თამთა ჩაჩანიძე
26.10.2020

ქვეყანაში პანდემიური სიტუაცია უკვე საგანგაშოა, დიდ ქალაქებში შემთხვევათა დღიური მაჩვენებელი უკვე ისეთ ნიშნულზეა, რომ საზოგადოების ნაწილის აზრით მკაცრ საერთო შეზღუდვებსაც საჭიროებს, თუმცა, მთავრობა ჯერჯერობით ასეთი რეგულაციებისგან თავს იკავებს. „როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, საქართველომ უკვე ე.წ. წითელ ზონაში გადააბიჯა.

„ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში". ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ.

„როდესაც „ყვითელ" და „ნარინჯისფერ ზონაში" გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას იქნება, მან საზოგადობას მოუწოდა, რომ სლოგანი „დარჩი სახლში" რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანონ.

ორშაბათს კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში კი მაჩვენებელი 30 ათასს გადასცდა, საგანგაშოა გარდაცვლილთა სტატისტიკაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში 14 პაციენტია გარდაცვლილი, მთლიანობაში საერთო რიცხვი 215-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ახალ შემთხვევათაგან ყველაზე მეტი-913 თბილისში დაფიქსირდა, 337-იმერეთი, ხოლო 296-აჭარა.

როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, მისი აზრით საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ტაქტიკა ასეთია, რომ წერტილოვანი შეზღუდვებისა და საზოგადოების მაღალი თვითშეგნების ფონზე სიტუაციის დარეგულირება მოხდეს.

"გარკვეულწილად რაღაც შეზღუდვები არის. რესტორნებში ათი საათის შემდეგ შეკრების აკრძალვა, ასევე, პირბადეების ტარების მკაცრი რეკომენდაცია. რაც შეეხება მკაცრ შეზღუდვებს, შეზღუდვების პროპორციულად ისე შემოღება, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ დაზარალდეს, ცოტათი რთულია.

"ამიტომ, მე როგორც ვხვდები, ასეთი ტაქტიკაა, რომ იყოს წერტილოვანი დარტყმები და ეპიდსიტუაციის დასტაბილურება ამ წერტილოვანი დარტყმებისა და საზოგადოებრივი მაღალი პასუხოსმგებლობის ფონზე მოხდეს, თუმცა, ეს შედეგს რამდენად გამოიღებს, რთული სათქმელია.

„რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება თუ გაგრძელდა, შესაძლოა კონკრეტული შეზღუდვების შემოღება საჭირო გახდეს, ამის შესახებ სახელწიფო ინფორმირებულია,დაავადებათა კონტროლში განცხადებები ხშირად კეთდება და ვიცით რომ უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევები მზარდი იქნება, ამიტომაც სახელწიფო ამისთვის მზადაა, უბრალოდ ასეთი ტაქტიკა აქვს არჩეული, რომ ნაკლები შეზღუდვებითა და ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერებით, ამ ტალღის გადატანა მოხდეს, ახლა ასეთი ტაქტიკა აქვს და რამდენად გაამართლებს, ამას მომავალში ვნახავთ,

„პიკის მოლოდინში და მკაცრი შეზღუდვების გარეშე, ქვეყანა მდგომარეობას გაუმკლავდება თუ არა, ამის თქმა წინასწარ გამიჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სახელწიფომ და ჯანდაცვის სამინისტრომ იცის, რომ ეს ასე იქნება, გარკვეული ღონისძიებებს გაატარებს, რის შედეგადაც ქვეყანა ამას გაუმკლავდება,თუმცა ახლა არსებული რესურსით ვფიქრობ, რომ გამკლავება გაჭირდება.

„მაგრამ, რადგან სახელწიფომ ეს ყველაფერი იცის, რომ 2-3 კვირაში შეიძლება პიკი იყოს, ამისთვის უნდა გამოთავისუფლდეს რესურსები და დამატებითი რესურსების მობილიზება მოხდეს და ამის შემდეგ გამკლავება შესაძლებელი იქნება, მაგრამ ამ მოცემულობით ეს ცოტა ბუნდოვნად ჩანს."- განაცხადა გოგინავამ.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვების არ შემოღება არჩევნებს უკავშირდება, მისი აზრით ამ მიმართულებით მთავრობის მხრიდან მინიმუმ ერთი კვირა ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ.

„რა თქმა უნდა არჩევნებს უკავშირდება, გარკვეული ზომები შეიძლება მიღებული ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლება ამ მიმართულებით ბოლო ერთი კვირა არაფერს არ გააკეთებს, რადგან მათთვის მთავარი და აუცილებელია, რომ არჩევნები დადგენილ ვადაში ჩატარდეს.

„ამიტომ, რა თქმა უნდა მთავრობა არანაირ შეზღუდვას არ შემოიღებს, ღმერთმა ნუ ქნას და თბილისში შემთხვევები ცხრაასი კი არა ათასცხრაასი რომ გახდეს, ამ ერთ კვირაში შეზღუდვებს მაინც არ შემოიღებენ, ერთი კვირის შემდეგ ვნახოთ რა იქნება.

„სიტუაცია ისედაც რთულია, თანაც როცა ხელისუფლება თავად აანონსებს რომ გაიზრდება, ეს ხომ იმას ნიშნავს, საზოგადოებას ამზადებს, რომ ეს მოსალოდნელია და ადამიანებიც ნელ-ნელა ყველა ამას ვეჩვევით.

„არჩევნების შემდეგ მეორე ტურები იქნება - თუ ისე მოხდა, რომ თბილისში მეორე ტურები არ გაიმართა, რაშიც ეჭვი მეპარება, რომ ეგრე არ იქნება, მაშინ რა თქმა უნდა არ შემოიღებენ და იქამდე მიიყვანენ, რომ არჩევნები ჩატარდეს.

„აქ კიდევ ერთი მომენტია - გააჩნია პროპორციულ არჩევნებში რა შედეგები დადგება, ვის რა პროცენტი ექნება და რაოდენობა რამდენად იქნება საკმარისი იმისთვის,რომ მთავრობის ფორმირება მოხდეს, ან არჩევნების შემდეგ რა გარემო შეიქმნება,

„ამიტომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა, მგონია, რომ სადაც შეზღუდვა შესაძლებელი იქნება, იქ შეზღუდავენ. ამიტომაცაა წერტილოვან შეზღუდვებზე ლაპარაკი.

"თუმცა ახლა და უახლოეს ერთ კვირაში შეზღუდვები არა მგონია რომ შემოიღონ, რადგან სიტუაცია ძალიან გაურთულდებათ, საგანგებო მდგომარეობა რომ შემოიღონ, მაშინ არჩევნების მეორე ტურები უნდა გადაიდოს, გაურკვეველი რაღაცეები ხდება, ამიტომ ამას ალბათ არ გააკეთებენ" - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×