„ასტრაზენეკას“ ტრანსპორტირება და შენახვის პირობები საქართველოს სისტემაზეა მორგებული და ფასიც მისაღები აქვს”
თამთა ჩაჩანიძე
11.12.2020

შესაძლოა „ასტრაზენეკასა" და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივმა ვაქცინამ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში მთავარი როლი ითამაშოს, რადგან, როგორც „რეზონანსთან" ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ამბობს,"რეკომენდაციები რაცაა, ეს ოქსფორდის და „ასტრაზენეკას" ვაქცინა უნდა იყოს", რომლის ტრანსპორტირება და შენახვის პირობები საქართველოს სისტემაზეა მორგებული და ფასიც მისაღები აქვს.

ბრიტანეთის შემდეგ, ვაქცინის გამოყენების ნებართვა შეერთებულმა შტატებმა გასცა, შესაბამის ინფორმაციას ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული ფეისბუქზე ავრცელებს.

„ისტორიული დღე იყო 2020 წლის 10 დეკემბერი. FDA-მ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. 17 ხმა 4-ის წინააღმდეგ. ერთმა თავი შეიკავა. დარწმუნებული ვარ, იმ 17-დან ვერცერთი ვერ დაიძინებდა ამ საღამოს მშვიდად.

„ნაცნობი შეგრძნებაა. სიკვდილთან ყოველი დამარცხებისას განუწყვეტლივ ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა კიდევ რამის გაკეთება და შეცდომა ხომ არ დაუშვი სადმე; იქნებ ვერ იყავი საკმარისად გაბედული; იქნებ უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყავი; იქნებ... იქნებ .. იქნებ ის ოთხი ადამიანი იყო მართალი; ისინიც ხომ ექსპერტები არიან? იქნებ ... იქნებ ...

„დიახ, აქვს ვაქცინებს თავისი გართულებები. ყველამ ვიცით. მაგრამ კაცობრიობამ მიიღო მათი გამოყენების რისკი. პლანეტა ვერ გაჩერდება. ადამიანთა სამყარომ მიიღო და გაითავისა საკუთარ არსებობასთან დაკავშირებული ხიფათები, გათვალა უპირატესობები და პრაგმატული ნაბიჯებით გააგრძელა წინსვლა."- წერს გურული.

როგორც ზოიძე აღნიშნავს, მთავარი პრობლემები, რომლის გადაჭრაც საქართველოს ვაქცინის მისაღებად და ვაქცინაციის დასაწყებად მოუწევს, ტრანსპორტირება, შენახვა და რიგში დგომა - ეს ყველაფერი ერთადაა, თუმცა, საქართველო ვაქცინას სამართლიანი გადანაწილებით მიიღებს.

„ყველაფერი ერთად, მაგრამ ჩვენ ამ ვაქცინას მივიღებთ, როგორც ევროპის ქვეყნები, ანუ ამ მხრივ სამართლიანი განაწილება იქნება, რომ მოსახლეობის ის პროცენტი, რომელიც რისკ ჯგუფებშია პირველი აიცრას. პირველი პარტიები სხვა ევროპის ქვეყნებთან ერთად შემოვა, რომელიც კოვაქსის პლატფორმითაა.

„ამის გარდა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები საგარეო სამინისტროს მეშვეობით გარკვეული რაოდენობის შემოტანას შეძლებენ, მაგრამ ეს ერთბაშად არ იქნება, მთელი ამდენი მოსახლეობის ვაქცინირება ლოჯისტიკურად ძალიან დიდი პრობლემა იქნება. მეორეა - დამყოლობის საკითხი, შეიძლება ახლა სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ზაფხულში დაახლოებით ჩვენი მოსახლეობის ნახევარი ამბობდა, რომ ან ვაქცინას არ გაიკეთებდა, ან ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა და დაფიქრდებოდა.

