ელზა პაპოშვილი
10.06.2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობდა, რომლითაც პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს. კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცნობდა. 

პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში შესავალ ცვლილებებს ოპოზიციის წევრები არ ეთანხმებიან. აღსანიშნავია, რომ, შინაარსობრივი ნაწილის გარდა, ოპოზიციამ რეგლამენტიც გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, ინიციატორი, მათი შეფასებით, საჭიროზე დიდხანს იდგა ტრიბუნასთან.  

„ბატონი კობახიძე 2008 წელს თავისი ავტორობით შექმნილ წიგნში „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი" წერდა, რომ დაუშვებელია, პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით. როდის იყავით გულწრფელები, ახლა თუ მაშინ?“ - ამ კითხვით ენმ-ის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ანრი ოხანაშვილს მიმართა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ კი მოითხოვა, მომხსენებელს განემარტა, რას ნიშნავს პოლიტიკური საბოტაჟის პრევენცია. „საბოტაჟის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც არის, ეს პოლიტიკური საბოტაჟი რამე ახალი ცნებაა, სად არის განმარტებული, რას ნიშნავს", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

„ის ინიციატივა, რომელიც არის პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც იყო შეთანხმებაში, იმ მოწოდებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ისედაც, არანაირად არ უწყობს ხელს პოლიტიკურ შეთანხმებას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მან პარლამენტში შესულ ოპოზიციას მოუწოდა, რომ აღნიშნულ საკითხზე ქმედითად იბრძოლონ.

„ის ინიციატივა, რომელიც არის პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით და ითვალისწინებს იმას, რომ კონკრეტულ პარტიას შეუწყდეს კონკრეტული პირობების გამო დაფინანსება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც იყო შეთანხმებაში, იმ მოწოდებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ისედაც არანაირად არ უწყობს ხელს პოლიტიკურ შეთანხმებას, არის პირდაპირ მოწოდებული იმისთვის, რომ კონკრეტული პარტია, ამ შემთხვევაში „ლეიბორისტული პარტია“ დასაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეხება „ევროპულ საქართველოს“ ან სხვა პარტიებს, მე მინდა ყველას ვთხოვო, დღეს ვინც არის პარლამენტში, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, რომ მათ შესვლამდე აწუხებდათ ეს საკითხი და ვფიქრობ, ახლაც უნდა აწუხებდეთ და ძალიან ქმედითად უნდა იბრძოლონ, გარდა იმისა, რომ კონკრეტული კრიტიკული განცხადებები გააკეთონ“, - განაცხადა წერეთელმა. 

„მოქალაქეების" თავმჯდომარე და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონპროექტის მიღებას ეთანხმება.

„მართალია, ეს წესი გავრცელდება მომდევნო პარლამენტზე, რომ ახლა პოლიტიკურ ანგარიშწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მე ახლა გავრცელების მომხრეც ვიქნებოდი და ვარ. ეს რას ნიშნავს? აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ, მუშაობა გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ იმ ფულზე თქვი უარი, ხელფასზეც და პარტიულ დაფინანსებაზეც. ეს იქნება სწორი,“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

ოპოზიციის წევრებს პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს. მამუკა მდინარაძის თქმით, მას შემდეგ, რაც პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში შევა, მას ეს დათქმა, ბუნებრივია, არ შეეხება.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტის მიზნობრივი დანიშნულებაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბოტაჟი არ ფინანსდებოდეს. ამასთან, მისი განცხადებით, პარტია 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი პარტიის წევრთა ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

„ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია, მოახდინოს პრევენცია, როდესაც დემოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებელია საბოტაჟი განხორციელდეს, იმის გამო, რომ არ მოეწონა რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო შედეგი. ამ შემთხვევაში ირთვება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმი, ხოლო თუ პლენარული სხდომების ნახევარს მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს, აქ ხდება 6 თვის ფარგლებში დაფინანსების არა შეწყვეტა, არამედ შეჩერება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×