ვანო მთვრალაშვილი: დიდი ალბათობით მომავალ თვეებში ვითარება გაუმჯობესებისკენ წავა
ირაკლი ლომიძე
10.05.2021

ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ამ მხრივ აპრილი პოზიტიური აღმოჩნდა, მარტთან შედარებით, მცირე ზრდა აღინიშნა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მთავარია, დინამიკა შეიცვალა, რაც თვეების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო. თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საავიაციო ნავღის იმპორტი მაინც კლებაშია. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით , ანუ 6,1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (24,9 ათასი ტონა) და 4,2 ათასი ტონით, ანუ 420%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,0 ათასი ტონა)  შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,4%  (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,5% (0,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,6% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 9,6% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 3,8% (0,2 ათასი ტონა) - იტალიიდან.

2021 წლის იანვარ-აპრილის  განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 16,2 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით, ანუ 16,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 63,6%  (10,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,7% (1,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,2% (1,5 ათასი ტონა) - იტალიიდან, 6,2% (1,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 6,2% (1,0 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 3,1% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

როგორც   ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, აპრილში უდავოდ პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა და გაიზარდა როგორც საავიაციო ნავთის, ასევე საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი. 

"ვხედავთ, რომ მიმდიანრე წელს, განსაკუთრებით მარტი-აპრილიდან ვითარება უმჯობესდება. სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები იხსნება. მომდევნო თვეებშიც არის მოლოდინი, რომ გადაიწევს ,,კომენდანტის საათის“ დრო, რაც დიდი შეღავათი იქნება. საბოლოოდ, ვითარება გაუმჯობესებისკენ წავა. 

გარდა ამისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპაში ვაქციანაცია დაწყებულია, რაც აჩენს იმედს, რომ ტურიზმის სექტორი და ინდუსტრიაც პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს საქართველოში. ველოდებით, ზაფხულში ტურიზმი ზრდას დაიწყებს და საჰაერო მიმოსვლაზეც დადებით გავლენას მოახდენს. დიდი ალბათობით მომავალ თვეებში ვითარება გაუმჯობესებისკენ წავა“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, საცხებ-საპოხი მასალების ძირითადი მომწოდებელი რუსეთია, შემდეგ - თურქეთი, ხოლო მესამე ადგილს გერმანია იკავებს და მერე უკვე - ირანი.

,,საცხებ-საპოხი მასალების იმპორტში ირანის როლი საკმაოდ აქტიურია. ეს გამოწვეულია იმ მოცემულობით, რაც ავტომფლობელებს აქვს მოთხოვნა ფასთან დაკავშირებით, თუმცა ხარისიხის მხრივ ირანული პროდუქცია ნაკლებად მისაღებია. ფასიდან გამომდინარე, მისი სტანდარტი შედარებით დაბალია სხვა მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციისგან განსხვავებით. მიუხედავად ამისა, რეალიზაცია აქტიურია. 

საავიაციო ნავთის ძირითადი მომწოდებელი თურქმენეთია, აქ ხარისხის თემა გადამწყვეტია. სტანდარტი მარალ დონეზეა და ფასიც შედარებით ოპტიმალურია“, - დასძინა ვანო მთვრალაშვილმა.                         

2021 წლის აპრილში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,59 ათასი ტონა, რაც 0,06 ათასი ტონით, ანუ 3,9%-ით მეტია მარტის თვის მაჩვენებელთან (1,53 ათასი ტონა) შედარებით და 0,82 ათასი ტონით, ანუ 106,5%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (0,82 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მიმდინარე წლის აპრილში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,49 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,30 ათასი ტონა (18,9%); გერმანია - 0,18 ათასი ტონა (11,3%),  ბელგია - 0,11 ათასი ტონა (6,9%); და სხვ.

2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 5,38  ათასი ტონა, რაც 0,37 ათასი ტონით, ანუ 7,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (5,01 ათასი ტონა) შედარებით.

2021 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,97 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის თურქეთი - 0,95 ათასი ტონა (17,7%); გერმანია - 0,61 ათასი ტონა (11,3%); ირანი - 0,49 ათასი ტონა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×