რეზონანსი
12.09.2021

ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს წარმოადგენს მცირერიცხოვან ერს, ისიც კარგად ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1991 წელი) დღემდე მნიშვნელოვნად გაუარესდა ქვეყნის საერთო დემოგრაფიული მდგომარეობა. მოსახლეობის ნაწილი საერთოდ გადაიხვეწა ქვეყნიდან, რათა მინიმალურად მაინც დაეკმაყოფილებინა მათი ოჯახების წინაშე არსებული სოციალური (სწავლა-განათლება, ჯანმრთელობა და სხვა სოციალური მიმართულება) მოთხოვნილებები. გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნიდან გასული მოსახლეობის 80% წარმოადგენდა შრომისუნარიან მოქალაქეებს, ამან წინა წლებში მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც გამოიხატა რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის და მწარმოებითი სექტორის მოცულობის შემცირებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები (მთლიანირეალური შიდა პროდუქტი, უმუშევრობის დონე, ინფლაცია, რეალური ხელფასი, ჯინის კოეფიციენტი და სხვა) გაუარესებულია დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არსებულ პერიოდთან (1989-1990 წწ) შედარებით,ჯერ კიდევ არსებობსშანსი იმისა, რომ მთავრობის მიერ მიღებულ იქნას ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ისეთი ეროვნული ეკონომიკური დოქტრინა, რომელიც სწრაფად გამოიყვანს ქვეყანას შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. ასეთი დოქტრინის მიღების პოტენციალი ქვეყანას ნამდვილად გააჩნია, რადგანაც ქვეყანაში არსებობს მდიდარი ინტელექტუალური და ბუნებრივი რესურსი, ამას ემატება ასევე კარგი გეოეკონომიკური მდებარეობა. ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს მნიშვნელოვანი პოტენციალი ახლანდელი და მომავალი თაობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისუზრუნველსაყოფად.

საჭიროა აღინიშნოს, რომ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს მნიშვნელოვნად ართულებს მსოფლიო პანდემიით შედეგად მოსახლეობის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

წარმოდგენილი მონაცემებიდან კარგად სჩანს, რომ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდთან (1991) შედარებით 1.7 მილიონი ადამიანით შემცირდა. მოსახლეობის ასეთი შემცირება პირდაპირპროპორციულად აისახა ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაზე და მშპ-ის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. საჭიროა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივაში არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს მაკროეკონომიკური პარამეტრები, იმ მნიშვნელოვან დანაკლისს რაც ქვეყანამ განიცადა 1991 წლიდან, მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის გამო, ვერასოდეს ავინაზღაურებთ. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს, ის, რომ გაეროს და საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის მკვლევარების ნაშრომებით ირკვევა, რომ თუ არ შეიცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა, რაც ძირითადად ეკონომიკის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული, მაშინ უახლოეს ოც წელიწადში ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც ეროვნული ტრაგედიის ტოლფასი მოვლენა იქნება.

მას შემდეგ რაც გავრცელდა კოვიდვირუსი, გაურესდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაიზარდა გარდაცვალების ფაქტებიც. საინტერესო სურათს ვღებულობთ თუ განვიხილავთ კოვიდის გავრცელებამდე და კოვიდის გავრცელების შემდეგ საქართველოში ადამიანების დაბადების და გარდაცვალების მონაცემებს.

