ელზა პაპოშვილი
19.05.2022

უკრაინის ომის 85-ე დღე- უკრაინისთვის დ მსოფლიოსთვის კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია „აზოვის“ პოლკის მებრძოლების ბედი, რომელებიც რუსულ მხარეს ტყვედ ჩაუვარდნენ და ისინი ამ ეტაპზე რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

მარიუპოლში, ფოლადის ქარხნის ტერიტორია 1700-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ დატოვა. მათგან 80 დაჭრილი იყო. ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებია. ამ ვერსიას, ოფიციალური კიევი ჯერ არ ადასტურებს. სულ, ამავე წყაროს ცნობით, მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე 2500-მდე მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე უცნობია ისიც, თუ სად გადაჰყავთ ოკუპანტებს ჩხრეკის და ტრანსპორტში გადანაწილების შემდეგ უკრაინელი სამხედროები. მოსკოვი ირწმუნება, რომ „აზოვსტალიდან“ მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქალაქ ელენოვკაში სამკურნალოდ ჩაიყვანეს. მაგრამ არსებობს ალტერნატიული ვერსიაც, რომ „აზოველები“ ე.წ. ფილტრაციის ბანაკში არიან, სადაც, შესაძლოა, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

ვერსიები განსხვავებულია, ისევე როგორც „აზოვის“ მებრძოლთა გამოყვანის პროცესის შეფასება. კიევი მას ევაკუაციას უწოდებს, რუსეთი კი ტყვედ ჩაბარებას. აქამდე, განსხვავებული იყო ცნობები ქარხნიდან გამოყვანილი სამხედროების შესახებაც. 

ევაკუაციის პროცესის შეფერხებების გარეშე დასრულებისთვის, „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ანდრეი ბილეცკის თქმით, ნებისმიერი განცხადება, ან თუნდაც სოციალური ქსელით გავრცელებული პოსტი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

მანამდე კი ისტორიები განსხვავებულია. ოკუპანტების პროპაგანდისტულ არხზე, 16 მაისს დონეცკელი სეპარატისტების ბატალიონ „ვოსტოკის“ მეთაურმა ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ განაცხადა, რომ „აზოვის“ პოლკის წარმომადგენლები თეთრი დროშით გამოვიდნენ. რასაც მალევე მოჰყვა ვიდეო მასალა. თუმცა, კადრების აუთენტურობა, ამ დრომდე არ არის დადგენილი.

ამ განცხადებიდან მალევე გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეომასალა, ამჯერად უკრაინელი ბლოგერების მიერ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ „აზოვის“ პოლკის წევრებს დროშები არ ჰქონიათ. მათ მხოლოდ დაჭრილი თანამებრძოლები გამოიყვანეს. ესეც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელებისგან ამის ბრძანება მიიღეს.

გადაწყვეტილება შესაძლოა რუსეთმა შეცვალოს. ეჭვებს ამყარებს ის ფაქტი, რომ  დუმაში ე.წ. „ნაცისტი დამნაშავეების“ გაცვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

ტყვეების გაცვლის პროცედურის დაბრკოლების კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, პუტინის კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი გახდეს. ცნობილი ხდება, რომ ზუსტად 8 დღეში რუსეთის უზენაესი სასამართლო „აზოვის“ პოლკს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

ჯერჯერობთ უცნობია, კიდევ რამდენი მებრძოლი რჩება მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე. აქამდე არსებული ინფორმაციის თანახმად იყო 2500 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 600 მძიმედ დაიჭრა.    

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაციის პროცესი გრძელდება, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთის მხრიდან აზოველებზე გაკეთებული განცხადებები წმინდა წყლის პროპაგანდაა.

ანა მალიარის განმარტებით, სამაშველო ოპერაცია რთული ეტაპებისგან შედგება და ნებისმიერმა გასაჯაროებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, პროცესი და თავად მარიუპოლის მცველები დააზიანოს.

„რუსეთს აქვს თავისი პოლიტიკური პროცესები. შესაბამისად, ამ სამაშველო ოპერაციისა და მოლაპარაკებების დროს, სხვადასხვა ადამიანისგან განსხვავებული განცხადებები გვესმის. ისინი უნდა აღვიქვათ, როგორც რუსეთის შიდა პროპაგანდისტული მიზნისთვის გაკეთებული განცხადებები.

მესმის გრძნობების, რომლებმაც ახლა მთელი ჩვენი ქვეყანა მოიცვა, რადგან ესენი არიან ჩვენი დამცველები, ჩვენი გმირები და ჩვენ ყველა ყველაფერს ვაკეთებთ მათ გადასარჩენად. მესმის, რომ ყველას უნდა იცოდეს რაიმე ინფორმაცია მაინც, მაგრამ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რადგან სამაშველო ოპერაციას რამდენიმე კომპლექსური ეტაპი აქვს. ეს პროცესი ძალიან სენსიტიურია. ნებისმიერმა ინფორმაციამ, რომელსაც ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ, შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც თავად პროცესს, ასევე ჩვენს დამცველებს.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აქტივისტებს, მზრუნველ ხალხს, რომლებიც, ცდილობენ განახორციელონ საინფორმაციო კამპანიები კონკრეტული ადამიანის გაცვლისთვის. ხშირად ეს ართულებს მოლაპარაკების პროცესს. ამ საკითხზე პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ,“ - ამბობს ანა მალიარი.

