
ომის რიტორიკის მქადაგებელი უპასუხისმგებლო პოპულისტი "ნაცები" - ეს ნიკა გვარამიას სიტყვებია პარტიაზე, რომლის მთავარი იდეოლოგიც თავადვე იყო. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს საჯაროდ ჯერ თავად სააკაშვილი დაუპირისპირდა, რომელმაც გვარამიას ციხიდან შემოუთვალა, რომ ისტორიული ტრავმისგან გათავისუფლება ტერიტორიისგან გათავისუფლებას ნიშნავს და აფხაზეთი ყარაბაღთან ვერ გაიგივდება.
კაპიტულანტური განწყობების გამო საზოგადოება სამართლიანად აღშფოთდა - დაწერა ექსპრეზიდენტმა, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების გამართლებულ გეგმად აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა დაასახელა.
დაპირისპირება ლიდერების საპასუხო განცხადებებით არ ამოწურულა. ის კიდევ უფრო გამწვავდა ამავე პოსტის კომენტარებში, სადაც სააკაშვილზე ნათქვამის გამო გვარამიას პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსთხოვა.
სააკაშვილის ყოფილი ადვოკატის დაცვა თავად სააკაშვილისგან დღესაც არასამთავრობო სექტორს მოუწია. ფეისბუქსტატუსი მალევე გაავრცელა EMC-ის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, რომელმაც გვარამიას განცხადება პირველივე დღეს პრაგმატიზმით გაამართლა.
ომის პროპაგანდა თუ ტერიტორიის ჩაბარება? - მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საკითხის ამგვარად დაყენება აბსურდულია, ოპოზიციის ლიდერებს შორის დავა კი მოჩვენებითი. რადგან მათი ოპონენტების ეს ორივე "არჩევანი" ნდობის აღდგენისა და მშვიდობის პოლიტიკას უპირისპირდება და სწორედ ეს მიზანი აერთიანებს სააკაშვილსაც და გვარამიასაც.
ლიდერების განცხადებების გამართლება დღეს სააკაშვილისა და გვარამიას პარტიებში სცადეს. ამტკიცებდნენ, რომ არც ერთს აქვს ომის რიტორიკა და არც მეორეს - კაპიტულანტური მიდგომა.
ომის პროპაგანდა ოპონენტებისგან მმართველ პარტიას არ უკვირს. "ქართულმა ოცნებამ" ახალი ტაქტიკა არა სააკაშვილის, არამედ გვარამიას განცხადებაში ამოიკითხა. მათი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა იდეოლოგმა ტრავმული მეხსიერების დავიწყებაზე მითითებით და აფხაზეთის ყარაბაღთან პარალელით მოსინჯა, მისაღებია თუ არა საზოგადოებისთვის ტერიტორიის დათმობასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა.
ნიკა გვარამიას შემდეგ ოკუპაციაზე, როგორც მოუგვარებელ პრობლემაზე, საჯაროდ სალომე სამადაშვილმაც ისაუბრა. თუმცა გაცილებით ადრე გააკეთა განცხადება გია ბარამიძემ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათქვამს, თითქოს აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, ვეტერანების პროტესტი და გამოძიების დაწყებაც მოჰყვა.