რატომ გადაიფიქრა გახარიას პარტიან შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა
ნატალია ჯვარიძე
22.08.2026

ოპოზიციურ სპექტრში ბოლო დროს ხშრად კეთდება განცხადებები, რომ 2025 წელს ადგილობრივი არჩევნების მოიკოტირება შეცდომა იყო. თუმცა, ამ ფონზე, 3 ოქტომბერს დაგეგმილი საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა.

განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას პარტიის „გახარია საქართველოსთვის" გადაწყვეტილება, რომელიც შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებშც მონაწილეობდა და წელსაც ბოლო დღემდე გამოთქვამდა არჩევნებში მონაწილეობის სურვილს. თუმცა, რეგისტრაციისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი არჩევნებზე რეგისტრირებულ პარტიებს შორის არ არიან.

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტს მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულ პარტიას, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აგრეთვე პარტიას, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში, საარჩევნო ადმინისტრაციისთვუს განცხადებით 17 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიემართა.

ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ არჩევნებისთვის დარეგისტრირდა მხოლოდ 2 პარტია - „ქართული ოცნება" და „ლელო - ძლიერი საქართველო".

  • რამაზ საყვარელიძე: „შედეგების სუმირება ხდება და ჯამში „ოცნება" თუ მისი ოპონენტები რა შედეგსაც აჩვენებენ, ამაზე მსჯელობა შეიძლება. ასეთი ჯამით ადრეც კეთდებოდა პროგნოზი და ალბათ ახლაც საკმარისი იქნება".

15 აგვისტოს „გახარია-საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებდა, რომ მათი პარტია, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.

„მანადე შემიძლია გითხრათ, ჩვენი მიდგომიდან გამომდინარე, რომ არჩევნები უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ინსტრუმენტია. დიდი ალბათობით, ამ არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. თუმცა რომელ ოლქებში, რომელი კანდიდატებით და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ორშაბათს (17 აგვისტოს) პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კითხვაზე, განიხილავთ თუ არა თანამშრომლობას „ლელოსთან", როგორც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, გიორგი შარაშიძემ უპასუხა: „არ გამოვრიცხავ ამ მოდელს".

„თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები მხოლოდ ოთხ ოლქში ტარდება, რაც რეალურად კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ერთ დეპუტატს ნიშნავს, არ ვიცი, ვნახოთ. პოლიტიკურ საბჭოზე ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ დღეს რომ გითხრათ, იგივე ვითარებაა, რაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს იყო, ასე არ არის. თუმცა, გამორიცხული ნამდვილად არაფერია", - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

ამ განცხადების შემდეგ პარტიას „გახარია საქართველოსთვის" არანაირი განცხადება აღარ გაევრცელებია არც 17 აგვისტოს დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომისა და არც შალედურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„რეზონანსი" შეეცადა უშუალოდ პარტიის წარმომადგენლებისგან მიეღო ამაზე დამატებითი ინფორმაცია - თუ რატომ არ გაიარა პარტიამ რეგისტრაცია და რატოომ გადაიფიქრა შუალედურ არჩევნებშ მონაწილეობა, თუმცა სტატიის მომზადების პროცესში მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

რა დატვირთვა ექნება შუალედურ არჩევნებს

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილის შეფასებით, საკრებულოს შუალედური არჩევნები იმ ოლქებში ტარდება, სადაც, როგორც წესი, ხელისუფლება მარტივად იმარჯვებს. თანაც ოპოზიცია ამჟამად საერთოდ არ არის მზად არჩევნებისთვის და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია არ აქვს

„ასეთ ადგილებში ოპოზიციას მაინცდამაინც არც არასდროს ჰქონია დიდი შანსი საერთოდ, არცერთ დროს. ეს ისეთი რეგიონებია, სადაც მაჟორიტარებში, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენელი იგებდა ხოლმე. ახლა მით უმეტეს ასე იქნება, რაზეა ლაპარაკი. მით უმეტეს, ახლა საერთოდ არ არის მზად არჩევნებისთვის ოპოზიციური სპექტრი.

  • დავით ზურაბიშვილი: „ეს ისეთი რეგიონებია, სადაც მაჟორიტარებში, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენელი იგებდა ხოლმე. ახლაც ასე იქნება, მითუმეტეს, რომ ახლა საერთოდ არ არის მზად არჩევნებისთვის ოპოზიციური სპექტრი."