აზოვის პოლკის მებრძოლის ოლეგ სუპერეკას განცხადებით, აზოვსტალის ქარხნიდან არა მარტო აზოვის პოლკის, არამედ 21-ე და 36-ე ბრიგადების წარმომადგენლებიც გაიყვანეს.

აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფთაგან ბევრი გაიყვანეს. სხვათა შორის, არა მხოლოდ აზოვის ბატალიონის, არამედ 21-ე და 36-ე ბრიგადების წარმომადგენლებიც, შესაძლოა, სხვა ნაწილებიდანაც. ესენი ყველა დაჭრილები არ არიან, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

ჯერჯერობით, ბევრი სიახლე არ გვაქვს, ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან და ზოგიერთს სამედიცინო დახმარება უტარდება, სამწუხაროდ, ეს არის მთელი ინფორმაცია, რაც გვაქვს,“ - აცხადებს ის.  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან აზოვის პოლკის მებრძოლების რუსებისთვის ჩაბარების ბრძანება სწორია, რადგანაც მათი სიცოცხლე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მებრძოლების ასე გაწირვა წარმოუდგენელი ტრაგედია იქნებოდა. ამიტომ უკრაინას მათ გადასარჩენად სხვა გზა არ ჰქონდა. 

„უკრაინის ხელისუფლებისთვის და მითუმეტეს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ძალიან დიდი  ტრაგედია იქნებოდა, თუკი აზოვის პოლკის მებრძოლების ასე უბრალოდ დაღუპვას დაუშვებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც სხვა გამოსავალი აღარ არსებობდა. გასაგები იყო, რომ სიტუაცია ასე დასრულდებოდა. სადღაც 2000-მდე კაცი ჯერ კიდევ აზოვსტალში რჩება და  როგორც ჩანს მათი ევაკუაცია და ჩაბარებაც ნელ-ნელა მოხდება. მარიუპოლი და აზოვსტალი უკვე რუსების ხელშია და იქ რაიმე წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა. აზოვის პოლკის მებრძოლების  82-დღიანი ბრძოლის ეპოპია დასრულებისკენ მიდის. 

მესიმის აზოვის პოლკის მებრძოლების და მათი ოჯახის წევრების განწყობის, რომლებიც ხელისუფლებაზე ნაწყენები იყვნენ, მაგრამ ომში ყვლაფერი ხდება და ნებისმიერი სმახედრო ომში მზად არის, რომ შესაძლოა მსგავსი რა მოხდეს. კი ბატონო, იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული უკრაინელების მხრიდან, მაგრამ გულუბრყვილოები რუსებიც არ არინ. ომი მათაც იციან. ქარხნის ტერიტორიაზე ისეთი სპეცრაზმი შეიყვანეს, რომელიც მსგავს ბრძოლებში გამოცდილია. ასევე იმ სახის აკრძალულ ბომბებს თუ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ, რომ 3000-მდე ადამიანს მეტი რაღა უნდა ექნათ. 100-კილომეტრიან დერეფანს და ალყას კი უკრაინის ჯარი ვერ გაარღვევდა. შეცდომა ის იყო, რომ უკრაინელებს  ეგონათ აზოვსტალის ქარხანაში რუსები 5 თვე მაინც ვერ შევიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა,“ - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.  

მისი თქმით, აზოვის პოლკის რუსებისთვის ჩაბარებას უკრაინის ჯარზე გარკვეული გავლენა ექნება, მაგრამ მათი ქარხანაში დარჩენა და ასე უბრალოდ დაღუპვა უფრო დიდი ტრამვა და შოკი იქნებოდა, რაც თავად უკრაინელ ხალხშიც დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. აზოვსტალის გარშემო უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ უკვე გარკვეული უკმაყოფილების მუხტი გროვდებოდა, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება ყველა მხრივ საუკეთესოა. 

„რა თქმა უნდა, აზოვის პოლკის ჩაბარება უკრაინის ჯარზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, მაგრამ მათი დაღუპვა საერთოდ კატასტროფა იქნებოდა. ეს ხალხი იქ რომ დარჩენილიყო და ასე უბრალოდ დახოცილიყვნენ, დამიჯერეთ უკრაინის ხელისუფლების რეიტინგიც დაეცემოდა და მოსახლებაში დიდი ნიჰილიზმი გაჩნდებოდა. ჯარის დემორალიზებას გამოიწვევდა. ამიტომ ეს არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მოვლენები საბოლოო ჯამში როგორ დასრულდება. მოხდება თუ არა ტყვეების გაცვლა და რა ვადებში, ამ ხალხს რუსები როგორ მოექცევიან, ხომ არ მოხდება მათი წამება და ა.შ. მოვლენების შემდგომ განვითარებას დიდი  მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს მაისაია „რეზონანსთან“. 

ფიქრობს, რომ ქალაქი მარიუპოლი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით ორივე ქვეყნისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. ამიტომ რუსები ახლა სტრატეგიულად ბევრად მომგებიან სიტუაციაში იქნებიან. 

„რუსები მარიუპოლს ზურგის გამაგრებისთვის გამოიყენებენ. ლოჯისტიკური თვალსაზრისით მათთვის ეს ქალაქი ძალიან ღირებულია. ამით დონეცკის რეგიონის ანექსიის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ. მარიუპოლში მყოფი შეიარაღებული ძალების ნაწილები უკვე სხვა ფრონტებზე გადანაწილდებიან. იგივე თუნდაც დონეცკის მიმართულებით. ამან კი შესაძლოა დონბასში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევის საფრთხე გააჩინოს“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×