თამთა ჩაჩანიძე
28.01.2021

თუ ქვეყანამ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე კორონავირუსის ისეთი სურათი შეინარჩუნა, როგორიც დღესაა, შესაძლოა შეზღუდვები შედარებით ადრე მოიხსნას, ეს ეხება თბილისს ქუთაისს და რუსთავს - ამ და სხვა თემებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ეტაპობრივად უნდა იმსჯელონ ეკონომიკის გახსნაზე, რათა არსებული მიღწევა რისკის ქვეშ არ დადგეს.

„პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის ერთობლივი მუშაობის, შრომის შედეგად.

„რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, ვიდრე უფრო აქტიურად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. მოგეხსენებათ, მაია ცქიტიშვილის, ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ხვდება სხვვადასხვა სექტორის ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და, რაც მთავარია, დაცული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურად 2, 3, 4 ან 5 ათასი ინფიცირების შემთხვევაში, არანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი არ და ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები უფრო პასუხისმგებლიანად, გონივრულად და ფრთხილად, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, დავიწყოთ მსჯელობა", - აღნიშნა გახარიამ.

როგორც პრემიერი ამბობს, მთავრობის ხუთშაბათის სხდომაზე იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა მოხერხდეს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დაიწყონ ეკონომიკის გახსნა.

ამბობს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყება. მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

გარდა კოვიდთან დაკავშირებული საკითხებისა, მან ყურადღება გაამახვილა განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეფორმირებაზეც, თქვა, რომ განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება, მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი დადგენილება უკვე მომზადებულია.

„დადგენილების მიხედვით, განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნებ, არის უძვირფასესი ნაწილი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილებით გახდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი", - განაცხადა გახარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×