მარიამ ვეკუა
21.08.2026

ოპოზიციურ სპექტრში გაერთიანების იდეა მორიგი სერიოზული კრიზისის წინაშეა - „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ახალის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას შორის დაწყებულ ღია კონფრონტაციას თან ალიანსის დაშლის ალბათობაც სდევს. ფინანსური წყაროების, ოპოზიციური ლიდერობისა და წარსული შეცდომების გარშემო ატეხილი ურთიერთბრალდებები აშკარას ხდის, რომ საარჩევნო სუბიექტებს შორის არსებულმა შიდა უთანხმოება პოლიტიკური დებატების ჩარჩოებს გასცდა და პირადი თუ ფინანსური კომპრომატების ომში გადაიზარდა.

ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება უკვე უჩვეულო აღარაა. ამჯერად, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ პარტია „ახალის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან" ღია კონფრონტაციაში შედის, საუბარი კი იმაზე, რომ" ნაცმოძრაობა" ალიანსს დატოვებს, უფრო რეალისტური ხდება.

„40-მილიონიანი" დავა და ენმ-ის მწვავე ბრალდებები

„ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს. შენ ვინ უნდა იყიდო, უკვე ნაყიდი ჰყავხარ ბიძინას," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

წითლიძემ გააზიარა ნიკა გვარამიას კომენტარი, სადაც გვარამია წერს: „40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება. პრინციპში, 4 მილიონიც ეყოფოდა".

როგორც ჩანს, გვარამიას კომენტარმა „ნაცმოძრაობა" გაანაწყენა და ყოფილ თანაგუნდელს, ძველი შეცდომები გაახსენა.

„ამას კადრულობს ადამიანი, რომელმაც ჯერ „რუსთავი 2", მერე „მთავარი არხი" და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" გაძარცვა, ადამიანი, რომელსც თვეში 85 ათასი ლარი - და ეს ყველაზე ნაკლები თანხა იყო - ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდა. შემდეგ ესეც არ ეყო: ჯერ ბიძინას დავალებით „მთავარი არხი" დახურა, მერე კი ისევ იმ ადამიანებს მიადგა, ვინც მას ჩააცვა და ღალატის სანაცვლოდ 40 მილიონი აიღო.

„ახლა კი, როცა გაიშიფრა და „თანამედროვე მერაბ კოსტავას" ნაცვლად - როგორც საკუთარ თავს უწოდებდა - დისკრედიტირებული საკუთარი თავი შერჩა, კარდაკარ დარბის და ამ ფორმით შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც 14 წელია უანგაროდ იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. მაშინაც უანგაროდ იბრძოდნენ, როცა გვარამია თვეში 85 ათას ლარს იღებდა ხელფასად. ( ეს ხელფასი თორემ სხვა თანხებს კიდევ ვინ მოთვლის)"- წერს წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კაპანაძემ ჯერ კიდევ „თანაალიანსელს" და საზოაგდოებას შეახსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ამომრჩეველი არ იყიდება.

„მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ იყიდება, არ იყიდება ის ამომრჩეველი, რომელსაც 14 წელია ებრძვიან, არ იყიდება ის ამომრჩეველი და მხარდამჭერი, რომელზეც 14 წელია ახორციელებენ ზეწოლას, რომელსაც აკავებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, სამსახურიდან ათავისუფლებენ და ა.შ. ასეთი მასშტაბური შეტევის მიუხედავად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია იბრძვის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოიპოვოს გრძელვადიანი მშვიდობა და კეთილდღეობა."

ამ დაპირისპირების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ღიად აცხადებენ, რომ ოპოზიციური ალიანსი ქმედითუუნაროა და შესაძლებელია, ის ენმ-მა დატოვოს

„შემიძლია ამაზე ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ფაქტობრივად ალიანსმა დაკარგა თავისი ფუნქცია იმ სახით, რა სახითაც ის არსებობდა. დღეს უკვე ფაქტობრივად ალიანსი არის ქმედითუუნარო, შესაბამისად, შესაძლოა გადაწყვეტილება იყოს მიღებული, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ჩვენს საზოგადოებას ეცნობება."

„განმარტონ..." - ეჭვები დაფინანსების წყაროებზე

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ვიდრე „მთავარ" ოპოზიციურ პარტიას დაირქმევენ, იქამდე ის განმარტონ, კერძოდ ბატონმა გვარამიამ განმარტოს, საიდან მოიტანა ის 40 მილიონი, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დახარჯა.

