ელზა პაპოშვილი
20.05.2022

რა პროცესები შეიძლება ქვეყნის შიგნით განვითარდეს „მთავარი არხის“ ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ და რა შემთხვევაში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი მისი შეწყალების გადა წყვეტილებას? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“  ინტერვიუში მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუკი დასავლეთიდან გარკვეული აქტიურობა იქნება. როგორც ეს ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი  უგულავას  და ნიკა რურუას შემთხვევაში მოხდა. ფიქრობს, რომ ამაზე ზეგავლენას შიდა  პოლიტიკური პროცესები ნაკლებად მოახდენს და არც არსებობს იმის მოლოდინი, რომ ნიკა გვარამიას გამო ხალხი ქუჩაში გამოვა და პოლიტიკურად აქტიური პროცესები დაიწყება.  

ვახტანგ ძაბირაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება არა იმაზე, რას იტყვის „ოცნება“, ირაკლი კობახიძე ან „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ დასავლეთიდან წამოსულ რეაქციებზე. „ოცნებამ“ ალბათ ეს იცოდა და ამას დიდი  ანალიტიკური გათვლა არ სჭირდებოდა. დასავლეთს ახლა გაცილებით დიდი  პრობლემები აქვს, ვიდრე გვარამია და მისი  დაპატიმრებაა. მეორე, ალბათ იქნება რჩევა, რომ სამართლებრივად ყველა  პროცედურის გამოყენება მოხდეს და სამივე ინსტანციის სასამართლო ჯერ საქართველოში გაიაროს, შემდეგ კი საქმე სტრასბურგში წავიდეს.    

ამიტომ მგონია, რომ პრეზიდენტი გვარამიასთან დაკავშირებით ასე სასწრაფო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუ დასავლეთი მხოლოდ განცხადებებს გააკეთებს და ამ მიმართულებით მეთოდური მუშაობა არ წავა, მაშინ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი იქნება.

„რ“: გვარამიას დაკავება ქვეყანის შიგნით პოლიტიკურ პროცესებს შეცვლის? 

ვ.ძ:  პოლიტიკური ვითარება მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანაში მაინც არ შეიცველბა. ოპოზიციამ რაღაც აქცია დაანონსა, მაგრამ ვნახეთ, რა რაოდენობის ხალიც მივიდა.  ალბათ რუსთაველზე გასეირნება მოენატრათ, სხვა რა შეიძლება ითქვას. ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ ქუჩის აქციები ხალხს აღარ უნდა. სააკაშვილის დაკავების გამო ქუჩაში არავინ გამოვიდა და გვარამიას გამო ვინ გამოვა. 

„რ“: რაც შეეხება ოპოზიციის ვერსიას, რომ ბიძინა  ივანიშვილმა პირადი შურისძიების მოტივით გვარამიას დასჯა გადაწყვიტა და ამას ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან აკავშირებენ. რამდენად რელურად მიგაჩნიათ? 

ვ.ძ: ვფიქრობ, ეს სრულიად უარგუმენტო და ლოგიკას მოკლებული ბრალდებებია. არ ჩანს ივანიშვილი ისეთი მეწვრილმანე კაცი, რომ ნიკა გვარამია პირადი შეურაცხყოფების გამო დაეპატიმრებინა, ამას გამოკიდებოდა და ახლა მითუმეტეს ევროინტეგრაციის პროცესისთვის დაემთხვია. მეორე მხარე  კი ისაა, რომ სააკაშვილსა და გვარამიას შორის კოლოსარული სხვაობაა. სააკაშვილი აგერ არ ჰყავს, თუ რამისთვის გამოყენება უნდა ან ვინმეს დაშანტაჟებას აპირებს. გვარამია ვინაა, რა სახის პოლიტიკური ფიგურაა  რომ ის ივანიშვილისთვის რამე ღირებულებას   წარმოადგენდეს. სააკაშვილს მილიონ ნახევარი მხარდამჭერი ჰყავს და გვარამიას ალბათ კაცნახევარი. ამიტომ ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა, როცა ამბობენ, რომ ივანიშვილმა ის კოზრად გამოიყენა და რაღაცაში სავაჭროდ გამოიყენებს. მეორეც თუ დასავლეთს გვარამიასთან დაკავშირებით რამის თქმა უნდოდა, პრემიერი ბრიუსელში არ იყო? ადგებოდნენ და რამეს ეტყოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება. 

„რ“: ფიქრობთ, რომ ოპოზიციას და თავად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ სააკაშვილი მიავიწყდათ? რატომ გახდა მისი ფიგურა ასეთი უმნიშვნელო მისავე ამომრჩეველში? 

ვ.ძ:  სააკაშვილს დაკავებამ ხალხში არანაირი სახის პროტესტი არ გამოიწვია, გვარამიას დაპატიმრებამ რატომ უნდა გამოიწვიოს? სააკაშვილის ფიგურაც ამდენი წუწუნით და თავის მობეზრებით ხალხის თვალში უფერულდება. ამიტომ ივანიშვილს უკვე არც გვარამია და არც სააკაშვილი მოწინააღმდეგეებად ალბათ აღარც  მიაჩნია. ხალხის თვალში ისინი იმდენად უფერული პოლიტიკური ფიგურები არიან, რომ პირიქით, ივანიშვილს ბოლო დროს ალბათ ნერვებსაც ვეღარ უშლიდნენ.         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×