„(შუალედურ არჩევნებს) არანაირი დატვირთვა არ ექნება აბსოლუტურად. ჩაივლის ისე, რომ კაციშვილი ვერ გაიგებს", - თქვა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ 3 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით შესაძლებელი იქნება მსჯელობა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების რეიტინგებზე:

„მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგებში არჩევნები დაშლილია, ასე ვთქვათ, უბნებად და რეგიონებადაც, რა თქმა უნდა, მათი სუმირება ხდება და ჯამში „ოცნება" თუ მისი ოპონენტები რა შედეგსაც აჩვენებენ, ამაზე მსჯელობა შეიძლება. ასეთი ჯამით ადრეც კეთდებოდა პროგნოზი და ალბათ ახლაც საკმარისი იქნება".

ოპოზიცია არჩევნების მიღმა

დავით ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას შეცდომად მიიჩნევს.

„არ ვიცი, რატომ თქვეს უარი. ჩემი აზრით, ბოიკოტი არის ძალზე დაბალი დონის არაკვალიფიციურობა. ანუ, საერთოდ წარმოდგენა რომ არ გაქვს პოლიტიკურ პროცესზე. აი, ამის გარდა ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი.

„ნუ, ცუდი და უფრო ბოროტი ახსნა ის არის, რომ ვიღაცა დაინტერესებული იყო, დიდ ფული გადაიხადა ამაში, მაგრამ ეს ნაკლებად მჯერა. უფრო რეალური ახსნა ის არის, რომ უბრალოდ ვერ შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები და იფიქრეს, რომ რაღაცნაირად ამ ბოიკოტით და ბოიკოტირებით საერთაშორისო დონიდან მერე წამოვიდოდა სანქციები და ამით რაღაცნაირად ხელისუფლებას აიძულებდნენ, დათმობებზე წასულიყო", - აღნიშნა ზურაბიშილმა „რეზონანსთან".

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ თავისი დაბალი რეიტინგის გამო თქვა უარი არჩევნებზე.

„როდესაც პარტიას მიაჩნია, რომ მაღალ შედეგს ვერ მიიღებს, მათ ურჩევნიათ ბოიკოტი გამოაცხადონ და საერთოდ არ დაიდოს მათი შეფასება, ვიდრე, დავუშვათ, შეფასდნენ უფრო ნაკლებად, ვიდრე მათი კონკურენტები - გინდ ოპოზიციიდან და გინდ ხელისუფლებიდან. ეგ სტრატეგიაა - ჯობია გავიდე არჩევნებიდან, ბოიკოტი გამოვუცხადო, ვიდრე თვალსაჩინო გახდეს ჩემი რეიტინგი. ეს ჩნდება მაშინ, როცა თვითონ პარტიას არ აქვს მოლოდინი მაღალი რეიტინგის. მაგის არეკვლაა, მეტი არაფრის",- ამბობს საყვარელიძე.

მისივე აზრით, სავარაუდოდ, გახარიას პარტიას თავდაპირველად რეიტინგები არ ჰქონდა გამოკვლეული და როცა ეს გააკეთეს, არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრეს.

„ყველა პარტია თავისი რესურსებით ზომავს ხოლმე რეიტინგებს სოციოლოგიურ გამოკითხვაში. შეიძლება იმ მომენტისთვის, როცა მათ განაცხადეს - მივიღებთო, ჯერ კიდევ ასეთი რეიტინგები არ ჰქონდათ გამოკვლეული და როცა გამოიკვლიეს, მერე გადაიფიქრეს. ბევრი მიზეზია იმისთვის, რომ არც გახარიას პარტიას არ ჰქონდეს მაღალი რეიტინგი. როცა ლიდერი შორიდან ლაპარაკობს, მოსახლეობა ასეთ პარტიას დიდ მხარდაჭერას ვერ გამოუცხადებს. ის კი არა, უცხოური და, ასე ვთქვათ, პოლიტტექნოლოგიური გამოცდილებით ითვლება, რომ პარტიამ უნდა შემოიაროს ხალხი და ყველაზე კარგი პიარი არის ხელის ჩამორთმევა, შეხვედრა ადამიანებთან. შემოვლა და შეხვედრა კი არა, აქ ლიდერი საქართველოშიც არ არის და შედეგიც, შესაბამისად, ალბათ არ იქნება მათთვის სასიამოვნო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×