ელზა პაპოშვილი
14.01.2022

მოერიდა თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქარულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას და რატომ ვერ შედგა პირველი ვეტო?  ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და არ შეაჩერა კანონის ძალაში შესვლა, რომლის გამოც ის თავადაც აკრიტიკებდა მმართველ პარტიას. ამრიგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საბოლოოდ გაუქმებულია. 

არ გამართლდა არც ოპოზიციის და არც თავად ლონდა თოლორაიას მოლოდინი, რომ პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებდა. ამრიგად, სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ.

მეხუთე პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ისევ უწუნებს თუმცა, კანონს ხელს მაინც აწერს.

სალომე ზურაბიშვილმა ფიქრისთვის ორკვირიანი ვადა მთლიანად გამოიყენა და „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონს, მწვანე შუქი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე აუნთო. 

პრეზიდენტის მხრიდან ვეტოსთვის აუცილებელი არგუმენტების არარსებობა ლოგიკურად მიაჩნიათ მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებების მიღება, დაჩქარებული ფორმატის მიუხედავად, საკვანძო საკითხების განხილვის შემდეგ მოხდა.  

სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილებას და გამბედაობას უწუნებენ საპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც ამ დრომდე მიუღებელია კონკრეტული კანონების როგორც შინაარსი, ასევე მათი დამტკიცების ვადებიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით პრეზიდენტი მმართველ პარტიასთან დაპირისპირებას მოერიდა. 

პოლიტიკური საკითხების ექსპერტი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ინსპექტორის სამსაახურის ორ ნაწილად გაყოფა ზოგადად ინსპექტორის ლონდა თლორაიას სამსახურიდან გათავისუფლებას ემსახურებოდა. ამის მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვების გამო იუსტიციის სამინისტროს  გამტყუნება გახდა. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმა პირად წყენად მიიღო, ამიტომაც ასეთი დაჩქარებული წესით ისნპეტორის სამსახურის ნაწილებად დაშლა გადაწყდა. ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილს აუხსნეს. ამიტომაც მან ივანიშვილთან დაპირისპირება საჭიროდ აღარ ჩათვალა და ვეტოს გამოყენება გადაიფიქრა. 

„დარწმუნებული ვარ ლონდა თოლორაიას ქმედება მან პირად შეურაცხყოფად მიიღო. ამიტომაც მან ხელისუფლებაზე გავლენა გამოიყენა, რათა როგორმე ეს ახალგაზრდა ქალბატონი დაესაჯა. დაჭერით ვერ დაიჭერდა, ამიტომ ეს სამსახური საერთოდ გააუქმებინა. მთელმა  სახელისუფლებო  გუნდმა  ფართხა-ფურთხის რეჟიმში ეს კანონი მიიღო. ერთი საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუთქვამს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო ხელისუფლებიდან ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა ნაჩქარევია. 

როგორც ჩანს მერე გააგებინეს, რომ ეს ივანიშვილის  ინტერესში შედიოდა და მანაც ვეტოსგან თავი შეიკავა. ამას თუ არ იზამდა, მაშინ ის პირდაპირ ღია დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილთან შედიოდა. როგორც ჩანს ზურაბიშვილი ხელისუფლებასთან დაპირისპირებას მოერიდა, რათა მასზე მასშტაბური შეტევა არ დაწყებულიყო. ამის მაგალითი კი გიორგი მარგველაშვილის სახით უკვე გვაქვს“, - ამბობს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“.  

რაც შეეხება პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას და პოლიტიკოსებთან შეხვედრას, ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი ამის წინააღმდეგი არ იყო. ამიტომაც ამას უფრო თამამად  აკეთებდა. მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივასთან დაკავშირებით კი ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითი პოლიტიკური აქტია, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არა აქვს. 

„ეს ე.წ. მოლაპარაკებები პრინციპულად არაფრის მომტანი არ არის. აქ აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ რაიმე სახის შედეგი დაიდოს. პრობლემა პარტიებს შორის ურთიერთობაზე არ არის. პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებობს. თუ პრეზიდენტს მაინც და მაინც შერიგება უნდა, მაშინ ივანიშვილი და სააკაშვილი უნდა შეარიგოს. ეს ხომ წარმოუდგენელია. რაც შეეხება საზოგადოებას შორის გათიშულობას, რაც ხელისუფლების  და ოპოზიციის მომხრეებს შორის არსებობს, ეს სულ სხვა პრობლემაა, რასაც პრეზიდენტი ვერ უშველის“, - ამბობს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა. ამიტმაც ის ვეტოს დაადებს თუ არა რომელიმე კანონპროექტს პირადად მისი გადასაწყვეტია. არა ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებსა თუ განცხადებებში დამოუკიდებლად მოქმედებს და საუბარი იმაზე, რომ ის „ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, ტყუილია. 

„პრეზიდენტს სრულიად დამოუკიდებლად მოქმედების  საშუალება აქვს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ის თავის ქმედებებში და გადაწყვეტილებებში შეზღუდული არავისგან  არის. თუკი ხელისუფლებამ ის კანონპროექტის მიღების აუცილებლობაში დაარწმუნა და მან ვეტოს არ დადების გადაწყვეტილება მიიღო, ამაში გასაკვირს და უცნაურს ვერაფერს ვხედავ. შესაძლოა, ზურაბიშვილი მოცემულ სიტუაციას უფრო სიღრმისეულად გაეცნო და ნახა, რომ ინსპექტორის სამსახურს კი არ აუქმებდნენ, მისი რეორგანიზაცია ხდებოდა. რაც შეეხება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მოლაპრაკებებს, არ მგონია ზურაბიშვილმა რაიმე მოლაპარკება შეძლოს პარტიასთან, რომელიც შავ სიას ქმნის და ხალხს ისევ რეპრესიებით ემუქრება. ამ ადამიანების შეცვლა ვერ მოხდება და პრეზიდენტმა რა ძალისხმევაც არ უნდა გამოიყენოს, ვერანაირ შერიგებაზე ასეთ დროს საუბარი ვერ იქნება“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×