რეზონანსი
04.04.2021

ცხადია, როდესაც საქართველოს პარლამენტის 150-ადგილიან სხდომათა დარბაზში მხოლოდ 90–მდე თანაპარტიელი იკრიბება, ხოლო ამერიკელი „სტრატეგიული პარტნიორებიც“ და „ევროპელი მეგობრებიც“ ცარიელი სადეპუტატო სავარძლების 50–მდე ოპოზიციონერით შევსებას ცდილობენ, არ უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრი გვეყოლება თუ - 14. მით უმეტეს, რომ ისეთი პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიც მაგ., „უვადო უზენაესი მოსამართლის“ კანდიდატურის შერჩევაა, რატომღაც, საბჭოს 11 წევრის ხმაც არის საკმარისი... შესაბამისად, „უზენაესი კანონით“, დეპუტატთა სრული შემადგენლობის მესამედსაც კი შეუძლია კანონის მიღება, ხოლო მოსამართლის უვადოდ გამწესებისთვის „ხალხის რჩეულთა“ ხმების ნახევარიც კმარა... ამასთან, ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, რომლის კონსტიტუცია პარლამენტს აქვს მიღებული და არა - მოქალაქეებს...

ისიც ლოგიკურია, რომ „რეიტინგული“ ტელეარხები ასეთი უმნიშვნელო საკითხების გასაშუქებლად როგორ მოიცლიან, როდესაც, ხან პენსიონერთა ჯგუფი 87 წლის „ოკუპანტის“ მეთაურობით ცდილობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ხან პარტიული ლიდერები ოპონენტებს აგინებენ ან უხამს ჯესტს უჩვენებენ, ხან „ახალგაზრდა იურისტობის“ ასაკს აშკარად გადაცილებულ პოლიტიკოს ქალბატონებს უკონტროლებენ საძინებელს...

არადა, უზენაესი კანონის თანახმად, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რაც რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის გარეშე მხოლოდ ფიქციაა. სწორედ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭო (კიდევ კარგი, მასაც „უზენაესი“ არ დავარქვით...), ხოლო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა, კონსტიტუციითვე, განისაზღვრა 4 წლით.

მიუხედავად ამისა, ევროპული კავშირის მესვეურებიც უკვე ღიად მიგვანიშნებენ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაზე. ფაქტია ისიც, პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა (ჩუგოშვილი) დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მათი არჩევისას დაშვებული შეცდომები. ამასთან, იუს-ს მოსამართლე წევრმაც (შენგელია), ფაქტობრივად, დაადასტურა კულუარული გარიგების არსებობა, როდესაც სხდომაზევე განაცხადა, ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო... ბოლოს ლევან კობერიძემაც ბრძანა, „სასამართლო რეფორმა იუს-ს დაშლით უნდა დაიწყოსო“... არადა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე მესამე სასამართლო რეფორმის მეოთხე სტადიაზე („ტალღზე“) ვიმყოფებით...

გამოდის, რომ ქართველი პოლიტიკოსები დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, როდესაც თანამდებობას ან/და მმართველ პარტიას ტოვებენ. არადა, წლებია ვცდილობ, საზოგადოების ყურადღება იუს-ს არალეგიტიმურობას მივაპყრო: 

იუს-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძეს 23 მარტს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, თუმცა პარლამენტს მისი შემცვლელი ჯერ არ აურჩევია... არადა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებული „საახალწლო“ კონკურსი (საბუთების წარსადგენად მხოლოდ 10 დღე იყო გამოყოფილი...), რომელშივ ქადაგიძემ 90 ხმით „გაიმარჯვა“, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა...

 სარჩელის თანახმად, კონკურსი პარლამენტს უნდა გამოცხადებინა და არა - პარლამენტის თავმჯდომარეს (პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ შესაბამისი ბრძანება უნდა გამოეცა), „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმები შინაარსობრივად და რედაქციულადაც არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან (კონკურსის პირობა კანონს ეწინააღმდეგებოდა...), კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი არ წარუდგენია „შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოს“ (ამ „ორგანოს“ ხელძძღვანელმა წარადგინა...) და დოკუმენტურად არც ის დგინდებოდა, რომ მისი წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაცია „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“.

