რეზონანსი
25.04.2021

2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა დ წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (ს ე მ ე კ-მა) ღია საჯარო სხდომაზე „თელასსა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაუდგინა. მართალია, ტარიფების ზრდა სხვა ქვეყნებთან შედარებით არც ისე მაღალია, საშუალოდ 3,5 თეთრი ერთ კილოვატსაათზე, ეს მაინცდამაინც სასიამოვნო საახალწლო მისალოცად არ ჩაითვალა. მდგომარეობა მთავრობამ გამოასწორა. მან, თვითონ მწირი ბიუჯეტის პატრონმა, მასზე უფრო შეჭირვებულ მოსახლეობას გულუხვი საახალწლო საჩუქარი გაუკეთა - კომუნალური გადასახადების ოთხი თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ხარჯი წინასწარ გადაუხადა.

გარდა ამისა, მთავრობა იმ მოქალაქეებს, რომლებიც 300 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ თვეში, გაზრდილი ტარიფით გამოწვეულ სხვაობას მთელი 2021 წლის განმავლობაში მთლიანად დაუფარავს. როგორც დადგენილებაში წერია, „დაუსუბსიდირებს“. ასე რომ, მოსახლეობა, რომელსაც იურისტებმა რატომღაც „საყოფაცხოვრებო მომხმარებლები“ შეარქვეს, პირველი მარტიდან ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი საფეხურების მიხედვით გადაიხდიან:

თბილისში - 101 კილოვატსაათამდე მოხმარებისას 18,041 თეთრს; 101-დან 301კვტ.სთ-მდე 22,053 თეთრს; 301 კვტ.სთ-დან ზევით 26,537 თეთრს.

რეგიონებში, საფეხურების მიხედვით - 1) 17,731 თეთრს. 2) 21,707 თეთრს. 3) 26,227 თეთრს. აქვე უნდა ითქვას, რომ „თელასის“ 502 847 „საყოფაცხოვრებო მომხმარებლიდან“ მხოლოდ 71550 ოჯა- ხი (მთელი აბონენტების მხოლოდ 14%) გადაიხდის ერთი შეხედვით ძვირ ( რატომ ერთი შეხედ- ვით ძვირს, ამას ქვემოთ მოგახსენებთ ) 26,5 თეთრიან ტარიფს. თბილისელების 28%-თვის (143230 ოჯახი) ტარიფი 18,04 თეთრია და დანარჩენი 57%-თვის (288000 ოჯახი) – 22,05 თეთრი. ეს ნიშნავს რომ საშუალოშეწონილი (და არა საშუალო) ტარიფი თბილისში 19,2 თეთრის ტოლია. თითქმის იდენტური ტარიფების მიუხედავად, რეგიონებისთვის, გადახდის თვალსაზრისით, მდგომარეობა უკეთესია. იქ დაფიქსირებული 1 136 900 აბონენტიდან მხოლოდ 76 850 (აბონენტე-ბის სულ 6,8% ) გადაიხდის მესამე საფეხურის 26,2 თეთრიან ტარიფს. ნახევარი მოსახლეობის -თვის, მცირემომხმარებელი (101 კილოვატსაათამდე) ფენისთვის - 581 840 ოჯახისთვის ტარიფი 17,7 თეთრია, ხოლო დანარჩენი 42%-თვის იგი 21,7 თეთრი იქნება. ამ მონაცემებით საშუალო შეწონილი ტარიფი რეგიონებში 18,6 თეთრი გამოვა.

ბევრია ეს თუ ცოტა, კარგია ეს თუ ცუდი, რამდენად ძვირია თუ იაფი ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში, ამის შესახებ დასაბუთებულად შეგვეძლება მსჯელობა სხვა ქვეყნების ტარიფების გაცნობის შემდეგ, რისთვისაც გთავაზობთ ევროპისა და მსოფლიოს 100 ქვეყნის ტარიფს ქართულ ვალუტაში გადმოყვანილს (1 ევროცენტი 3,96 თეთრი; 1 აშშ ცენტი - 3,2 თეთრი), მეათედ თეთრამდე დამრგვალებულს, აღსაქმელად რომ უფრო ადვილი იყოს.