„ეს ძალიან მაღალი ციფრია, მე ვიტყოდი კატასტროფულიც, იმიტომ, რომ ვაქცინა მინიმუმ 60%-მა უნდა გაიკეთოს, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსის მიმართ რეზისტენტულია, ან იმუნურია და ინფექციის გავრცელების ისეთი საფრთხე აღარაა, როგორიც დღეს გვაქვს, ამიტომ, ვაქცინაზე მოსახლეობის დამყოლობაა სერიოზული პრობლემა.

„და მეორე მხარეა ის, რომ პირველი პარტია, რომელიც წლის პირველ ნახევარში შემოვა, რისკ ჯგუფებისთვის საკმარისი იქნება, ანუ, ვისაც მომატებული რისკი აქვს, ესაა ჯანდაცვის მუშაკები და ხანდაზმული ადამიანები.

„ანუ, საზოგადოების ერთი მხარეა, რომ ვიღაცას ვაქცინის გაკეთება არ უნდა და მეორე მხარეა, რომ მონდომებულია, რომ გაიკეთოს, მაგრამ არ ხვდება ამ ჯგუფში, აქ უკვე ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, თანხმობა და სოლიდარობა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. მთლიანად ჩვენ ყველა შევთანხმდეთ, რომ პირველყოვლისა ვაქცინა ყველაზე უფრო მოწყვლად კატეგორიას უნდა მიეცეს.

„ორმაგი გამოწვევაა, ერთის მხრივ, ადამიანები, რომლებიც რისკჯგუფში არ ხვდებიან და ვაქცინის გაკეთებას მიინდომებენ, მეორეს მხრივ კი ადამიანები ვინც რისკჯგუფში არიან, მაგრამ არ გაიკეთებენ, იმიტომ, რომ არ სჯერათ.

"ლოჯისტიკურად კი გააჩნია იმას თუ რომელი ვაქცინა შემოვა. რეკომენდაციები რაცაა - ეს ოქსფორდის და „ასტრაზენეკას" ვაქცინა უნდა იყოს, რომელსაც უკიდურესად დაბალი ტემპერატურა არ სჭირდება და შესაბამისად ლოჯისტიკურად გაცილებით უფრო ადვილია.

„მაგრამ ზოგადად ამ შემთხვევაში როგორც გამოწვევა, არის ის, რომ ორი დოზა უნდა გაკეთდეს. ანუ, მილიონ 400 ათასი აცრა-ვიზიტი უნდა განხორციელდეს, როდესაც ჩვენი სისტემა აქამდე რუტინულად ბავშვებისთვის 300 ათას აცრა-ვიზიტს ახორციელებდა, 300 ათასსა და მილიონ 400 ათასს შორის კი საკმაოდ დიდი განსხვავებაა, ვაქცინაციის სისტემას ოთხჯერ და კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ექნება.

„ეს ყველა გამოწვევა რა თქმა უნდა, სახეზეა, ახლა, რა თქმა უნდა მოვემზადოთ და შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ,

„ფასის მიხედვითაც დღევანდელი ფასებით თუ შევხედავთ, „მოდერნას" ვაქცინა დაახლოებით ხუთჯერ უფრო ძვირი ღირს და კიდევ უფრო ძვირი ღირს „პფაიზერის" ვაქცინა. ასე რომ, ჩვენ შედარებით ღარიბი ქვეყანა ვართ და გასაგებია, რომ როდესაც ასობით ათას დოლარზეა საუბარი, ფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მთავარი მომენტია, რომ შენახვის პირობები (ასტრაზენეკა) მას უკეთესი აქვს, ორიდან რვა გრადუსამდე, რაც ჩვეულებრივი ცივი ჯაჭვი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ანუ ვაქცინების ტრანსპორტირების და შენახვის ჩვენს სისტემაზეა მორგებული და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მათ შორის ჩვენი ჯანდაცვის მიმწოდებლებისთვის, ექიმებისთვის და ექთნებისთვის, რომლებიც ვაქცინაციას ატარებენ, მათ ასეთ ვაქცინასთან ურთიერთობა ჰქონიათ და უფრო იციან."- განაცხადა ზოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×