
ოპოზიციის ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების გამო, კანცელარიასთან 15:00 საათზე აქციას მართავენ. მთავარი მოთხოვნები ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნება. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ გამოსვლები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. მოჰყვება თუ არა ამას მასობრივი საპროტესტო აქციები და რა გაგრძელება ექნება ამას?
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პროცესი დაიწყო. თუმცა, რაც შეეხება მასობრივ გამოსვლებს, მისი აზრით, ამისი რესურსი ქვეყანაში ჯერეჯერობით არ არის.
„ოპოზიცია რა თქმა უნდა შეეცდება, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყოს და ეს გამოიყენოს. ორივე მიმართულებით იმუშავებს, მაგრამ მე მოსახლეობაში რა განწყობებსაც ვხედავ, იქიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ერთჯერადი აქცია შეიძლება იყოს, მაგრამ პერმანენტული საპროტესტო მოძრაობის დაწყებას ნამდვილად არ ველოდები. ჩემი აზრით, ამის რესურსი ქვეყნის შიგნით არ არის.
„ხოლო რა იქნება ქვეყნის გარეთ და წავლენ თუ არა ჩვენი პარტნიორები ამ განცხადებების მიღმა; ანუ დარჩება მხოლოდ ეს განცხადებები, თუ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება დაიწყება, ამას ვნახავთ. ჯერჯერობით ისინი მხოლოდ გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებენ.
„ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ახალი პროცესი დაიწყო. დასრულდა ის პროცესი, რაც უფრო სამართლებრივი იყო, ვიდრე პოლიტიკური, მაგრამ მელიას დაპატიმრებასთან ერთად ჩაირთო მეორე უფრო გაცილებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, სადაც ხელისუფლებას გაცილებით მეტი და გაცილებით რთული პროცესის წარმართვა მოეთხოვება, რათა დაამტკიცოს, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა. ჩემი აზრით, მელიას მხრიდან თუნდაც ერთი მოწოდება საკმარისი არაა," - განაცხადა ძაბირაძემ.