თამთა ჩაჩანიძე
23.12.2021

ზურაბიშვილი ცოტა სნობიზმით შებყრობილი ქალბატონია და ელიტებს შორის ტრიალი უყვარს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ იქნებ ხალხის მოსაზრებაც გაითვალისწინოს - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ექსპრეზიდენტის მორიგ წერილზე საუბარისას.

ამ წერილში მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა იმ შიმშილობის აქციას, რომელიც ენმ-მ ორი დღის წინ დაიწყო და ისტორიული შედარებები მოჰყავს. მისი განცხადებით, გარდა შიმშილობისა, ქვეყანას მოედება სხვა საპროტესტო აქციებიც.

ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ წერილში გადმოცემული შედარებები მაჰათმა განდისთან, მერაბ კოსტავასთან და სხვა მოშიმშილეებთან უადგილოა, და ამას სააკაშვილთან და მისი თანამებრძოლების აქციასთან არავითარი საერთო არა აქვს.

„ეს შიმშილობა ხელისუფლების დაშანტაჟების მცდელობას წააგავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობის რისკის დაყენების საფრთხის ქვეშ უნდათ, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოიყვანონ. სინამდვილეში, რომ ჩავუკვირდეთ, ამ შიმშილობის მოთხოვნა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არალეგიტიმურია, სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაული. სანდრო გირგვლიანის, 7 ნოემბრის, 9 მილიონის მითვისების საქმეებს რომ თავი დავანებოთ, მან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. აქედან გამომდინარე, მას მინიმუმ ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

„წერილში გადმოცემული შედარებები მაჰათმა განდისთან, ასევე მერაბ კოსტავასთან და სხვა მოშიმშილეებთან, უადგილოა, ამას სააკაშვილთან და მისი თანამებრძოლების ამ აქციასთან არავითარი საერთო არ აქვს, რადგან ისინი კონკრეტულად ქვეყნის გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ, რომელიც ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ეგიდით, იდეით და სულისკვეთებით იყო წარმართული. ამ შემთხვევაში კი შიმშილობა დაყვანილია ერთი კონკრეტული პიროვნების, სააკაშვილის გათავისუფლებამდე. ამას ყველა ხედავს ენმ-ს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.

„რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით საპროტრესტო აქციების მოდებას, რა თქმა უნდა შეუძლიათ, რომ სხვადასხვა ქალაქებში მინი-აქციები გამართონ, სანამ საამისოდ ფული და რესურსები ეყოფათ, მაგრამ, ჩემი აზრით, საზოგადოებაში მაინც რევოლუციური განწყობა არაა და გარდა ამისა, ამ ხნის განმალობაში სააკაშვილის პოლიტიკური წონა მნიშვნელოვნად დაეცა, ამიტომაც ვვეჭვობ, რომ მის ამ მოწოდებას ბევრი ადამიანი შეუერთდეს.

„ენმ არც მალავს, რომ დიალოგში შერიგებაში ჩართვის წინაპირობა სააკაშვილის გათავისუფლებაა, ამ მოთხოვნას არ ცვლიან, არ ცვლიან ასევე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნასაც, როცა ამისი არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ორივე არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, აქედან გამომდინარე, ესაა წმინდა წყლის პოლიტიკური დესტრუქციის კლასიკური ნიმუში, როცა სურთ, რომ ძალადობით, მიწოლით თავისი გაიტანონ.

„ჩემი აზრით სალომე ზურაბიშვილი კაბინეტური მიღებებით ცოტა არ იყოს და გაერთო და იმ მთავარს არ ამბობს, რასაც მისგან საზოგადოება ელოდება. თუ შეთანხმება რა პირობებზე უნდა მოხდეს, მან საზოგადოებას, როგორც პრეზიდენტმა და ამ პროცესის ინიციატორმა საზოგადოებას მკაფიოდ უნდა უთხრას, რომ ეს სააკაშვილის შეწყალებაზე არ გადის. ამის გამო, რადგანაც მკაფიო პასუხს არ იძლევა, ილანძღება. ორჯერ უკვე გასცა პასუხი, მაგრამ არის გარემოებები, რომლებიც ადამიანს გადაწყვეტილებებს აცვლევინებს, ესაა საერთაშორისო ფაქტორები თუ ადგილობრივი, ამიტომაც ამ მხრივ სიცხადეა საჭირო.

„სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართულ ამ პროცესს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, ეს უფრო ელიტებს შორის შერიგებაზეა ორიენტირებული, ვინც მიიღო, არცერთი მათგანი საზოგადოებაში მაღალი ნდობით და ავტორიტეტით არ სარგებლობს, ამის თაობაზე უბრალო ხალხის აზრი არავის აინტერესებს. გასაგებია, რომ ზურაბიშვილი ცოტა სნობიზმით შეპყრობილი ქალბატონია და ელიტებს შორის ტრიალი უყვარს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ იქნებ ხალხის მოსაზრებაც გაითვალისწინოს," - განაცხადა მან.

კითხვაზე რამდენად შესაძლებელია, რომ შიმშილობის აქციის გამო, სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლოდ სააკაშვილი შეიწყალოს ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ ეს მოხდება, მოხდება მოხლოდ და მხოლოდ დასავლეთის ზეწოლით და არა ენმ-ს მოთხოვნის საფუძველზე.

„ზურაბიშვილი განუჭვრეტელი პიროვნებაა, მას შეუძლია მიიღოს რაღაც ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მეინსტრიმის წინააღმდეგ მიდის, თუ მან შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, დიდი ალბათობით, ეს ისევ და ისევ დასავლეთიდან ზეწოლით, მოთხოვნით თუ რეკომენდაციით იქნება, რადგან არა მგონია, რომ ეს გასდაწყვეტილება ენმ-ს მოთხოვნის გამო მიიღოს. ასეთ შემთხვევაში ის საკუთარ თავს, როგორც პრეზიდენტს აბსოლუტურ დელეგიტიმაციას გაუკეთებს, რადგან ის იმ ამომრჩევლის ნების წინაშე წავა, ვინც ის პრეზიდენტად აირჩია,"- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×