თეონა ვეშაგური
16.04.2022

რადგან გიორგი მარგველაშვილს არ აქვს შანსი დამოუკიდებლად შექმნას პოლიტიკური ორგანიზაცია, ცდილობს ენმ-სთან ერთად დაბრუნდეს პოლიტიკაში - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს მე-4 პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტს „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და აღნიშნავს, რომ მისი ბოლო დროინდელი მოქმედებები სრულად ემსახურება ენმ-სა და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს.

ძაბირაძის თქმით, საქართველოს მე-4 პრეზიდენტი არა მხოლოდ მონაწილეობს ენმ-ის აქტივობებში, არამედ თავის გადაწყვეტილებებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც უთანხმებს, რაც თავად მარგველაშვილიც განცხადებებშიც ჩანს.

„მარგველაშვილი არ არის პარლამენტის წევრი და ამიტომ ვერ გაყვებოდა „ოცნების" საპარლამენტო დელეგაციას. მაგრამ მისი წასვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მას სურს დაბრუნება პოლიტიკაში. ამაზე მიანიშნებს მისი ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები. რადგან გიორგი მარგველაშვილს არ აქვს შანსი დამოუკიდებლად შექმნას პოლიტიკური ორგანიზაცია და ა.შ., ცდილობს ენმ-სთან ერთად დაბრუნდეს პოლიტიკაში.

„შეიძლება ითქვას, რომ მისი ბოლო აქტივობები მთლიანად „ნაცმოძრაობასა" და სააკაშვილს უკავშირდება. ამიტომ მისი წასვლა უკრაინაში გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო. მივეჩვიეთ, რომ მარგველაშვილი არის „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად.

„ამასთან, ცოტა რთული სათქმელია, საბოლოოდ როგორი იქნება მათი თანამშრომლობა, მაგრამ მისი აქტივობა ნიშნავს, რომ აქვს სურვილი დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში. დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს მანდატი გექნება თუ არა, ან იქნები თუ არა პარტიის ოფიციალური წევრი. მთავარია, რომ იმ აქტივობებში მონაწილეობს, რა აქტივობებსაც ახორციელებს ენმ და არა მხოლოდ მონაწილეობს, ფაქტიურად, სააკაშვილსაც კი უთანხმებს გადადგმულ ნაბიჯებს. ამაზე მიანიშნებს მისი ბოლო განცხადება, რომ უკრაინაში ჩასვლის საკითხზე სააკაშვილს ესაუბრა და პრეზიდენტები დგანან უკრაინის გვერდით. ამ შემთხევაში, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა და არა მან. მას შეიძლება ჰქონდა სურვილი, მაგრამ სააკაშვილის გადაწყვეტის გარეშე ვერ მოახერხებდა წასვლას", - განაცხადა ძაბირაძემ.

უკრაინაში ჩასვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, უკრაინაში მისი ვიზიტის მიზანი ქართველი ხალხის სურვილის ასრულება და უკრაინელთა მხარდაჭერაა.

„ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ - რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინაში; აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და გარკვეული ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ეს ერთად დგომა არის უცვლელი და ამას არ ცვლის არაფერი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „მთავარ არხზე".

მასთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და პარლამენტის წევრები ამავე პარტიიდან - კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე. ასევე უკრაინაშია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×