როგორც პირველი ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, ჩვენთან, საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ტარიფი საკმაოდ დაბალი ყოფილა. უფრო მეტიც - საქართველოს, უკრაინასთან ერთად, ბოლო ადგილი უკავია ევროპაში ელექტროენერგიის ტარიფის სიძვირით. სხვა სიტყვებით - მთელ ევროპაში, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი ტარიფი საქართველოშია.

„გლობალ ენერჯი პრაისის“ მონაცემებით (ცხრილი 2) დანარჩენ მსოფლიოში ელექტროენერგიის ტარიფების მხრივ მდგომარეობა ასეთია; გაეროს მიერ ოფიციალურად აღიარებული 194 სახელმწიფოდან 167-ში ( ქვეყნების 86%-ში ) ელენერგიის ტარიფი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.

საქართველოზე იაფი ტარიფი აქვს ლიბიას ,ირანს, ეთიოპიას, ქუვეითს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ყაზახეთს, ანგოლას, სურინამს, ერაყს, ყატარს, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და ნავ- თობითა და გაზით მდიდარ კიდევ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ქვეყანას, სადაც ტარი-ფები სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულია. 

რაც შეეხება „ერთი შეხედვით ძვირ“, 26.5 თეთრიან ტარიფს, თუ მას ევროპის ქვეყნე-ბის ტარიფებს შევადარებთ: გერმანია - 120,5 თეთრი; დანია -112,2; ბელგია - 110,6; ირლან- დია - 95,5; ესპანეთი -88,7; პორტუგალია - 84,0; ავსტრია - 83,2 და ა.შ., მეორე შეხედვით 26,5 თეთრი, შესაძლებელია, ძვირად აღარ მოგვეჩვენოს. 

„მაგრამ იქ ხელფასები აქვთ მაღალი!“ - მესმის მკითხველის ემფატიური აღშფოთება. და მართალიცაა, „იქ“ ხელფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში, თუმცა, თუ იმასაც გავაანალიზებთ, რატომ აქვთ „იქ“ ხელფასები მაღალი და „აქ“ - დაბალი, ვფიქრობ, ჩვენი აღშფოთება ცოტას დაიკლებს.

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლების“, იგივე „აბონენტების“, იგივე მოსახლეობის სა- ყურადღებოდ უნდა ვთქვა რომ ელექტროენერგიის ტარიფები ხელფასების დონის შესაბამი -სად არ დგინდება. მთელ მსოფლიოში ტარიფების გაანგარიშებას საფუძვლად სრული ღირებულების პრინციპი უდევს. ტარიფი არის ისეთი, როგორიც არის ელენერგიის წარმოებისა და მოსახლეობასთან მისი მიტანის სრული დანახარჯები, გადასახადების ჩათვლით. ჰიდრო, თბო, მზის თუ ქარის სადგურებში ნაწარმოები ელექტროენერგია მომხმარებლებამდე რომ მივიდეს, მან უნდა „გაიაროს“ ათასობით კილომეტრი მაღალი და დაბალი ძაბვის სადენი და კაბელი, ასეულობით ქვესადგური, სატრანსფორმატორო პუნქტი და ჯიხური, გარდაიქმნას მომხმარებლისთვის გამოსაყენებელ დენად და უსაფრთხოდ მიეწოდოს მას, რასაც საქართვე- ლოში ყოველდღიურად ათი ათასზე მეტი ადამიანი ემსახურება შესაბამისი ანაზღაურებით. აქვე შეგახსენებთ, რომ არც თუ იშვიათად პროდუქციის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ხარჯები რამდენჯერმე აღემატება მისი წარმოების ღირებულებას - ასეთია ეკონომიკა და ეს წესი ენერგეტიკაზეც ვრცელდება. ამიტომ ღირს ელექტროსადგურებში „იაფად“, 5-10 თეთრად წარმოებული ელექტროენერგია სახლში მოტანილი „ძვირი“, 18-დან 26,5 თეთრამ-დე (როგორც აჭარაში ერთ ლარად მოწეული ციტრუსი ღირს თბილისში ჩამოტანილი 4 ლარი, ოთხჯერ მეტი მისი მოვლა-მოყვანის ღირებულებასთან შედარებით).

