ხატია ბერიძე
23.11.2021

ფსიქორტოპული მედიკამენტების გაყიდვის წესის გამკაცრებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ის პირადად გეგმავს ამ პროცესის გაკონტროლებას. ახლანდელი სტატისტიკის მიხედვით კი მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა. რა მექანიზმების ამოქმედებით აპირებს ღარიბაშვილი კონტროლის გამკაცრებას და ვის დაევალება ეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის წესის გამკაცრებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით ლიბერალურია, რაც ახალგაზრდების მავნე ნივთიერებების მოხმარებას უწყობს ხელს.

„ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე წელს ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა, სამართალდარღვევა განმეორებით 34 შემთხვევაში დაფიქსირდა.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, საერთო ჯამში, კონფისკაციას დაექვემდებარა 36 513 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტი.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე აცხადებს, რომ სააგენტოს თანამშრომლები საკონტროლო შესყიდვებს ყოველდღიურად ახორციელებენ. ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი ხდება უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევა და დალუქვა.

„სააგენტო ახდენს უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს ეგზავნება", - აცხადებს გუნცაძე.

ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობა ნებართვის გარეშე ჯარიმდება 8 ათასი ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა 16 ათასს შეადგენს.

პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის ფაქტი 6 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორების შეთხვევაში კი - 12 ათასი ლარის ოდენობით.

სანქცია ეკისრება ავტორიზებულ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტსაც. თუ ფარმაცევტი უკანონოდ ახდენს მედიკამენტის რეალიზაციას, მას სამი წლით ეზღუდება მუშაობის უფლება. გასულ წელს მგავს ფაქტზე სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში 8 ფარმაცევტი აღმოჩნდა, ხოლო 2021 წელს - 9.

ამ საკითხთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან" პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე მოსალოდნელ სავარაუდო შეზღუდვებზე საუბრობს.

,,სახელმწიფო ცდილობს იზრუნოს ადამიანებზე, რომლებიც მედიკამენტებს არამიზნობრივად და ჯანმრთელობის საწინააღმდეგოდ მოიხმარს. ამისთვის კი საჭიროა სააფთიაქო ნარკომანიის სრულად აკრძალვა. ეს საკითხი, ძირითადად, ექიმს, აფთიაქს და ფარმაცევტს შეეხება. ამიტომ ჩვენი ახალი რეგულაციები მიმართული იქნება ისე, რომ წამალი მხოლოდ იმის ხელში მოხვდეს ვისაც ეს სჭირდება.

„კონკრეტული რეგულაციები შეიძლება იყოს ასეთი - ექიმს, რომელიც უსაფუძვლოდ გასცემს რეცეპტს, ჩამოერთვას პროფესიული საქმიანობის სტატუსი და აეკრძალოს მუშაობა, სააფთიაქო ქსელი დაჯარიმდეს განსაზღვრული თანხით, ფარმაცევტმა კი იურიდიულად აგოს პასუხი. ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინინისტროსთან ერთად განვახორციელებთ", - განაცხადა ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×