ არ შეცვლილა, მიუხედავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებისა სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო სწავლებაში ამერიკის მონაწილეობის შემცირების შესახებ.
მან აღნიშნა, რომ თუმცა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ურთიერთობა „მართლაც შესანიშნავი" იყო, ვაშინგტონი მაინც აგრძელებს სეულთან ერთად წვრთნების ჩატარებას და საფრთხეს უქმნის ფხენიანის ეროვნულ უსაფრთხოებას.
მან დასძინა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ბოლო დროს განხორციელებული რაიმე სახის კომუნიკაციის შესახებ.