კახა კალაძეს ვეტერანი ფეხბურთელების ტურნირის ჩატარებას ურჩევენ
რეზონანსი
06.06.2021

დიდი ხანია რაც ფეხბურთი მთელ მსოფლიოში პოლიტიკის რანგშია აყვანილი და ე. წ. სახალხო დიპლომატიის ყველაზე ეფექტურ საშუალებასაც წარმოადგენს. ამასთან, ფაქტობრივად, შეიარაღებული კონფლიქტების დროსაც კი შეუძლია დაპირისპირებული მხარეების შერიგება, რისი მკაფიო მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი და ინგლისელი ჯარისკაცების „საშობაო დაზავებაა“...

სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს უკვე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილია რუსეთის მიერ ოკუპირებული და სხვა ყოფილი „მოძმე რესპუბლიკებიც“ (აზერბაიჯანი და სომხეთი) იარაღით დაუპისპირდნენ ერთმანეთს, რაც არ შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვალოს და დიდხანს გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, სამართლიანობის აღდგენასა და ხალხთა შორის მშვიდობის დამყარებაში ვეტერან ფეხბურთელებსაც („სახალხო დიპლომატებს“) შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, მითუმეტეს, რომ მათი უფროსი თაობაც (ალბათ, „პირველი მერცხლებიდან“ დაწყებული... ) ამას წარმატებით ახერხებდა. 

საქართველოს, უკრაინის, მოსკოვისა და პეტერბურგის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებების ტურნირი („ვეტერანთა თასი“) პირველად 1971 წლის 26–27 ივნისს პეტერბურგში გაიმართა (ინფორმაცია და ფოტოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც უნდა ინახებოდეს). ჩვენი გუნდის მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციას ლეგენდარული ბორის პაიჭაძე ასრულებდა, ხოლო შემადგენლობაში იყვნენ იმ დროისთვის ყველაზე ავტორიტეტული ვეტერანი ფეხბურთელები (ანთაძე, გაგუა, სიჭინავა, კალოევი, მახარაძე და სხვები). საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ მის შემადგენლობაში მართლაც ნამდვილი ვეტერანები იყვნენ წარმოდგენილი (უმრავლესობა 35 წელს, ხოლო ზოგიერთი კი 45–ს გადაცილებულები), ხოლო სხვა გუნდებში 30–დან 35 წლამდე მოთამაშეეები ჭარბობდნენ. ფაქტია, რომ სტადიონი თითქმის სავსე იყო. ქართველიც ბევრი დაესწრო, თუმცა ჩვენმა გუნდმა ინდივიდუალიზმისა და ტექნიკის წყალობით სხვა გუნდების გულშემატკივართა სიმპატიებიც დაიმსახურა, რომლებიც ჩვენი გუნდის მიმართ ტაშს არც პირველ თამაშში იშურებდნენ, ხოლო მეორეში, აშკარად, საქართველოს ნაკრებს ქომაგობდნენ...

დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის მოყვარულებს გაუხარდებათ, თუ თბილისის მერი ითავებს „ვეტერანთა თასის“ 50 წლისთავის აღსანიშნავად მსგავსი ტურნირის („ვეტერანთა, თბილისის ან კავკასიის თასის“) თბილისში 2021 წელს გამართვას (თუნდაც ზაფხულსივე ან შემოდგომით) და მასში მონაწილეობის მისაღებად უკრაინისა და რუსეთის (ან კიევის, მოსკოვისა და პეტერბურგის) ვეტერან ფეხბურთელებს მოიწვევს. არ იქნებოდა ურიგო, თუ ამ ტურნირში მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის) ან მათი დედაქალაქების ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. 

უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლებოდა, მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის (ან თბილისისა და კიევის „დინამოს“) ვეტერანი ფეხბურთელები მხოლოდ ერთ მატჩში შეხვედროდნენ ერთმანეთს. ამასთან, მართალია, პეტერბურგში (ლენინგრადში) ტურნირი სტანდარტული ზომის მინდორზე ჩატარდა, თუმცა, თბილისში, შეიძლებოდა, პაექრობა ე. წ. მინი ფეხბურთის ფორმატში ან/და დახურულ სივრცეშიც გაგვემართა (ვაკის სტადიონზე ან თუნდაც, სპორტის სასახლეში). სასურველია, მონაწილეთა ასაკიც წინასწარვე განსაზღვრულიყო (მაგ., არანაკლებ 35–40 წელი).

აღსანიშნავია, რომ აფიშაზე (ორიგინალი 60 სმ X 84 სმ–ზეა) ტურნირის ორგანიზატორად ლენინგრადის აღმასკომის (მერიის) სპორტის კომიტეტია მითითებული. ამდენად, გონივრული იქნება, თუ თბილისშიც ვეტერან ფეხბურთელთა შეხვედრის ინიციატორი დეადაქალაქის მერია იქნება, ხოლო მისი შესაბამისი სამსახური ტურნირის გამართვის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს. შეიძლება, ვეტერანთა ტურნირის ჩატარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც და ბათუმის მერიამაც ითავონ და ის ბათუმის ახალგახსნილ სტადიონზეც ჩაატარონ, მაგრამ ვინაიდან დედაქალაქის მერი პოპულარული ფეხბურთელია, მერჩივნა ვეტერანთა პაექრობა თბილისში გამართულიყო და საქართველოს ნაკრები ან თბილისის „დინამო“ მოედანზე კახა კალაძეს გაეყვანა (უკრაინელები კი მის მეგობარ შევჩენკოს). 

ის გარემოება, რომ 50 წლის წინანდელ აფიშაზე ტურნირის ზოგიერთი მონაწილის ხელმოწერაა (მათ შორის, ბორის პაიჭაძის და ოკუპირებულ კიევში 1943 წელს გამართული „სიკვდილის მატჩის“ მონაწილე გონჩარენკოსი), დარწმუნებული ვარ, მას ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის სანუკვარ რელიკვიად აქცევს. ამდენად, კარგი იქნებოდა, თუ აფიშით, რომელიც ტურნირის ერთ–ერთი მონაწილის ოჯახში ინახება, საქართველოს სპორტის სამინისტრო ან ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესდება და მას სპორტის ან ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მუზეუმში გამოფენს. 

ავთანდილ კახნიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×