თამთა ჩაჩანიძე
16.06.2021

"რომელ ქვეყნებში შემიძლია გამგზავრება?" - პანდემიის პერიოდში ეს ინფორმაცია განახლებადია და გამგზავრების დაგეგმვამდე უნდა გადაამოწმოთ იმ ქვეყნის საელჩოში, სადაც აპირებთ გამზავრებას.

საკითხზე, როდის შეძლებენ მოგზაურობას ორჯერადად აცრილი საქართველოს მოქალაქეები, რომ არ დასჭირდეთ პისიარ ტესტის პასუხი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, „რეზონანსი" ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ეს იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომელშიც მიემგზავრებით - ზოგი ითხოვს, ზოგი არა.

„ეს თვითონ იმ ქვეყანაზეა დამოკიდეებული, რომელ ქვეყანაშიც შედიხართ, ზოგი ითხოვს, ზოგი არა, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. არის ქვეყნები, რომლებიც ორჯერადად აცრილებზე პისიარს მაინც ითხოვენ, არის ქვეყნები,რომლებიც არ ითხოვენ, ესაა კონკრეტული ქვეყნის გადაწყვეტილება," - განგვიცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში.

„საზღვრის კვეთის ყველა რეგულაცია როგორ, რანაირად და რა პირობებით, geoconsul.gov.ge-ზე ნახავთ. იქ შეგიძლიათ ნახოთ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისთან რა პირობით შეუძლია როგორც საქართველოს მოაქალაქეს გამგზავრება, ასევე საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები უცხო ვქეყნიდან,"- განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა „რეზონანსს".

ამავე საკითხზე „რეზონანსი" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა რომ „ჯერ არ არის არაფერი გადაწყვეტილი".

როგორც ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ყველა ქვეყანა თავისით წყვეტს, თუ ადამიანი საზღვარზე როგორ შეუშვას, თუმცა პისიარ ტესტის გარეშე, საფრთხე მაინც არსებობს.

„იმ ქვეყანამ რაც უნდა ის ქნას, თავისი გადასაწყვეტია, მაგრამ შემოსვლის დროს მაინც გარკვეული პისიარ დოკუმენტი უნდა არსებობდეს, მე ამ საქმეს არ ვწყვეტ, მაგრამ ჩემი უფლება, რომ იყოს, მაინც მოვთხოვდი, რომ საზღვარზე სწრაფი ტესტი მაინც რომ გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას აცრა აქვს გაკეთებული.

„იყო შემთხვევები და ვიცი პაციენტები, რომლებსაც აცრის შემდეგ კოვიდი დაემართათ, მართალია მძიმედ არა, მაგრამ მაინც დაემართათ, აცრა ესაა თავდაცვა პირველ რიგში სიკვდილისაგან, მეორე რიგში საავადმყოფოში არმოხვედრისაგან, მაგრამ 100%-იან გარანტიას არავინ მოგცემთ, რომ აცრილ პაციენტს კოვოდი არ დაემართება.

„ამიტომ, ჩემის აზრით არ იქნებოდა ურიგო, რომ მაინც პისიარ ტესტი გაკეთდეს, შეიძლება ადამიანი აცრილი იყოს, კოვიდი მსუბუქად მიმდინარეობდეს იმიტომ, რომ ის აცრილია, მაგრამ ინფექციის მატარებელია, რომელიც შესაძლოა ვიღაცას გადასდოს.

„პრინციპში, როგორც ჯერჯერობით ამბობენ ორჯერ აცრილი ადამიანი ჯერ არ დაავადებულა, თუმცა, მაინც სიფრთხილე გვმართებს, რაც უფრო თავს დავიცავთ, მით უფრო დაცულები ვიქნებით,"- განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს, კოვიდვაქვინაციით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც: საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო „ჯონსონი და ჯონსონი" ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი;

საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო ჯონსონი და ჯონსონი" ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით).

რაც შეეხება კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლას. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში - საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;

საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში - დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში - საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

უცხოელებისათვის - საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ომანის სასულთნო.

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით;

სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;

პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×