ფასების მოთოკვა მინიმუმ რამდენიმე თვე შეუძლებელი იქნება
თიკა სიბოშვილი
03.11.2021

საქართველომ ვერა და ვერ შეძლო მაღალი ინფლაციისთვის თავის დაღწევა. პირიქით, ქვეყანაში პროდუქციაზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს კარგა ხანია 4-ჯერ გადააჭარბა და ოქტომბერში 12.8%-ს მიაღწია. ამ ფონზე კი, მოლოდინი კიდევ უფრო უარესია, რადგან ფასების სტაბილიზაციაზე პასუხისმგებელი ორგანო (ეროვნული ბანკი) ვერაფერს ახერხებს.

ქვეყანაში პროდუქცია ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ძვირდებოდა. მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთრის მოლოდინშია და დიდი ალბათობით, ინფლაციის მოთოკვა კიდევ რამდენიმე თვე შეუძლებელი იქნება. სამომხმარებლო კალათაში განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271-ის ფასი გაიზარდა, მათ შორის 139-ში ორნიშნა პროცენტული ნიშნით და ორ შემთხვევაში სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით.

როგორც ექსპერტი სოსო სიმონიშვილი აღნიშნავს, ის მდგომარეობა, რაც ახლა ქვეყანაშია, ძალიან ცუდია.

„ბოლო დროს მსოფლიოში განსაკუთრებით დიდი სისწრაფით ძვირდება ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა ენერგომატარებლები, რაც შემაშფოთებელია. მთავრობის შესაბამისმა სამინისტროებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს.

როდესაც ენერგომატარებლები ძვირდება, ცხადია, ის იწვევს ყველაფრის გაძვირებას, შესაბამისად, აისახება ფასებზე და არის კიდეც მაღალი ინფლაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს უნდა მიეღო შესაბამისი ზომები, რაც ვერ დავინახეთ.

ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება, შევხედოთ საწვავის ფასებს, მოსალოდნელია გაზის გაძვირებაც, რაც უკვე ითქვა კომერციულ ტარიფთან მიმართებით. ამას თავისთავად ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის ზრდა მოჰყვება. იმავდროულად იმოქმედებს პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ექსპორტის შემცირება და ამან კიდევ უფრო ძლიერად „დაარტყას" ინფლაციას და საბოლოო ჯამში, ცხოვრების დონე მკვეთრად გააუარესოს," - აღნიშნა სიმონიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას და დასძინა, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია, მალე გამოსწორდეს.

„ეროვნული ბანკი პირდაპირ ფასებზე ვერ იქნება პასუხისმგებელი, რადგან ეს არ არის მის კომპეტენციაში, თუმცა შეულია გარკვეული კორექტირება. ერთ-ერთი არის ის, რომ გააიაფოს კრედიტი, განსაკუთრებით საინვესტიციო, რაც გამოიწვევს წარმოების ზრდას და ადგილობრივი პროდუქციის სამომხმარებლო ბაზარზე მოჭარბებას. საბოლოოდ, ეს გაზრდის მოსახლეობის შემოსავალს და მერე უკვე შეამცირებს ინფლაციას.

თუმცა, ეროვნული ბანკი მოქმედებს ყოველთვის პირიქით, აძვირებს კრედიტს და ცდილობს, რომ ინფლაცია შეამციროს ფულის მასის რაოდენობით, რასაც აქვს მხოლოდ დროებითი ეფექტი და გრძელვადიან პერიოდში იწვევს უკუეფექტს", - დასძინა სიმონიშვილმა.

ისედაც მძიმე პერიოდში, ქვეყანა წლის ბოლოს კიდევ უფრო რთულ, ინფლაციურ წნეხში მოექცა. სამწუხაროა, თუმცა მთავრობა და ეროვნული ბანკი მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და მდგომარეობის გამოსასწორებლად ჯერაც არაფერს აკეთებენ. ეროვნული ბანკი კატასტროფულად მაღალ ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ებრძვის, რასაც ფაქტია, შედეგი არ აქვს. ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, მონაცემები საგანგაშოა, რაც ძალიან ცუდად აისახება მოსახლეობაზე.