ტარიფები მოსახლეობის შემოსავლებისა და ხელფასების მიხედვით რომ დგინდე-ბოდეს, საქართველოზე 3-4-ჯერ უფრო ღარიბ ქვეყნებში, როგორიცაა ნიკარაგუა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე 1910 აშშ დოლარია (საქართველოში -4770 $ ), კენია - 1820 $, მალი - 890 $, რუანდა - 800 $, უგანდა - 780 $ და ა.შ., ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში მოქმედ ტარიფზე დაბალი უნდა იყოს, მაშინ როცა ამ ქვეყნებში ის 3-4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან: ნიკარაგუაში - 70.0 თეთრი; კენიაში - 64.3; მალიში - 74.6; რუანდაში - 83.0; უგანდაში - 73.3 და ა.შ.

ელექტროენერგიის მოხმარების ქართული ტარიფები ევროპულთან შედარებით ისე დაბალია, მთელ ევროპაში ბედის უკუღმართობით მიმოფანტულ ქართველებს („ხალხს, სწორუპოვარ პოეზიის ძველთაგან პატრონს!“) სუფთა სინდისით შეუძლიათ ჩაუღიმილონ თავიანთ მასპინძლებს - „ჩვენი ტარიფი თქვენსას ჯობია...“. შესაძლოა, ევროპელებმა ქართული იუმორი სათანადოდ ვერ დააფასონ, მაგრამ, ვფიქრობ, მეტი პატივისცემით განიმსჭვალებიან ქვეყნისადმი, სადაც „დიდ“ ჰესებს ებრძვიან, „პატარებს“ არ აშენებინებენ, „დენი“ კი მაინც აქვთ, თან 24 საათის განმავლობაში და თან 6-7 აშშ ცენტიანი, როცა მათ ყველანაირ- ჰესებიან სამშობლოში 35-40 ცენტს ახდევინებენ ერთ კილოვატსაათში.

მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, დაბალი ტარიფი ჯობს მაღალს, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ დაბალი ტარიფი ელექტროენერგიისა და მისი მიწოდება - მომსახურების მაღალ დონეს ვერ უზრუნველყოფს. ელენერგიის დაბალი ტარიფი პირდაპირ მიუთითებს, რომ დარგის განვითარებაში საჭირო რაოდენობის ინვესტიციები არ იდება და ინვესტორებსაც უკარგავს სტიმულს ქვეყანაში შემოსასვლელად. გამართული ენერგეტიკა კი იმდენად ძვირი სიამოვნებაა, დამოუკიდებლად, სხვა ქვეყნებიდან მოზიდული ინვესტიციების გარეშე მისი შენარჩუნება და განვითარება საქართველოზე გაცილებით ძლიერ და მდიდარ ქვეყნებსაც უჭირთ.

არაერთხელ ითქვა, რომ ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკისა და კეთილდღეობის საფუძველია. რაც უფრო მეტ ელენერგიას აწარმოებს და მოიხმარს ქვეყანა, მით უფრო განვითარებულია იგი. ეკონომიკის ბევრი ექსპერტის აზრით, ენერგომოხმარების დონე და დინამიკა ეკონომიკური განვითარების გაცილებით ადეკვატური მახასიათებელია, ვიდრე მშპ-ს მაჩვენებელი. რომელი ქვეყნები გამოირჩევიან ცხოვრების მაღალი დონით მსოფლიოში? ისინი, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მეტი მოხმარება მოდის: 1. ისლანდია - 52 000 კილოვატსაათი; 2.ნორვეგია - 23 000; 3. კუვეიტი - 18 000; 4. კანადა - 16 000; 5.ყატარი - 16 000; 6. ფინეთი -15 700; 7. ლუქსემბურგი -15 500; 8.შვედეთი -14 000; 9.აშშ -13 000; 10. ემირატები - 10 600; 11. ავსტრალია - 10 500... 13. სამხრეთ კორეა -10 000... 17. სინგაპური - 8 500; 18. ავსტრია - 8 500; 19. ბელგია - 8 000; 20. საუდის არაბეთი - 8 000; 21. შვეიცარია - 8 000; 22. იაპონია - 8 000; 23. საფრანგეთი - 7 500; 24. გერმანია - 7 000; 25. ნიდერლანდები - 7 000... 30. ჩეხეთი - 6 300 და ა. შ... 50. სერბეთი - 4 500. 

