ქრისტინე კაპანაძე
14.09.2021

ქვეყანაში ეპიდემიის მეხუთე ტალღა გარდაუვალია - სპეციალისტები ამას დაახლოებით ერთ თვეში ელოდებიან. წინასწარი ვარაუდით, საქართველოში ეპიდვითარების გაუარესება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ხოლო როგორი იქნება მორიგი „აფეთქების" შედეგები, ეს მთლიანად დამოკიდებულია სექტემბერსა და ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპებზე და პირბადის ტარების მაჩვენებელზე.

ექიმების თქმით, საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღის წარმოქმნა სამი ძირითადი ფაქტორით იქნება განპირობებული. პირველ რიგში იმით, რომ მოსახლეობის მნიშნელოვანი ნაწილი აუცრელია. გარდა ამისა, ვითარების გაუარესებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ოქტომბრიდან მოსალოდნელი მოსახლეობის მობილობის გაზრდა და ასევე, ოქტომბრის ბოლოს რესპირაციული ვირუსების ტრადიციული სეზონის დაწყება.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, მეხუთე ტალღას შედარებით მსუბუქად გადავიტანთ, თუ მანამდე ვაქცინაციის მაღალი ტემპის შენარჩენებას შევძლებთ.

„დიდი ალბათობით, გვიან შემოდგომაზე გაუარესდება ეპიდვითარება, დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში. ოქტომბრიდან იწყება სკოლები, იზრდება მობილობა, ჯერ კიდევ გვყავს არავაქცინირებული მოსახლეობა, ამიტომ მობილობის გაზრდას უშუალოდ დაუკავშირდება მეხუთე ტალღის დაწყების პროცესი.

„ჩვენზე, სახელმწიფოზე და ჯანდაცვის სისტემაზეა დამოკიდებული ეს ტალღა ძლიერი იქნება, თუ შედარებით მსუბუქი. თუ გვეყოლება მეტი ვაქცინირებული, ტალღაც შედარებით მსუბუქი იქნება, ვინაიდან ქვეყნებში, სადაც მაღალი ვაქცინაციაა, დაბალია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

„ჩვენ ეს პერიოდი - ერთი თვე, თვენახევარი, რაც დარჩა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ვაქცინაციისათვის. თუ ეს მოვახერხეთ, მაშინ მეხუთე ტალღასაც გადავიტანთ მსუბუქად, არ გადაიტვირთება საავადმყოფოები და შემცირდება სიკვდილიანობა," - ამბობს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მომდევნო ტალღებს საქართველო უფრო მსუბუქად გადაიტანს, თუკი მნიშვნელოვნად გაიზრდება ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. მისი თქმით, მეხუთე და მეექვსე ტალღები მოსალოდნელია ვირუსული ინფექციების ციკლური ბუნების გამო.

„დასაშვებია, იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღაც. ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა, მით უმეტეს, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი და კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი. მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე - ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და ავიყვანოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე.

„ამ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ, თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას. მთავარია იყოს კუმულაციური იმუნიტეტი ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ და ვატაროთ პირბადე," - ამბობს ამირან გამყრელიძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ნოდარ ჩიმაკაძე ფიქრობს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მცირედით გაუმჯობესების მიუხედავად, მე-5 ტალღა მაინც გარდაუვალია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.

„შეინიშნება ეპიდვითარების მცირედი გაუმჯობესება, ვინაიდან ჩვენს კლინიკაში არის თავისუფალი საწოლფონდი. თუმცა, ვაქცინაციის პროიცესი მცირედ შემცირებულია, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას გააქტიურებისკენ.

„მეხუთე ტალღა გარდაუვალია, თუმცა ჯანდაცვის სისტემა და სახელმწიფო, ვფიქრობ, მომზადებული ელოდება მეხუთე ტალღას," - ამბობს ნოდარ ჩიმაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×