„ინფლაცია, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს, ნამდვილად საგანგაშოა, რადგან ის რეალურად ამცირებს თითოეული მოქალაქის შემოსავლებს და ხალხს რჩება ნაკლები თანხა. რასაკვირველია, მსოფლიოშიც ყოველთვის იყო ინფლაციური პროცესები, თუმცა იქაური ინფლაციური ტენდენციის ზეგავლენა შესაძლოა, მაქსიმუმ 2% იყოს, ხოლო, რაც ჩვენ გვრჩება, 8% და მეტია, რაც მოქალაქეებისთვის მძიმეა.

წლის ბოლოა, შესაბამისად, სადღესასწაულო განწყობებიდან და მოთხოვნილებიდან გამოდინარე, პროდუქციაზე ისედაც იზრდება ფასები, ამიტომ ლოგიკურია, რომ მომავალი თვეებისთვის პროგნოზი კარგი არ იქნება, რადგან მაჩვენებელმა შესაძლოა, 14-იან ნიშნულსაც კი გადააჭარბოს", - აღნიშნა გერლიანმა „რეზონანსთან" საუბრისას.

ინფლაცია არა მხოლოდ, საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც შეინიშნება, რაც თავისთავად ქვეყანაში შემოტანილ პროდუქტზე მოქმედებს. მსოფლიო ბაზრების ანალიტიკოსების ინფორმაციით, ტოტალური გაძვირების მიზეზი ხორბლის მაღალი ფასია, რაც გავლენას სხვა კატეგორიის საკვებ პროდუქტებზეც მოახდენს. კერძოდ, ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე, 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, ერთი ბუშელი ხორბლის საბაზრო ღირებულებამ 8 დოლარს გადააჭარბა, მარტის ფიუჩერსები 8,08 დოლარამდე გაიზარდა. ხორბლის ფასი ზედიზედ მეექვსე თვეა იზრდება, ხოლო მხოლოდ ოქტომბერში ის 6,5%-ით გაიზარდა. სააგენტო ასევე მიიჩნევს, რომ მარცვლეულზე ფასების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს უკვე სხვა საკვები პროდუქტების მატებაც მთელ მსოფლიოში.

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს, მოსალოდნელია ადგილობრივ ბაზარზე ფასების კიდევ უფრო მომატება, თუმცა როდისთვის მოხდება ეს, ჯერ ცნობილი არ არის.

,,ფასები მსოფლიოში ყველაფერზე იზრდება. 2 მთავარი ფაქტორი, რაც საქართველოში პროდუქტის ფასზე აისახება, გლობალური ფასი და ლარის კურსია. შესაბამისად, ვიღებთ იმ მოცემულობას, როგორიც დღეს სამომხმარებლო ბაზარზეა. ველოდებით, რომ ფასები მოიმატებს, მაგრამ რა მაჩვენებლით და კონკრეტულად რა პერიოდიდან, ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ.

ფასები მიბმულია ეროვნული ვალუტის კურსზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ აღმავალი ტრენდია ფასებში. ჩვენ ვითვალისწინებთ ასევე საწვავის ფასსაც, რაც ასევე მაღალი მაჩვენებლითაა გაძვირებული, ხოლო ლოგისტიკა პირდაპირ დისტრიბუციაზეა მიბმული.

გასათვალისწინებელია რეგიონის ფაქტორიც, თურქული ლირა უფასურდება, ეს ტენდენცია თუ დიდხანს გაგრძელდება და იქ დაიწყება ფასების შემცირების პროცესი, ამას ქართული ბაზარიც იგრძნობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა დავიცვათ ეროვნული ვალუტა და ლარიც არ მიჰყვეს ლირას, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა", - განუცხადა ივა ჭყონიამ „კომერსანტს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×