თამთა ჩაჩანიძე
27.01.2021

როგორ უნდა შეირჩეს ის სფეროები, რომლებზეც ეტაპობრივად შეზღუდვები მოიხსნება და თან ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუარესდება - სპეციალისტები მთავრობას იმ ოქროს შუალედს სთავაზობენ, რომლითაც რისკების გაზრდის გარეშე ქვეყანა თანდათანობით გაიხსნება. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე კი ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის დაჩქარების რეკომენდაციას აძლევს.

„მე როგორც სპეციალისტი ვემხრობი ეტაპობრივად გახსნას. ეს მესმის, რომ ცუდია ბიზნესის ცალკეული სფეროებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებისთვის, მაგრამ უკეთეს გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ერთადერთი შემიძლია მივცე რეკომენდაცია მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს.

„გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ და ამის კომპენსაცია მოვახდინოთ იმით, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ პირობა, რომ შეასრულებენ ყველანაირ იმ დარჩენილ რეგულაციებს, ლაპარაკია - პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება და ამაზე გამკაცრდეს კონტროლი.

„დღეს საუკეთესო გამოსავალი, როდესაც მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა და მეორე მხრივ უკვე გვაქვს სერიოზული მონაპოვარი, სტაბილურია ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია, აი, როგორმე მივაღწიოთ იმასაც, რომ მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ და ეს მდგომარეობაც შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები სადაც მოხსნა შესაძლებელია", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის აღდგენისთანავე სასწავლო დაწესებულებების სწავლების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება ყველაზე სარისკოა, რადგან ეს ფაქტი მობილობას ძალიან გაზრდის.

„ჩემი აზრით, ყველაზე სარისკო სასწავლო დაწესებულებების მუშაობის აღდგენაა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მობილობას ეს გაზრდის. მოგეხსენებათ, სასწავლო დაწესებულებებში თავს დიდი რაოდენობით იყრიან და მჭიდრო კომუნიკაციაა. ჩემი აზრით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლების ონლაინ რეჟიმიდან ჩვეულ რეჟიმში გადატანა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა რეგულაციების მოხსნის შემდეგ უნდა მოხდეს, თუნდაც ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ.

„თუ ჩვენ სტაბილურ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, ან მცირედით გაგვიუარესდება, რაც კატასტროფა არაა, შემდეგ ორ-სამ კვირაში სასწავლო დაწესებულებები უნდა გაიხსნას. მესმის, რომ ყველას ამ ყველაფრის გაკეთება გადაუდებლად და სწრაფად უნდა, მაგრამ ჩვენ თუ რაღაც თანამიმდევრობას არ მივყევით, ასე ერთბაშად ყველაფრის გახსნა ძალიან სარისკოა და დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს ჩვენნაირი რესურსის მქონე ქვეყნისთვის.

„ასევე კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში არის რაღაც ხარვეზები წესები დაცვასთან, ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით. ეს პერიოდი ამ ყველაფრის მსაწესრიგებლად უნდა იქნას გამოყენებული და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ სწავლის ჩვეულ რეჟიმში აღდგენა რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს, როგორც ბაღებში, ისე სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში.

„ბარების და რესტორნების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესია, ბევრი ადამიანია დასაქმებული. ამიტომ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რეგულაციების მოხსნა ტრანსპორტის გახსნის შემდეგ უნდა მოხდეს. მაგრამ ამის გახსნას აზრი არ აქვს, თუ კომენდანტი საათი არ მოიხნა. ბარების და რესტორნების გახსნა კომენდანტის საათის მოხსნის გარეშე ცოტა კომიკური იქნება, მოგეხსენებათ, მათი მუშაობა დღის მეორე ნახევარშია ხოლმე", - თქვა გოგინავამ.

ინფექციონისტი იმ ოქროს შუალედზე და რეგულაციების მოხსნის თანამიმდევრობაზე საუბრობს, რომლითაც ქვეყანა თან ნელ-ნელა გაიხსნება და თან ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება.

„პირველ რიგში ტრანსპორტის აღდგენა მოწესრიგებულად უნდა მოხდეს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამის აღდგენის გარეშე ადამიანებს სიარული ახლაც უჭირთ და გაუჭირდებათ. შედეგ სავაჭრო დაწესებულებები, რაც, მე როგორც ვიცი, თებერვლიდან უკვე იხსნება და ამას ეტაპობრივად უნდა მიყვეს ფიტნეს დარბაზები, რესტორნები, კვებითი ობიექტები და შემდეგ სასწავლო დაწესებულებები, ოღონდ ეს დიდხანს არ უნდა გაიწელოს და დაახლოებით ერთთვიან ვადაში შესაძლებელია ამ ყველაფრის გახსნა ნელ-ნელა მოხერხდეს ისე, რომ ეპიდსიტუაციის დინამიკასა და მის მართვასაც თვალყური ვადევნოთ, რომ რაიმე გაუარესება არ მივიღოთ.

„ჩემი აზრით, სამკვირიანი ან ერთთვიანი გეგმით თანდათან ეს ყველაფერი უნდა გაიხსნას, რასაც მოსახლეობა მოითხოვს, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში ძალიან რთულია. მესმის, რომ რომ დიდი დისკომფრტია, მაგრამ სადაც ამდენი გადავიტანეთ, უსაფრთხოების მეტი გარანტიისთვის რაღაცნაირად უნდა გავძლოთ", - განაცხადა გოგინავამ.

...

ფრაზა - ალექსანდრე გოგინავა: „პირველ რიგში ტრანსპორტის მუშაობა უნდა აღდგეს, შემდეგ სავაჭრო დაწესებულებების, ამას ეტაპობრივად უნდა მიყვეს ფიტნეს დარბაზები, რესტორნები, კვებითი ობიექტები და შემდეგ სასწავლო დაწესებულებები. დაახლოებით ერთთვიან ვადაში შესაძლებელია ამ ყველაფრის გახსნა ნელ-ნელა მოხერხდეს".

ფრაზა - თენგიზ ცერცვაძე: „დღეს საუკეთესო გამოსავალია როგორმე მივაღწიოთ იმასაც, რომ მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ და ეს მდგომარეობაც შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა კიდევ ერთხელ გადაიხედოს შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები, სადაც მოხსნა შესაძლებელია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×