ზემოჩამოთვლილი ყველა ქვეყანა და სამი ამდენი ჩამოუთვლელი მნიშვნელოვნად გვისწრებს ცხოვრების დონით. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით საქართველო107-ე ადგილზეა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის 50 ქვეყანას შორის ყველაზე იაფი ტარიფი ჩვენ გვაქვს, ერთ სულ მოსახლეზე ელენერგიის მოხმარებით (3000 კვტ.სთ წელიწადში) ბოლო ადგილი გვიკავია ბებერ კონტინენტზე, რაც ჩვენი ეკონომიკური სიდუხჭირის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია.

დასკვნა მარტივია: გვექნება მეტი ენერგია - გვექნება უკეთესი ცხოვრება; არ გვექნება მეტი ენერგია, არ გვექნება უკეთესი ცხოვრება. ამიტომ ვერ ვგულშემატკივრობ რიონის ხეობის მცველებს მათ ეკოლოგიურ სენტიმენტებში.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლებს თავის კეთილ განზრახვაში ალბათ ისევე არ ეპარებათ ეჭვი, როგორც ოთხმოცდაათიან წლებში ხუდონჰესის წინააღმდეგ გალაშქრებულ პროფესორ მ. ღოღობერიძეს, ზურაბ ჟვანიას „მწვანეებს“ და მათ მომხრეებს, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? - თხუთმეტწლიანი უშუქობა, ეკონომიკური კოლაფსი და ტარიფის ზრდა. გაუაზრებელ, ბოლომდე გაუცნობიერებელ კეთილ სურვილებს ხშირად არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე წინასწარგანზრახულ ბოროტებას.

მაღალკაშხლიანი, დიდი სიმძლავრის მქონე მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც ელექტროენერგიას განსაკუთრებით საჭირო დროს, ე. წ. დილის და საღამოს „პიკებში“ გამოიმუშავებენ, როგორც წესი, მდინარის ხეობებში შენდება, სადაც მდინარის ორივე მხარეს მაღალი მთები უნდა იყოს. სხვანაირად დიდი სიმძლავრის ენერგიის მი-საღებად საჭირო წყლის საკმარისი მოცულობა ვერ დაგროვდება. ასეთი, მაღალკაშხლიანი ჰესების მშენებლობისას ბუნებას გარკვეული ზიანი ყველა ქვეყანაში ადგება, ეს ცნობილი ამბავია. მთავარია, მიუკერძოებლად შეფასდეს ზიანისა და სარგებლის მასშტაბები და გადაწყვეტილება ისე იქნას მიღებული. დაფინანსებულ და დაწყებულ მშენებლობას კი არსად არ აჩერებენ, ხოლო მშენებლობის არეალში მოქცეულ მოსახლეობას მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი ღირსეულად რომ უნდა აუნაზღაურდეს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

რა თქმა უნდა, ბუნების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია, ტყე უნდა შევუნახოთ და დავახვედროთ შვილებს, შვილიშვილებს და შემდგომ თაობებსაც, მაგრამ ერთი უკიდურესო-ბიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ. შვილებს და შვილიშვილებს ნორმალური ცხოვრება არ უნდა დავახვედროთ?

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას - რამდენი ჰესიც არ უნდა აშენდეს, იმის პირობას რომ მომავალში ტარიფების დღევანდელი დონე შენარჩუნდება ან შემცირდება, ვერავინ მოგცემთ. ტარიფი, როგორც წესი, ყველგან და ყოველთვის იზრდება, ასეთია მისი ბუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად და სწრაფი ტემპებით რომ არ გაიზარდოს, ამისთვის რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგური, „დიდიც“ და „პატარაც“, უნდა აშენდეს ეკოლოგიური მოთხოვნების მაქსიმალური დაცვით და რაც შეიძლება მალე (მზისა და ქარის სადგურები ჰესების საპირწონედ ვერ გამოდგება მათი მცირე სიმძლავრეების, სიძვირისა და არასტაბილურობის გამო. ჰესების ალტერნატივა საქართველოში თბო და ატომური სადგურები შეიძლება იყოს მხოლოდ. გვინდა?! რაც შეეხება „მწვანე წყალბადზე“ მომუშავე ახალ, მაღალტექნოლოგიურ ელექტროსადგურებს, მათ აშენებამდე ქართული მდინარეების ბევრი წყალი ჩაივლის უსარგებლოდ ). 

