რეზონანსი
23.08.2026

წინასწარი პატიმრობა თუ გირაო 3 მილიონი დოლარის ოდენობით - კიევის ანტიკორუფციული სასამართლო ხვალ გადაწყვეტს, რა სახის აღკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს ზელენსკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, ირინა მუდრას მიმართ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეჭვმიტანილია კრიმინალური ორგანიზაციის წევრობასა და მილიონობით თანხის გათეთრებაში. სახელმწიფო ბანკიდან უკანონოდ მოპოვებული და შემდეგ ლეგალიზებული ფულის ნაწილით გადახდილია გირაოს თანხა კორუფციაში მხილებული ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისთვის, რომელიც დაკავშირებულია "ენერგოატომიდან" განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებასთან.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ირინა მუდრას კვალზე ოპერაცია „ფორესტ გამპის" ფარგლებში გავიდა. მასთან კავშირში მყოფ კიდევ 11 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, მათ შორის არიან, რადას მოქმედი დეპუტატი, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო ბანკის მაღალჩინოსნები. ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ეჭვმიტანილების სახლებსა და ოფისებში. ბრალდებებს უარყოფს, თუმცა კორუფციული სკანდალის გამო, ირინა მუდრამ თანამდებობა უკვე დატოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მის მთავრობაში კორუფციასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი - ასეთია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის პოზიცია, რომელიც ზელენსკის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად სახელდება. საომარი მოქმედებების მიუხედავად, ფედოროვი უკრაინაში ახალ არჩევნებს ითხოვს და კორუფციაზე საუბრობს. ამბობს, რომ პოსტზე ყოფნის პერიოდში კორუფციის შედეგები საკუთარ თავზე გამოცადა.

კორუფციულ სკანდალს არა, მაგრამ არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ომის პირობებში საარჩევნო პროცესის წარმართვა შეუძლებელია.

ომის პარალელურად, ახლა ზელენსკის მთავარ შიდა გამოწვევად კორუფცია რჩება. ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის გარემოცვის არაერთი წევრი ფინანსურ მაქინაციებში ოფიციალურად ამხილა. მათ შორისაა ვოლოდიმირ ზელენსკის მარჯვენა ხელი და ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი ერმაკი, რომელიც მილიონობით თანხის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, ანტიკორუფციული სამსახური ანდრეი ერმაკის მიმართ სისხლის სამართლის კიდევ ერთ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×