წარმოდგენილი მონაცემებით ირკვევა, რომ 2018 წელს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. შობადობამ 4614 ერთეულით გადააჭარბა აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირებულ მოკვდავობას. უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა ასევე 2019 წელს და მან 1638 ერთეული შეადგინა. 2020 წელს კი მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა და მოსახლეობის მოკვდავობის მაჩვენებელმა 4017 ერთეულით გადააჭარბა შობადობის მაჩვენებელს. აღნიშნული მონაცემები ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა მნიშვნელოვან ნეგატიურ მონაცემს წარმოადგენს და სასწრაფოდ რეაგირებას საჭიროებს ქვეყნის ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლებების დონეზე, რათა შექმნილმა მდგომარეობამ მომავალ წლებში არ მიიღოს ტენდენციური ხასიათი. 2021 წლის განვლილი პერიოდის (იანვარ-ივლისი) სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა გვიჩვენა, რომ 2020 წელს დაწყებული უარყოფითი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება, აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეების გარდაცვალები მაჩვენებელი 3985 ერთეულით აჭარბებს შობადობის მაჩვენებელს. რაც უკვე კრიტიკული მაჩვენებელია და 2021 წლის გასულ 7 თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი (3985 ადამიანი) თითქმის გაუტოლდა 2020 წლის წლიურ მაჩვენებელს (4017 ადამიანი ).

წარმოდგენილი მონაცემებით ირკვევა, რომ 2014 წელს საქართველოში საშუალო დღიურმა გარდაცვალებამ შეადგინა 134 ადამიანი, 2015 წელს--135 (ზრდა 1 ადამიანი 2014 წელთან შედარებით), 2016 წელს--139 ადამიანი (ზრდა 4 ადამიანი 2015 წელთან მიმართებაში), 2017 წელს-131 ადამიანი (კლება 8 ადამიანი 2016 წელთან შედარებით), 2018 წელს 127 ადამიანი (კლება 4 ადამიანი 2017 წელთან მიმართებაში), 2019 წელს--128 ადამიანი (ზრდა 1 ადამიანი 2018 წელთან მიმართებაში), 2020 წელს--138 ადამიანი (ზრდა 10 ადამიანი 2019 წელთან მიმართებაში), 2021 წლის განვლილ იანვარ-ივლისის პერიოდში საშუალო დღიურმა გარდაცვალებამ შეადგინა 140 ადამიანი, რაც 2 ერთეულით გაზრდილია 2020 წელს დაფიქსირებულ საშუალო დღიურ მონაცემთან და 12 ერთეულით გაზრდილია 2019 წლის საშუალო დღიურ მონაცემთან მიმართებაში.

2019-2020 წლების და 2021 წლის იანვარ-ივლისის დღიური გარდაცვალების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის ნოემბერში მნიშვნელოვნადაა შეცვლილი გარდაცვალების ყოველდღიური ტრენდი. კერძოდ: 2020 წლის ნოემბერში საშუალო დღიურმა გარდაცვალებამ შეადგინა 200 ადამიანი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში--211 ადამიანი.მოქალაქეთა დღიური გარდაცვალების კუთხით კლების ტენდენცია შეინიშნება 2021 წლის იანვრიდან. კერძოდ: იანვარში საშუალო დღიური გარდაცვალებაა-163 ადამიანი, თებერვალში და მარტში-137 ადამიანი, აპრილში 136 ადამიანი, მაისში-144, ივნისში--134 და ივლისში კი--131 ადამიანი. როგორც ირკვევა 2021 წლის იანვარ-ივლისში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან (კოვიდამდე არსებული პერიოდი) მიმართებაში მნიშვნელოვანი ზრდაა მოქალაქეების გარდაცვალების კუთხით, ეს ზრდა განსაკუთრებიით შესამჩნევია 2021 წლის მაის-ივლისის პერიოდში.

ცხრილ №5-ში მოცემულია 2018-2020 წლებში საქართველოში ყველაზე გავრცელებული ავადმყოფობით გარდაცვლილთა სტატისტიკური მონაცემები. წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობით 2020 წელს 678 ადამიანით მეტი გარდაიცვალა 2019 წელთან შედარებით და 577-ით მეტი 2018 წელთან მიმართებაში. ცერებროვასკულარული ავადმყოფობებით 2020 წელს 1267 ადამიანით მეტი გარდაიცვალა 2019 წელთან შედარებით და 801-ით მეტი 2018 წელთან მიმართებაში. 2020 წელს პნევმონიით 1242 ადამიანით მეტი გარდაიცვალა 2019 წელთან შედარებით და 894-ით მეტი 2018 წელთან მიმართებაში. ხოლო რაც შეეხება ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა მონაცემებს, 2020 წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ შეადგინა 2587 ადამიანი, ანუ 2020 წლის პერიოდში დღიურად COVID-19-ით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობაა დაახლოებით 7 ადამიანი.

