ზაფხულის განმავლობაში შესაძლოა, ქართულმა ვალუტამ 3.0-იანი ნიშნული უკან მოიტოვოს
თიკა სიბოშვილი
08.06.2021

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარის კურსმა გეზი დასტაბილურებისკენ აიღო. გუშინ, დღის ბოლოს „ბლუმგერგის" სავაჭრო პლატფორმაზე 1 ამერიკული დოლარი 3.13 ლარი ღირდა. გამოდის, რომ ეროვნულმა ვალუტამ სწრაფი გამყარების ფაზა გაიარა და ახლა წონასწორობის ნიშნულს ეძებს. უახლოეს პერიოდში, წესით, 3.10-ის ფარგლებში უნდა იტრიალოს, ხოლო ზაფხულის ბოლოსთვის შესაძლოა, 3.0-საც კი ჩაცდეს.

დიდი გაუფასურებისა და ასევე ნახტომისებური გამყარების შემდეგ, სავალუტო ბაზარზე დადებითი ნიშნებია. ბოლო 3-4 დღეა, ლარი მუდმივად მყარდება. აშკარად გამოკვეთილია, რომ ლარის გამყარებას კიდევ უნდა ველოდოთ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ზაფხულის განმავლობაში შესაძლოა, ქართულმა ვალუტამ კიდევ 10-15 პუნქტით გაიუმჯობესოს პოზიცია და 3.0-იანი ნიშნული უკან მოიტოვოს. 

სხვადასხვაგვარი პროგნოზი ისმის ფინანსისტების მხრიდან. როგორც პროფესორმა ლია ელიავამ „რეზონანსთან" აღნიშნა, ლარი სამომავლოდ გაუფასურებას გააგრძელებს,  თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დროზეა დამოკიდებული.

„როცა ეროვნული ბანკი წლიურ ანგარიშს განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, ლარი ორ-სამ კვირაში ისევ გააგრძელებს ვარდნას და დაუბრუნდება პოზიციებს, საიდანაც დაიწყო გამყარება. როგორ განვითარდება მოვლენები, რა თქმა უნდა,  ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული, ჯერჯერობით კი სტაბილურობა შენარჩუნდება.

გასათვალისწინებელია დოლარის საგრძნობი შესუსტება მსოფლიოში. აშშ-ის ეკონომიკაში გარკვეული პრობლემებია და დოლარი „იაფდება". ქვეყანაში არის მაღალი ინფლაცია, გაზრდილია უმუშევრობა, რაც მოქმედებს ამერიკული ვალუტის კურსზე. შესაბამისად, ეს აისახება საქართველოზეც, თუმცა აშშ ამ პრობლემას მალე მოაგვარებს, დოლარის სიმყარე იქნება უზრუნველყოფილი და მერე უკვე ლარიც დაიწყებს ვარდნას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ელიავამ.

ლარის გამყარება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს, რაც თავისთავად  აუმჯობესებს ბიზნესსა და მოსახლეობის კეთილგანწყობას. ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ტურიზმის აღდგენა - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელთა შემთხვევაშიც ქართული ფული გამყარებას გააგრძელებს. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე სწორედ ამ მოვლენებთან გვაქვს საქმე და ლარიც ყოველდღე იუმჯობესებს პოზიციებს. მართალია, ეს უკვე ნელ-ნელა ხდება, თუმცა ფაქტია, გამყარების პროცესი, ჯერჯერობით, ისევ გაგრძელდება. 

„რეზონანსი“ დაინტერესდა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძის პოზიციითაც, თუ რა მოლოდინია ლარის კურსთან დაკავშირებით საბანკო სექტორში. როგორც მან აღნიშნა, ახლა საკმაოდ კარგი ვითარებაა შექმნილი იმისათვის, რომ ლარმა სტაბილიზაცია გააგრძელოს, თუმცა რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს პროცესი, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.

„არარეალურია მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივებზე პროგნოზის კეთება. ახლა საუბარია ზაფხულის პერიოდზე, რომ მაქსიმალურად სტაბილური იყოს გაცვლითი კურსი, თუმცა შენარჩუნდება თუ არა წლის ბოლომდე ასეთი ტენდენცია, დღესდღეობით რთულად პროგნოზირებადია.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ზაფხულში ლარი სტაბილურდება, თუ რამე სხვა ფაქტორები არ მოქმედებენ მასზე. რეალურად ახლა ეკონომიკაში საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესმა და სხვა მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი მოიტანა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ძნელაძემ და დასძინა, რომ ლარი თუ იმაზე მეტად გამყარდება, ვიდრე რეალურად უნდა იყოს, ეროვნული ბანკი პროცესში ჩაერევა.

„თეორიულად, თუ იმაზე მეტად გამყარდება ლარი, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკი ჩაერევა და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობას, მინიმუმ, ზაფხულის პერიოდში“, - დასძინა ალექსანდრე ძნელაძემ.

ახლა მნიშვნელოვანია, კურსმა გამყარების ტენდენცია გააგრძელოს და მერე უკვე სტაბილურობა შეინარჩუნოს. ფაქტია, ასეთი პროცესი ყველა მიმართულებით ძალიან კარგ შედეგს მოიტანს, თუმცა ფინანსისტებს მაინც ეჭვი არ ასვენებთ. ანალიტიკოს დავით წიქარიძის აზრით, ახლა რთული სათქმელია, რატომ მყარდება ლარი, რადგან პროცესები ბუნებრივად არ მიმდინარეობს.

„მართალია, ლარი გამყარდა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რატომ მოხდა ასე. სავარაუდოა, რომ მანიპულაციებს აქვს ადგილი და ბუნებრივი პროცესი არ მიმდინარეობს. ამ ყველაფრის უკან რაღაც ხდება. გაცვლითი კურსის ჩამოყალიბება არაფერს ექვემდებარება - არც პროგნოზს, არც რეალურ სიტუაციას და არც ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ რთულია ამაზე პროგნოზის გაკეთება“, - აღნიშნა წიქარიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×