„ოცნება" ყველა თეთრს დასდევს, სადაც მისი ნამდვილი ინტერესია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ლამის 100 და 1000 ევროს დასდევს და ამისთვის კანონები მიიღო, რეპრესიული მანქანა აამოქმედა და ბიზნესს სრულად აკონტროლებს. ვერცერთი თეთრი ვერ შევა დღეს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიაში და რას მეუბნებით, რომ ამ დროს 40 მილიონის მობილიზება მოახდინა ბატონმა გვარამიამ? რა თქმა უნდა, ეს იყო „ოცნების" ფული. მეტსაც გეტყვით, დღეს რომ არის გილაურზე ამბავი ატეხილი, ეს გილაურის ფულიც არ არის. რა გგონიათ, გილაურს მეტი საქმე არ ჰქონდა, 40 მილიონი დაეხარჯა გვარამიას პარტიაში? რა თქმა უნდა, ეს არ იყო გილაურის ფული, ეს იყო „ოცნების" ფული, რომელიც გილაურის გავლით მოხვდა გვარამიასთან," - განაცხადა შარაშიძემ.

 

  • გიორგი შარაშიძე: ვერცერთი თეთრი ვერ შევა დღეს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიაში და რას მეუბნებით, რომ ამ დროს 40 მილიონის მობილიზება მოახდინა ბატონმა გვარამიამ? რა თქმა უნდა, ეს იყო „ოცნების" ფული.

 

„ოპოზიციურ პარტიებს ჩვენზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ"

მმართველი გუნდისთვის „ოპოზიცური ალიანსის" გარშემო არსებული ამბები მოულოდნელი არ არის. „ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშავილმა განაცხადა, რომ თავიდანვე იცოდა, რომ ალიანსი დაშლისთვის იყოს განწირული.

რამდენი ხნის წინ გითხარით, რომ ისინი ერთმანეთთან ვერ გაძლებენ, დაიშლებიან და ერთმანეთს დაჭამენ. შეკრებილან სერიოზულად?! რა თქმა უნდა, არა. ახლა იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ერთმანეთს პოლიტიკურად არ ეთანხმებიან, ნახეთ, ბრალს ერთმანეთს რაში დებენ. ერთი ამბობს, ამდენი ფული რომ მქონდეს, გიყიდიდი და რასაც მინდა, იმას გაგიკეთებდი; მეორე ამბობს, რომ შენ ფული გაქვს აღებული და სული გაქვს მიყიდული. რა თემებზე ლაპარაკობენ, პოლიტიკურ თემებზეც არ საუბრობენ. ერთმანეთს დებენ ბრალს, რომ ორი კაპიკის გამო გამყიდველები და შიდა დისონანსის შემტანები არიან", - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ცდილობს, პატრონებს დაუმტკიცოს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა თავადაა და თანხებიც მას უნდა გადაურიცხონ, დავაც სწორედ ამაზეა.უმრავლესობის წევრი გიორგი გაბუნია კი ამბობს, რომ „ოპოზიოციური ალიანსი" იყო ფარსი, გვარამია კი მისივე თქმით, „მაღალანაზღაურებადი აგენტია".

 

  • გვარამია: 40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება.

 

„რეალურად ეს ალიანსი იყო სრული ფარსი. უბადრუკი და არარაობა სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ბოლოდროინდელი პოსტებით ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში მის გვერდით მყოფი თანამებრძოლები, მისი გუნდის წევრები როგორი უბადრუკები და არარაობები არიან. წლების განმავლობაში ისინი ფულზე გაყიდული აგენტები იყვნენ

(...)რეალურად ამ ადამიანებს სააკაშვილია კომპლექსი აქვთ. გვარამიამ სცადა სააკაშვილისგან დამოუკიდებელი თამაშის წამოწყება და სააკაშვილი კიდეც გააკრიტიკა. ამით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ როგორი არარაობაა სააკაშვილთან შედარებით. მცდელობა, რომ სააკაშვილის კომპლექსისგან გათავისუფლდნენ, წარუმატებელია

(...)გვარამია იყო შედარებით მაღალანაზღაურებადი აგენტი. ახერხებდა, რომ გაცილებით მეტი შემოსავალი მიეღო და ეს ფაქტია.- განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×