
რუსეთის მიერ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ღამით რუსეთმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ბავშვთა საავადმყოფო, რამდენიმე ადგილას კი ხანძარი გაჩნდა.
კლიჩკოს თქმით, დაღუპულთა უმეტესობა სოლომიანის რაიონშია, სადაც რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც შენობის ზედა სართულები სრულად დაინგრა. იერიშის შედეგად სოლომიანის რაიონში დაზიანდა სკოლა და ბავშვთა საავადმყოფოს შენობაც.
დარნიცის რაიონში დაზიანდა არასაცხოვრებელი და სასაწყობე შენობები, სვიატოშინის რაიონში კი ხანძარი გაჩნდა სასაწყობე ფართებში.
აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით კიევსა და კიევის ოლქში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე მასშტაბური, მაღალი სიზუსტის დარტყმა განახორციელეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე იყო კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სამხედრო მრეწველობის საწარმოები, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი და საწყობები.