ია აბულაშვილი
20.05.2022

ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანაში არსებული კრიზისის ნიშნები სრულფასოვან პოლიტიკურ კრიზისში გადაზარდოს და ამისთვის ბრძოლის ყველა მექანიზმს გამოიყენებს, - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" „ნაცმოძრაობის" ახალ ინიციატივაზე საუბრისას, რომ ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტი დატოვონ.

იგორ კვესელავა: დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, მაგრამ არის პოლიტიკრი კრიზისის ნიშნები. ამ ვითარების გამოყენება ოპოზიციამ კარგად დაიწყო და ბრძოლის ყველა მექანიზმს მიმართავს, იქნება ეს აქციები თუ პარლამენტის ბოიკოტირება. აქციები უკვე დაიწყო ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით. მე ვფიქრობ, რომ გვარამიას დაპატიმრება ხელისუფლების დიდი შეცდომაა. გაუგებარია, ამ ვითარებაში, როცა ერთი თავის ტკივილი - სააკაშვილის საქმე არ გაქვს მოგვარებული, მეორე თავის ტკივილი აიტეხო. ხომ იცოდნენ, რომ გვარამაის დაკავება შინ თუ გარეთ აღქმული იქნება როგორც მედიასთან ბრძოლა?! პატარა პოლიტიკური გამჭრიახობა ხომ უნდა გქონდეს, განჭვრიტო, ამას რა მოჰყვება?! ახლა ეს თემა ყველამ აიტაცა - „გვარამია პოლიტიკური ნიშნით იდევნება", რასაც, ვფიქრობ, დიდი რეზონანსი მოჰყვება. მერე ეს საქმე უნდა გამოასწოროს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა? მერამდენედ აყენებენ პრეზიდენტს უხერხულ მდგომარეობაში.

„რ": ბოიკოტის გეგმას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ იზიარებს და ამბობენ, რომ ბოიკოტი სუსტი სტრატეგიაა. თქვენი აზრით, ვინ შეუერთდება „ნაციონალების" ბოიკოტს?

ი.კ: ბოიკოტი არის მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება, ამ ტაქტიკას ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებდა და ვფიქრობ, რომ სწორი ტაქტიკაა. ისინი ცდილობენ სიტუაციის უფრო გამწვავებას, საპარლამენტო კრიზისს მოჰყვება კრიზისი საკრებულოებში. ორი-სამი თვე ბოიკოტი და ყველა დაინახავს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული სისტემაა. ანუ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ვინ გაჰყვება ბოიკოტის გზაზე „ნაცმოძრაობას," რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვაობა. „ლელომ" და გახარიას პარტიამ, არა მგონია, ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

„რ": „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ინიციატივას ქვეყანაში „მოლდოვური მოდელის" დანერგვასთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდით?

ი.კ: ძალიან მგრძნობიარე თემაა და ეხება ემიგრანტებს. ოპოზიციამ მოძენა ეს თემა და სხვათა შორის ემიგრანტების დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიციას უჭერს მხარს. რატომ არ იმუშავა ამდენ ხანს ხელისუფლებამ ემიგრანტებთან და არ გამოიყენა ეს რესურსი? ოპოზიციის ეს გათვლა სწორია და მე მხარს ვუჭერ. ამ მოდელით ოპოზიციას მთლიანობაში შეუძლია 200 ათასი ხმის მობილიზება. ხელისუფლებამაც ხომ დაიწყო საარჩევნო კამპანია და შექმნა ქალთა პოლიტიკური ორგანიზაცია, იყო ერთი დიდი ტაში, ტაში და ტაში, ასეთი მხოლოდ კომუნისტების დროს მახსოვს.

„რ": თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ოპოზიციას მხოლოდ ორი თემა აქვს - სააკაშვილი და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ოპოზიციაც არ მალავს, რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით. გამოსავალი ამ ოლიგარქის სანქცირებაა.

ი.კ: „ნაცმოძრაობამ" ამ მიმართულებითაც ჩააგდო წყალში წვეთი, რომელსაც შეუძლია, ბიძინას პოლიტიკის ფერისცვალება გამოიწვიოს. ბიძინა არის მთავარი ღერძი და „ოცნებას" ეს ღერძი თუ გამოეცლება, მაშინვე დაიშლება. ივანიშვილის პოლიტიკის ფერისცვალება დაიწყო, მისი კატასტროფული საკადრო პოლიტიკის შედეგებს კი დღეს ვიმკით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×