თამთა ჩაჩანიძე
02.03.2021

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობას საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არანაირი შედეგი არ ექნება, რადგანაც არცერთი მხარე არ არის მზად დათმობისთვის. ასეთი პესიმისტური პროგნოზი აქვს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ორშაბათს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ რეალურად არაფერი შეცვლილა.

„მიშელის განცხადებას თუ დავეყრდნობით, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, თანახმაა, რომ დიალოგი დაიწყოს და ეს არის პოზიტიური მოვლენაო,ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს ასეა და პოზიტიური მოვლენაა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ იცნობს, იმიტომ, რომ იქ არცერთი ლიდერი არ იტყოდა იმას, რომ დიალოგის წინააღმდეგები ვართო. მაგრამ ამ დიალოგისთვის რეალურად მზად არავინ არაა. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა თუნდაც დღევანდელი ვითარებიდან გამნომდინარე, რაც პარლამენტთან მოხდა.

„გასაგებია, რომ საპროტესტო აქციები უნდა იყოს, მაგრამ ეს გაცილებით მშვიდობიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა ვიხილეთ ის, რასაც მიჩვეული ვართ.

„ეს აქცია არაფრით იმისგან განსხვავებული არ იყო, ადრე რაც პიკეტირებები ეწყობოდა - ისევ ძიძგილაობა, ისევ ხალხის დაპატიმრება და ა.შ. ამიტომ სერიოზულად ლაპარაკი იმაზე, რომ პოლიტიკური სპექტრი მიშელის ინიციატივას აღფრთოვანებით შეხვდა, ეს მე ძალიან მეეჭვება და ამის დაჯერება მიჭირს. უბრალოდ, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთი თქვა, რომ დიალოგი უნდა, მაგრამ ყველა მხარეს დიალოგი უნდა იმ პირობებით, რა პირობებსაც თვითონ სთავაზობს.

„ანუ, რეალურად, ერთი მხარე მეორისგან დიალოგს კი არ ითხოვს, არამედ თანხმობას იმ პირობებზე, რასაც თვითონ აყენებს. ოპოზიცია თანხმობას რიგგარეშე არჩევნებზე ითხოვს, ხოლო ხელისუფლება, როგორც დღეს აღინიშნა, რიგგარეშე არჩევნებზე არ ვილაპარაკებთ, დანარჩენზე რაზედეაც გინდათო. მიშელის ჩამოსვლამდე იგივე პოზიციები არ იყო?! რა შეიცვალა? - აბსოლუტურად არაფერი.

„უბრალოდ, დღეს ოპოზიცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკურად წარმატებულია იმიტომ, რომ მელიას დაპატიმრების შემდეგ „ქართული ოცნების" მისამართით დასავლეთის მხრიდან ნეგატიური შეფასებები წამოვიდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, გადადგამენ თუ არა მხარეეები რეალურ ნაბიჯებს პოზიციების დასაახლოებლად, ზაბირაძემ თქვა, რომ ამისი არანაირი მოლოდინი არ აქვს.

„არც იმას ველოდები, რომ ორი კვირის შემდეგ რამე მოხდება. მაგრამ თუ ხელისუფლება რაღაც ანალიზს გააკეთებს, ოპოზიცია უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება, ვიდრე ხელისუფლება, იმიტომ, რომ, როგორც ვხვდები, ორი კვირის შემდეგ შეხვედრები იგივე ევროსაბჭოში მოსმენების დროს არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებთან იქნება, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეულ უპირატესობას აძლევს, რომ არსებული ვითარება თავის სასარგებლოდ წარმოაჩინოს.

„არ ვიტყოდი, რომ ამ ვიზიტმა ურთიერთობებში მოლაარაკებების რაღაც რეალური ნიადაგი გააჩინა. უბრალოდ, სტუმარს პატივი ვეცით, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოვატყუეთ და გავუშვით. რა თქმა უნდა არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ მხარეები რაღაც ნაბიჯებს გადადგამენ", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×