ცნობისთვის: ჩვენისთანა მცირეტერიტორიან და ლამაზბუნებიან შვეიცარიაში, სადაც ბუნებას ფანატიკურად უფრთხილდებიან, 638 ჰიდროელექტროსადგურია აშენებული. მათ შორის ბევრი გაცილებით მაღალკაშხლიანი, ვიდრე ნამოხვანშია გათვალისწინებული.

საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი დღითიდღე შესამჩნევი ხდება.2020 წელს ქვეყანაში მილიარდ ექვსასი მილიონი კილოვატსაათის იმპორტი განხორციელდა, რაც უარყოფითად აისახა ტარიფზე. თუ ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეები არ აშენდა და ელენერგიის წარმოება არ გაიზარდა, საბაზრო ეკონომიკის ლოგიკა მარტივია - თავისუფალ ბაზარზე საქონლის ფასი მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით ყალიბდება. წარმოების (გენერაციის, ენერგიის მიწოდების) უცვლელობისა და მოხმარების (მოთხოვნის) ზრდის პირობებში ფასი ელექტროენერგიაზე გაიზრდება. ეს იმიტომ შეგახსენეთ რომ ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის თანახმად 2021 წლის 1 ივლისიდან ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე ფასებს (ტარიფებს) სემეკი აღარ დაადგენს. ფასები ჩამოყალიბ- დება ამისთვის სპეციალურად შექმნილ ელექტროენერგიის ბირჟაზე, თავისუფალ ბაზარზე, მოთხოვნა-მიწოდების რაოდენობების მიხედვით. რაც უფრო მეტი ელექტროენერგია გავა ბირჟაზე გასაყიდად, მით მეტი შანსი იქნება დაბალი ფასი დაფიქსირდეს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტზე - ელეტროენერგიაზე და პირიქით, ბირჟაზე ელექტროენერგიის ნაკლებობისას ვერც ენერგიის ფასისა და ვერც სამომხმარებლო ტარიფის ზრდას ვერაფერი შეაჩერებს. 

ენერგეტიკა რთული, კომპლექსური დარგია. ის მრავალმხრივ ღრმა ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, რაც რიგით, არასპეციალისტ მოქალაქეებს, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ექნებათ. ამიტომ, მასების გადასაწყვეტი არაა სად რა ენერგეტიკული ობიექტი აშენდება. ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს პრეროგატივაა.

კითხვები ყველაფრის შესახებ შეიძლება დაისვას, მათ შორის, უპირველესად, კაშხლის უსაფრთხოებაზე, მაგრამ რატომღაც არ მჯერა ინვესტორი იმიტომ აბანდებდეს 800 მილიონ დოლარს უცხო ქვეყანაში, რომ მერე რიონის წყალს და მეწყერს გაატანოს იგი.

თუ ხელისუფლება თავის დროზე არ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებებს, შემდგომში მათი გამოყენება დანაშაულადაც კი შეიძლება შეფასდესო, თქვა ერთმა ბრძენმა ინგლისელმა სამასი წლის წინ.

თუ ხელისუფლება დროზე არ გამოიყენებს თავის უფლებებს და არ შეაჩერებს მოსახლეობის გაუგებარ აგრესიას „დიდი“ და „პატარა“ ჰესების წინააღმდეგ, არც ისე დიდი ხნის შემდეგ არამც თუ დღევანდელი ტარიფები გვექნება მოსანატრებელი, 90-იანების სიბნელე მართლაც „ძუ მგელივით მოგვიხტება“, ხოლო უშუქობის ტალღაზე მოსული ახალი ხელისუფლება წინამორბედს გვიან გამოყენებულ უფლებებს სერიოზულ დანაშაულად ჩაუთვლის.

როგორც იტყვიან, არაფერი პირადული ხელისუფლებასთან. არც ხეობელებთან. ეს სტატია ტარიფს ეხება, მის აწმყოს და მომავალს.

P.S. ტექსტში გამოყენებული პოეტური სტრიქონები ეკუთვნის მურმან ლებანიძეს, ოთარ რამიშვილს და ლადო ასათიანს. ბრძენი ინგლისელის გვარი კი ჰობსია, თომას ჰობსი. მას ხელისუფლებები, როგორც წესი, უჯერებდნენ. 

გიორგი თავაძე

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×