თამთა ჩაჩანიძე
12.05.2022

იმ შეიარაღებით, რაც უკრაინაში ბოლო პერიოდში დასავლეთიდან იგზავნება, რუსეთი, როგორც ჩანს, სერიოზულადაა დამფრთხალი. როგორც რუსული მედია წერს, „ემ 777 ტიპის" ჰაუბიცებთან ერთად უკრაინაში შორი მოქმედების ის ჭურვებიც ჩავიდა, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობებს, და მათ საშუალება ექნებათ მისწვდნენ რუსეთის ჯარებს მაშინ, როცა თავად მოწინააღმდეგის არტილერიის მხრიდან მიუწვდომელნი იქნებიან. აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ფრონტებზე ამ იარაღის ნაწილი უკვე გამოჩნდა და აქტიურად გამოიყენება უკრაინელი სამხედროების მიერ.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ შეიარაღებისა, რომლითაც უკრაინას ეხმარება. მათ შორისაა:

1400-ზე მეტი საზენიტო კომპლექსი „სტინგერი";

5500-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი";

14 000-ზე მეტი სხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა;

700-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი „სვიჩბლეიდი"

121 უპილოტო საფრენი აპარატი „ფენიქს გოსთი";

90 ჰაუბიცა;

200 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი;

მი-17 ტიპის 16 ვერტმფრენი;

200 ჯავშანმანქანა ემ113;

7000 ერთეულზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი და ა.შ.

როგორც რუსული მედია წერს, მოწოდებული ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ძალების შესაძლებლობებს მნიშნელოვნად ზრდის.

„შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რამდენიმე ათეული ათასი ემ-549 ტიპის აქტიური სარაკეტო ჭურვი გაუგზავნა, რომლის ფრენის დიაპაზონი 30 კილომეტრამდეა. ეს მნიშვნელოვნად აფართოებს უკრაინელი სამხედროების მიერ დარტყმების შესაძლებლობებს. ზრდის სამიზნეების ტერიტორიას თითქმის 17 კვადრატული კილომეტრით, სტანდარტული საბრძოლო მასალის გამოყენებასთან შედარებით.

„საერთო ჯამში, აშშ-მ უკრაინას მიაწოდა 90 მსუბუქი ბუქსირებული 155-მმ-იანი ჰაუბიცები, მისი მაღალი მობილურობის გათვალისწინებით, შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას იმ რეგიონებს, რომლებიც უკვე რუსეთის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშაა."- წერს რუსული გამოცემა „ავია.პრო".

მედიასაშუალება ასევე წერს, რომ სამხედრო ექსპერტების თქმით, გაგზავნილი იარაღის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა იქვე დასძენს, რომ „უკრაინული წყაროების თანახმად, ჩასული დასავლური იარაღი უკვე აქტიურად გამოიყენება".

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა „ლენდ-ლიზის" კანონს, რომელსაც შეერთებულ შტატებში მხარი დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა. „ლენდ-ლიზი" მეორე მსოფლიო ომის დროს შემუშავებული პროგრამაა, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს, სწრაფად მიაწოდოს იარაღი თავის მოკავშირეებს, ამ შემთხვევაში კიევს.

გარდა აშშ-სა უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და სხვა დასავლური ქვეყნები. ისინი ახლა ძირითადად შემტევ იარაღს უგზავნიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×