რეკომენდაციები და შესაბამისი წინადადებები

1. სასურველია COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას მიეთითოს რამდენ პროცენტს შეადგენს კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა,საქართველოში დღიურადგარდაცვლილ ადამიანებთან მიმართებაში. ამის მითითების შემდეგ მოქალაქეებს სრული წარმოდგენა შეექმნებათ კოვიდით გარდაცვლილ პირთა რიცხოვნობის ზრდის შესახებ;

2. არსებული გლობალიზმის პირობებში გავრცელებული მსოფლიო პანდემია უდიდეს საფრთხეს უქმნის განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. თუ მთავრობამ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად სწრაფად არ მიიღო კოვიდპანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების ეროვნული დოქტრინა, ქვეყანას უახლოეს წლებში მოუწევს ,,ვალების ეკონომიკით“ ცხოვრება, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს გაუარესებულ დემოგრაფიულ და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას;

3. ეროვნული ეკონომიკის აღორძინების მიზნით, მთავრობის მიერ უნდა მოხდეს ქართველ მეცნიერთა მიერ შემუშავებულისტრატეგიული გეგმა-პროექტებისსწრაფი განხილვა და მათი პრაქტიკაში რეალიზება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების მიმართულებით რეფორმების გატარებას. ქვეყანამ უნდა გადადგას ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოქალაქეების ,,სასურსათო უსაფრთხოების“ უზრუნველყოფის მიმართულებით;

4. გამომდინარე იქედან, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია როდის დასრულდება მსოფლიო პანდემია(პანდემიის დასრულების პერიოდათ საერთაშორისო ორგამიზაციების მიერ სახელდება 2024 წელი), ამიტომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა მოცულობის იქნება პანდემიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანის ოდენობა. მოსალოდნელია,ასევე რომ პანდემიამ იცვალოს სახე და ის უფრო დამანგრეველი ფორმით მოევლინოს მსოფლიოს. ამიტომ ქვეყნის ყველა რესურსი (ბუნებრივი, ფინანსური, ინტელექტუალური, მეცნიერული) გამოყენებულ უნდა იქნეს მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. გაწერილი უნდა იყოს სპეციალურ პროგრამებში როგორი უნდა იყოს ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი ბიუჯეტების სტრუქტურა და რას ვაკეთებთ კოვიდპანდემიის შედეგად ეკონომიკის და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში;

5. სწრაფად უნდა მოხდეს იმ მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირება, რომელიც აწმყოში და მომავალში მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას;

6. ქართველი მეცნიერ-მკვლევარების უშუალო მონაწილეობით უნდა მოხდეს არსებული დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელოვანი კორექტირება, რათა გატარდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც უახლოეს პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას;

7. კოვიდპანდემიის შედეგად წარმოქმნილი ნეგატიული პროცესების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, მოსახლეობას სისტემატურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე გასატარებელი ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ;

8. კოვიდპანდემია დღის წესრიგში აყენებს მსოფლიოს მოსახლეობის ქცევის წესების შეცვლის გარდაუვალ აუცილებლობას, უკვე იკვეთება, რომ მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება, როგორც კოვიდპანდემიამდე იყო, ამიტომ საჭიროა მთავრობის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების მტკიცე ერთიანობა, რათა ქვეყნის ადათ-წესების და ტრადიციების შენარჩუნების, ასევე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ იქნას ისეთი ერთობლივი გეგმა-პროექტები, რომელთა ცხოვრებაში გატარება სწრაფად გააუმჯობესებს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე უზრუნველყოფს პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სექტორების სწრაფ რეაბილიტაციას;

ბორის ჭიჭინაძე

ეკონომიკის დოქტორი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×