ია აბულაშვილი
22.10.2021

პოლიტიკური ბატალიები არჩევნებთან დაკავშირებით მარტიდან დაიწყო და ალაბთ ახალ წლამდე გაგრძელდება ერთი ლოზუნგით - „მოვიგოთ არჩევნები", მაგრამ ვინც უნდა მოიგოს, სიტუაცია არ დაწყნარდება, რადგან ეს ორი პოლიტიკური ძალა ჯიუტ თხასავით ერჩის ერთმანეთს - ასეთია პოლიტოლოგ იგორ კვესელავას პროგნოზი ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

„რეზონანსი": ნაცმოძრაობის თამჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მეორე ტურის გამართვამდე თბილისელებს კოალიციური მმართველობის მოდელი შესთავაზა. როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას და ექნება თუ არა დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა?

იგორ კვესელავა: ერთი გატყავებული ქვეყანა ვართ და ცუდი საარჩევნო პერიპეტიები არ მთავრდება. მარტიდან დაიწყო საარჩევნო ბატალიები ერთი ლოზუნგით - „მოვიგოთ არჩევნები" და ალბათ ახალ წლამდე გაგრძელდება. ამ არჩევნებს მოუნდა მთელი ქვეყანა, არადა, შეგვჭამა პანდემიამ, საზოგადოება ორად არის გაყოფილი, საქმე არ კეთდება.

რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, რაც ნიშნავს კოალიციურ მმართველობას და უნდა გავთავისუფლდეთ ერთპარტიული მმართველობიდან, რომელმაც დიდი დაღი დაასვა ქვეყანას. ოპოზიციაში ყველა გიჟი და დედამიწას მოწყვეტილი კი არ არის, ეს ხალხიც უნდა იყოს ქვეყნის მართვაში ჩართული და მათაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. კოალიციური მმართველობა არის სწორედ გზა შერიგებისკენ და თანამშრომლობისკენ. ერთ კაბინეტში რომ ისხდება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი, სულ გაბუტულები ხომ არ იქნებიან, საქმეზე ხომ დაელაპარაკებიან ერთმანეთს.

ვნახოთ ეს კოალიციური მმართველობაც, ამიტომ ვემხრობი, მაგრამ არა ისე, მელიამ რომ თქვა, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იქნებიან და „ოცნებიდან" არავინ არ დაასახელა. „ოცნებაც" იმავეს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ.

ამიტომ ვსვამ ერთ კითხვას: მოდი, ვნახოთ, როგორ იმუშავებენ ერთად კალაძე და მელია, როცა საქმე ეხება არა პირადს, არამედ სახელმწიფოს. იპოვიან გამოსავალს?

„რ": არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ? თქვენი კოლეგები მშვიდ გარემოს არჩევნების შემდეგაც არ გვპირდებიან.

ი.კ: ვინც უნდა გაიმარჯვოს, მდგომარეობა მაინც გართულდება, რადგან საკითხი დგას ასე - „არა, უნდა გაიმარჯვოს მაინცდამაინც „ოცნებამ"; „არა, უნდა გაიმარჯვოს მაინცდამაინც ნაციონალებმა, თორემ ქვეყანა დაიქცევა. ეს ორი პოლიტიკური ძალა, ორივე, ჯიუტ თხასავით ერჩის ერთმანეთს და მერე ორივე ერთად გადავარდება წყალში. გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან არის მესამე ძალა, რომელიც შემოვა პოლიტიკურ ველზე, რისი მოლოდინიც საზოგადოებაში უკვე არის.

„რ": სააკაშვილთან დაკავშირებით როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ი.კ: დღეს რაც ქვეყანაში ხდება, მხოლოდ სააკაშვილის გარშემო ტრიალებს - არის მიშა დამნაშვე? შეწყვეტს შიმშილობას? და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აღიაროს დანაშაული, თუ ჩადენილი აქვს, მაგრამ პრეზიდენტის დაჭერა თვითმიზანი არ უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის. მინდა, მოვუწოდო ქვეყნის პირველ პირებს, რომ თავიანთ განცხადებებში უფრო დიპლომატიურები იყვნენ, ამ არჩევნებით არ მთავრდება ყველაფერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×