
ორი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის „ახალისა" და „ნციონალური მოძღაობის" დაპირისპირების რეალური მიზეზი შესაძლოა მათ შორის არსებული კონკურენცია იყოს - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, ორივე მხრიდან წამოსული ბრალდებები ძირითადად ჭორებს ეფუძნება და ზოგადად ეს დაპირისპირება მხოლოდ ოპოზიციას აზიანებს.
გარდა ამისა, ჩიტაძის აზრით, გამორიცხული არ არის „ახალში" ამ დაპირისპირებაზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს, რაზეც „ნაციონალური მოძღაობაც" მიანიშნებს.
ნიკა ჩიტაძე: პირველ რიგში, სამწუხარო და გულსატკენია, რომ ორი პროევროპული მიმართულების პარტია ასე დაუპირისპირდა ერთმანეთს. ამით დიდი დარტყმა მიადგება ოპოზიციურ მიმდინარეობას.
შეიძლება მათ შორის რაღაც პიროვნული უთანხმოებაა, თუნდაც გვარამიას და სააკაშვილს შორის. რაღაც კონკურენციაც მიდის, თუ რომელია მთავარი ოპოზიციური პარტია და რომელი უფრო აქტიურად ებრძვის „ქართულ ოცნებას".
- „მგონია, რომ „ოცნებაზე" მიყიდული არავინ არ არის... მხარს ვუჭერ „ნაცმოძრაობასაც" და ყველა პროდასავლურ ძალას, მაგრამ ამაში ვერ დავეთანხმები ენმ-ს."
მე არ მინდა ახლა სიღრმისეულ დეტალებში შესვლა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ზიანდება ოპოზიციური ფლანგი და ზიანდება საქართველოს ინტერესები, როდესაც ასეთ დაპირისპირებას აქვს ადგილი.
„რეზონანსი": მხარეები ერთმანეთს საკმაოდ მწვავე ბრალდებებს უყენებენ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ გვარამია მიეყიდა „ოცნებას". თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია, რომ გვარამიასა და „ოცნებას" შორის არსებობდეს რაიმე გარიგება?
ნ.ჩ.: არ მგონია, იმიტომ, რომ მაშინ გვარამია ციხეში არ იქნებოდა. ის აღმოჩნდა ციხეში და ახლაც ვიცით, რომ „ქართული ოცნება" ემუქრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით გააუქმებს როგორც ამ კოალიციას („ახლებს"), ისე „ნაცმოძრაობას". აქედან გამომდინარე მგონია, რომ „ოცნებაზე" მიყიდული არავინ არ არის. ვერ დავეთანხმები ამ შემთხვევაში.
მხარს ვუჭერ „ნაცმოძრაობასაც" და ყველა პროდასავლურ ძალას, მაგრამ ამაში ვერ დავეთანხმები ენმ-ს, რადგან მაშინ არც მელია იქნებოდა ციხეში. ასევე, ახლაც არ იქნებოდა იმის საფრთხე, რომ ნიკა გვარამია კვლავ აღმოჩნდეს ციხეში. შეიძლება არსებობდეს უთანხმოება - კი, ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს კონფრონტაციაში.
„რ.": „ნაციონალური მოძრაობა" გვარამიას ასევე ადანაშაულებს ფინანსური რესურსებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და ინფრასტრუქტურის ყიდვის მცდელობაში...
ნ.ჩ.: ამას დამამტკიცებელი საბუთები უნდა გააჩნდეს. ასე ჭორებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული განცხადებები, როგორც, მაგალითად, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომ თურმე არასამთავრობო სექტორი, პარტიები და აქტივისტები იღებენ ფულს დასავლეთიდან და სამშობლოს ყიდიან. ჭორების დონეზე არ უნდა იყოს ყველაფერი. თუ რაიმე დამამტკიცებელი საბუთები არსებობს, მაშინ სხვა საქმეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
„რ.": „ახლების" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ამ დაპირისპირებაში არ ერევა, „ნაციონალურ მოძრაობას" ძირითადად ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მისი პოზიცია განსხვავდება გვარამიას პოზიციისგან?
ნ.ჩ.: არ არის გამორიცხული. „ნაცმოძრაობა" და „კოალიცია „ცვლილებებისთვის" ისეთი პარტიებია, სადაც არსებობს განსხვავებული აზრები. აქ არ არის იქ ერთიანი ბელადი, როგორც „ქართულ ოცნებაშია". პლურალიზმი კარგია, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს ურთიერთშეურაცხყოფაში და, რა თქმა უნდა, თუ რაიმე კომპრომატები ვინმეზე არსებობს და პრეტენზიებია, ამისთვის კონკრეტული ფაქტები უნდა იყოს წარმოდგენილი.
მე ასე მგონია, რომ პირადი ამბიციები უნდა დაძლიონ და ერთად მოილაპარაკონ. თუ მერე არის რაღაც უთანხმოება და თუ „ქართული ოცნების" დამარცხება მოხერხდა, საზოგადოებამ გაარჩიოს მათ შორის არსებული კონფლიქტი.
„რ.": „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მელია იმედგაცრუებულია და თავს მოტყუებულად გრძნობს. როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა ველოდოთ მორიგ განცხადებას, ამჯერად „ახალში" და მელიას წასვლას პარტიიდან?
ნ.ჩ.: ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უმჯობესია დაველოდოთ მოვლენებს. არ მგონია, რომ ეს მოხდეს. ახლა მელია ციხეშია და ვერ აკეთებს ისეთ განცხადებებს. პრინციპში, ცვლილებები ყველას უნდა და ყველა ებრძვის „ქართულ ოცნებას", თუმცა გამორიცხულიც არაფერია.