ელზა პაპოშვილი
02.12.2021

რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ახალი და რა იკითხებოდა მის გზავნილებში. მიუხედავად მძლავრი ემოციური რიტორიკისა, სავარაუდოდ მის ძალისხმევას რაიმე დიდი გამოხმაურება ახლაც არ მოჰყვება. ხალხში იმხელა წყენაა დაგროვებული, რომ სააკაშვილი თუნდაც ამ გამოსვლებით რადიკალურად ვერაფერს შეცვლის. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთასი ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს და სასამართლო სხდომების დროს 200 ან 300 კაცი ძლივს იკრიბება,“ ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი სანდრა რულოვსზე პასაჟმა გამოიწცია. 

„მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთ შშმ ბავშვზე, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ, უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ, ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი და მეხუთედი სანდრასია. ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ სამედიცინო სფეროში საქართველოში 100 მილიონი ევროს გრანტი შემოიტანა. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ყველა ციხის ექიმი გეტყვით რამდენი რაღაც აქვს გაკეთებული ციხის ჯანდაცვისთვის, დაწყებული ტუბერკულოზიდან და ა.შ. სანდრა არ არის კორუფციონერი? სანდრა და მე გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფოდ ნიუ -იორკ ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია და დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის ეს თანხა შეტანილი? რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ჰკითხეთ, გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას კითხვა და მიიღეთ იმათგან დადასტურება - იყო ეს კოსმეტიკური პროცედურა თუ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე როგორც ექიმები ამბოდნენ. სურათებზეც შეგიძლიათ ნახოთ როგორ მაქვს დასიებული სახე, რომელიც რეგულარულად საჭიროებდა აპარატზე მიერთებას და ა.შ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამბობს, რომ მისი გზა არის „მწამებლური“ და სიკვდილისთვისაც მზად იყო: „ასე გაგრძელება აღსასრულს ნიშნავს. რომ ვთქვი, სიკვდილისთვის მზად ვარ, თქვენც ნახეთ, რომ ამისთვის აბსოლუტურად მზად ვიყავი და ახლაც მზად ვარ. ჩვენ ძალიან მკაცრად უნდა ვიკამათოთ, ვისაუბროთ, იდეების გენერაცია მოვახდინოთ.“

ექსპრეზიდენტის თქმით, ქვეყანა კი არ იმართება, ინგრევა: „დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ისინი არიან ძალიან სუსტები, შეშინებულები და კედელთან მიყუჟულები. ამჯერად თავის დაძვრენის საშუალება არავის მივცეთ. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. საქართველოს აქვს სუპერ მომავალი, ეს იქნება სუპერ სახელმწიფო. აქ რაიმე თანამდებობისთვის არ მივისწრაფვი, მაგრამ ერთი სული მაქვს, უკრაინელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ა.შ როგორ შეშურდებათ ისევ ჩვენი. ახლა ყველაზე მაჩანჩალა ვართ.“

სააკაშვილი ამბობს, რომ მასთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენება წაღმოუდგენელია: „უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ „მსოფლიო ბანკმა“, ერთადერთი შემთხვევა იყო როცა გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე ქვეყანაში. ეს მოახერხა მხოლოდ ერთმა ქვეყანამ და ეს იყო საქართველო, ამაზე გამოუშვეს წიგნი. ჰოლანდიის გენერალურმა პროკურორმა მიმიწვია გენერალურ პროკურატურაში, ნამდვილ პროკურატურაში და არა ამ სიმახინჯეში, ლექცია წამეკითხა კორუფციასთან ბრძოლაზე ჰოლანდიელი პროკურორებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არ ასვენებს ივანიშვილს. ამას გარდა, მოიწვიეს 9 ყოფილი გადამდგარი პროკურორი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ორი მილიონი, ეს რატომღაც არ იყო ფლანგვა, რამე მაინც გვიპოვეთ სააკაშვილზეო, მათ კი ხელები გაშალეს, ბოდიში, ვერაფერი ვიპოვეთო, ორი წელი იარეს უაზროდ იმათ.“ 

სასამართლოს შემდეგ კი პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრიფინგი გამართა, სადაც სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა: „ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს, ნამდვილად თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის საფასურის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა.

მოვისმინეთ უამრავი  ტყუილი, პირობითად, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი, 2 დღის  განმავლობაში დარჩა, 60  ათასი ლარი ღირდა, თითქოს და ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს. გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავს ტყუილს მოვისმენთ ძალიან ბევრჯერ, პირობითად ლას-ვეგასში დასვენება - მას შეუძლია ფანტაზიის სრული სპექტრი მოიშველიოს და დაასახელოს ნებისმიერი პირი მსოფლიო მასშტაბით, რომ თითქოს მას ამ პერიოდში შეხვდა,“ - განაცხადა გიორგი მუჯირმა. 

სააკაშვილის სიტყვის პოლიტიკური შეფასებები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გამოსვლა წინა გამოსვლებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ამბობს, რომ 2 დეკემბრის სასამართლოზე მისი სიტყვით გამოსვლის დროს უფორ მეტის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 

„სააკაშვილი ნანახევარს მაინც იგივეს იმეორებდა და თითქმის იმავე პათოსით საუბრობდა, რაც წინა სასამარლოზე ისაუბრა. კვლავ საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, რომ იმდენად კარგი რეფორმები გაატარა, რომ ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომების იყო უნდა ეპატიოს.  გამოსვლის ფინალი მაინც იმის მოწოდება იყო, რომ საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რათა გამოუშვან ციხიდან. თუმცა რასაც თვალს ვადევნებდით და რა რაოდენობის ხალხიც სასამართლოს გარეთ იდგა, ის რელობას სრულიად მოწყვეტილია. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს იმაზე დიდი მოლოდინი აქვს, ვიდრე ეს  ჩანს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე აზრით, ის ყველაფრის სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობდა. შეიძლება იმ 9 მილიონიდან ბევრ რამეზე სასამართლომ გაამართლოს კიდეც, მაგრამ იმდენად დიდია თანხის რაოდენობა, მილიონამდე მაინც დარჩება და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სასჯელი გამოუტანონ. 

„ვფიქრობ, სააკაშვილს  ზედმეტი მოლოდინი აქვს, როგორც ვხედავ, საზოგადოება არ იქნება აქტიური და არ მგონია მომავალშის რაიმე დიდი გამოხმაურება მოჰყვეს. ხალხში იმხელა წყენაა დაგროვებული, რომ სააკაშვილი თუნდაც ამ გამოსვლებით რადიკალურად ვერაფერს შეცვლის. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთასი ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს და სასამართლო სხდომების დროს 200 ან 300 კაცი ძლივს იკრიბება. მისავე ამომრჩეველში  საპროტესტო განწყობა არ არის. მითუმეტეს სააკაშვილი არც ბოდიშს იხდის და არც ნანობს იმ სისტემურ დანაშაულებს, რის გამოც ის გადაირჩიეს“, -ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×