
პოლიტიკურ სპექტრში ბერა ივანიშილისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრების ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებული ახალი სკანდალის ფონზე, დასავლეთის მხარდაჭერით ჯერ კიდევ გრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა აუდიო ჩანაწერების საქმემ მოლაპარაკების მიმდინარეობაზე?
შაბათს „ტვ პირველის" ღამის ეთერში ამ ჩანაწერების გასვლის შემდეგ ოპოზიციის რიტორიკა მკვეთრად რადიკალური გახდა. „ნაციონალური მოძრაობისა" და ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე ღიად აცხადებენ, რომ პლებისციტი ვადამდელ არჩევნებზე, რაც აქამდე მათთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი იყო, უკვე მიუღებელია და ქვეყანაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
გარდა ამისა, ისინი ასევე უპირობოდ ითხოვენ ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის, პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას.
მმართველი პარტია, თავის მხრივ, ოპოზიციას მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, როგორც კი მოლაპარაკებისას შეთანხმების მიღწევის შანსი ჩნდება, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს ყველაფრის ჩაშლას და მაგიდის აყირავებას.
აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსს", კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა. მისი თქმით აღნიშნული სკანდალი „ქართულ ოცნებას" დასავლეთის თვალში უფრო მეტად დააკნინებს, თუკი ხელისუფლება არ წარადგენს მტკიცებულებას, რომ აუდიო ჩანაწერები სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს სკანდალი არსებითად გავლენას მოახდეს „ქართული ოცნების" სახელზე, ხასიათზე და დასავლეთის თვალში კიდევ უფრო მეტად დაკნინდება. ამით შეიძლება არაფერი მოემატოს ოპოზიციას, რადგან ამ მხრივ მათ ბევრი აქვთ წამოსაძახელები და გასახსენებელი, თუნდაც ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ის, რომ „ოცნება" არ არის უკეთესი, ეს მომენტები გამოიკვეთება, განსაკუთრებით კი ფასილიტატორი ელჩების თვალში.
„ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების დროს „ქართული ოცნების" პოზიციები შესუსტებული იქნება. ისინი თავაწეულნი, წელგამართულნი და უტიფრები ვეღარ იქნებიან. მთავარია დადასტურდეს, რომ ეს მოხდა.
„ჩემთვის პირადად ეს აუდიო ჩანაწერები მტკიცებულება არის, თუმცა მე საკმარისი არ ვარ. თუ ის ადამიანები არ გამოჩნდნენ, ვისზეც ზეწოლა მოხდა, მაშინ „ოცნება" იტყვის, რომ ყველაფერი მოგონილია.
„ამ ფონზე მოლაპარაკებების შესაწყვეტად ჯერ არ არის საკმარისი მტკიცებულებები, თუნდაც იმისათვის, რომ დასავლეთმა უარი თქვას მიმდინარე შეთანხმების პროცესზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ შემთხვევაში დასავლეთი იტყვის, რომ მომხდარი ფაქტი სამწუხაროა, თუმცა გვჭრდება უფრო მეტი მტკიცებულება.
„ჩემი აზრით, ამ კრიზისის ფონზე კი არ შეწყდება მოლაპარაკებები, არამედ უფრო მეტად გაღრმავდება. რეალურად დასავლეთი ხედავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და ხვდება, რომ ეს მოლაპარაკებები შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი იყოს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად.
„რაც გამოქვეყნდა კი არის ძალიან შემაშფოთებელი და პირველ რიგში ამ აუდიო ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დამტკიცდეს, თუმცა აქ მეორე მომენტიც არის. ამ ჩანაწერების დამტკიცება შესაძლებელია ავთენტურობის გარეშეც. ამ შემთხვევაში უნდა ვიპოვნოთ ის ხალხი, ვისზეც მოხდა ზემოქმედება.
„ფაქტია, რომ ამ ჩანაწერებში რამდენიმე ადამიანზეა საუბარი, რომლებზეც ზემოქმედებდა უსაფრთხოების სამსახური. წესით ჟურნალისტებმა, ოპოზიციამ უნდა ვიპოვოთ ეს ხალხი და ვკითხოთ მართლა მოხდა თუ არა აღნიშნული ფაქტი.
„თუ ეს ადამიანები ნამდვილად არსებობენ, ვისთანაც მივიდნენ, გააფრთხილეს, დაემუქრნენ თუ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაშინ ამ ჩანაწერების ავთენტურობის მტკიცებაც აღარ გახდება საჭირო.
„მე პირადად ბერას არ ვიცნობ, არც მის ხმას. ამიტომ თავს ვერ დავდებ, რომ ამ ჩანაწერებში მისი ხმაა, მაგრამ ჩემთვის ღარიბაშვილის ხმაც გასაგებია თავისი ინტონაციებით და ჩუბინიძესიც. ამიტომ მე თითქმის ეჭვი არ მეპარება, რომ ეს აუდიო ჩანაწერები სიმართლეს შეესაბამება. თუმცა სად მე და სად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება", - აცხადებს ზაქარეიშვილი.
იგი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის „ფეისბუქ" პოსტსაც ეხმაურება, სადაც პაპუაშვილი წერს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს მაშინ, როცა მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან.
„უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან - ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე არ მგონია გამოუვიდეთ. ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად.
„არადა, როგორ ხელის გულზე დევს ყველაფერი... რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს. ასე იცის ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ," - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ზაქარეიშვილის თქმით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებას შეთქმულებას უწყობს, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იმოქმედონ და მოიძნონ დამამტკიცებელი მასალები იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული აუდიო ჩანაწერები.
„ჯობს პაპუაშვილმა შეთქმულებაზე კი არ ისაუბროს, არამედ ისაუბრობს მტკიცებულებებზე, რამდენად სწორია გამოქვეყნებული მასალა," - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.