რეზონანსი
23.08.2026

თეირანი ღიად დაემუქრა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის დაანონსებულ ეკონომიკურ სანქციებს მხარს დაუჭერს. თავად ვაშინგტონს კი შეუთვალა, რომ პასუხი დამანგრეველი იქნება. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკა ეკონომიკურ იზოლაციას არ შეეგუება.

ჰორმუზის სრუტე, რომლის ჩაკეტვასაც ირანი აანონსებს, შტატების პრეზიდენტმა უკვე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა ისიც, რომ აშშ-ს სრული კონტროლი აქვს მთელ იმ რეგიონზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა კი გარიგების დასადებად ჯერ მზად არ არის.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ეკონომიკური ომის პირობებში სპარსეთის ყურის ჩაკეტვას აპირებენ და იმუქრებიან, რომ ნავთობს აღარც ჰორმუზის სრუტეში გაატარებენ.

ამ ფონზე, ვაშინგტონი თეირანის იზოლაციის კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებს. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქვეყნის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მკაცრ ფინანსურ შეზღუდვებს აამოქმედებს, რაც თეირანის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს და ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებასაც შეამცირებს.

დაანონსებული სანქციების პარალელურად, ირანმა სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის წარმოება გააორმაგა. ამის შესახებ ქვეყნის მედია ირანის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს. ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკური ომის მთავარ ბერკეტად კი ჰორმუზის სრუტე რჩება. გასულ კვირას, ირანმა ერაყის რამდენიმე ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილების ნებართვა მისცა - მას შემდეგ, რაც შესაბამისი თხოვნით ბაღდადმა თეირანს მიმართა.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ირანმა რეგიონში ვაშინგტონის მოკავშირეებზე დარტყმებით და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით უპასუხა, აპრილში მოჰყვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადება და მოლაპარაკებების გაგრძელება. აშშ-ის მთავრობის მთავარი მოთხოვნაა, ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×