რეზონანსი
22.08.2026

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტური ამორალურობა“ და „მიზანმიმართული ტერორიზმი“ უწოდა.

„რუსეთის თავდასხმა კრივოი როგის სავაჭრო ცენტრზე მოსკოვის ომის აბსოლუტურ და სრულ ამორალურობასა და მანკიერებაზე მეტყველებს. ეს არის მიზანმიმართული ტერორიზმი. რუსეთს სურს უკრაინული ქალაქები საცხოვრებლად უვარგის ადგილებად აქციოს“, - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

კალასმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი აქტიურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე: „ჩვენ ვამზადებთ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ და შორსმიმავალ სანქციათა პაკეტს, რათა გავზარდოთ ზეწოლა მანამ, სანამ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს“.

მანვე აღნიშნა, რომ 1-2 სექტემბერს, დუბლინში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ „როგორ გააფართოონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და სარაკეტო თავდაცვის სფეროში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×