შედეგად იურისტი, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში, მათ შორის - უზენესში, საქმიანობდა იუს-ს „არამოსამრთლე წევრად“, როგორც დამოუკიდებელ ადვოკატთა წარმომადგენელი გამწესდა, თუმცა ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების (სსიპ) გამგეობის ნაცვლად, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა გაუწია რეკომენდაცია...

 ვინაიდან მომდევნო კონკურსებიც პარლამენტმა რეგლამენტისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპის აშკარა დარღვევით ჩაატარა, იმავე წელს, სასამართლოში კიდევ ორი ორი სარჩელი შევიდა, რომლებითაც იუს-ს დანარჩენი 4 არამოსამართლე წევრის გამწესების პროცედურების უკანონოდ ცნობა იყო მოთხოვნილი (ფაქტობრივად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მესვეურების მიერ წინასწარ შერჩეული პირები კონკურსის გარეშე გამწესდნენ თანამდებობებზე). სამივე საქმე, რატომღაც, ქუთაისში გადაიგზავნა, გაერთიანდა და თბილისიდან საგანგებოდ მივლინებულმა მისამართლემ ორი წლის შემდეგ განიხილა...

გასაგები მიზეზების გამო, მე–9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების 4- წლიანი ვადაც ისე ამოიწურა და გადაწყვეტილება უუნარო იუს-ს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები ისე გამწესდნენ „უზენაეს სასამართლოში“ (სხვათა შორის, ტოტალიტარიზმის ეპოქაში „უმაღლესი“ ერქვა...), რომ სასამართლოში 4 წლის წინ შესულ პირველ (ქადაგიძის) საქმეზეც კი საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოტანილი... (2019 წლის სექტემბრიდან საკასაციო საჩივარი „უზენაესში“ თაროზეა შემოდებული და უკვე რამდენიმე მოსამართლემ აიცილა...).

სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, პლუტოკრატიულ რეჟიმად რომ არ ჩამოვყალიბდეთ, პირველ რიგში, სწორედ პარლამენტის წევრებმა უნდა დაიცვან კანონები, მათ შორის - საკუთარი რეგლამენტი და მოსამართლეებმაც მხოლოდ კანონით უნდა იხელმღვანელონ. პარლამენტის რეგლამენტის (საკანონმდებლო აქტის) თანახმად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული იუს-ს წევრობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარედგინოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა (მუხლი 208.6). ამასთან, პარლამენტმა სასამართლოსაც განუსაზღვრა ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადა, რომელიც, ჩვეულებრივ, ორ თვეს, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, მაქსიმუმ, ხუთს (სსსკ, მუხლი 59). შესაბამისად, პარლამენტსაც და სასამართლოსაც იუს-ს წევრების გამწესებასთან მიმართებით კანონმდებლობა (მათ შორის, კონსტიტუცია) აქვთ დარღვეული...

ცხადია, იმ რეალობაში, რომელშიც საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმის გამო აღმოვჩნდით, აღარ უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა, მოსამართლეთა კორპორაციის („ოჯახის“, „კლანის“...) მესვეურებს იუს–ში 6 თუ 3 საკუთარი წარმომადგენელი ეყოლებათ არამოსამართლე წევრებად „ჩასმული“, მაგრამ მათაც (პოლიტიკოსებმაც, ჟურნალიტებმაც და მოქალაქეებმაც) მინდა შეიგნონ, რომ თუ საქართველოში სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარება ვერ ვისწავლეთ და „კანონის უზენაესობა“ ვერ უზრუნველვყავით, „სტრატეგიული პარტნიორტებიც“ უარს გვეტყვიან თანადგომაზე და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც აღარავინ გვაღიარებს…

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×