ეროვნული ვალუტა განსაკუთრებით გაიუმჯობესებს პოზიციებს ევროსთან მიმართებით და შეიძლება, 3,40-იან ნიშნულსაც ჩამოსცდეს
თიკა სიბოშვილი
17.11.2021

დიდი გაუფასურების შემდეგ, ლარი განუხრელად ადგას სტაბილიზაციის გზას. აშკარად გამოკვეთილია პროგნოზი, რომ ლარმა გაუფასურების პიკური პერიოდიც უმტკივნეულოდ გადალახა და ნაადრევად დაადგა გამყარების გზას. ახლა მნიშვნელოვანია ამის შენარჩუნება. კურსი 3,13-ის ფარგლებში ტრიალებს და, სავარაუდოდ, კიდევ გაიუმჯობესებს პოზიციებს. საინტერესოა, როდემდე შენარჩუნდება პოზიტიური ტენდენცია?

მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზრისთვის ყველაზე კრიტიკული თვე ნოემბერი უნდა ყოფილიყო, ლარმა სწორედ ახლა დაიწყო გამყარება, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ უმნიშვნელოდ გაუფასურდა. გამოდის, რომ პროცესები სასიკეთოდ შემობრუნდა და ახლა უკვე ნაკლებად სავარაუდოა მდგომარეობის გაუარესება. „რეზონანსი“  შეეცადა გაერკვია, არის თუ არა ვითარების გაუარესების საშიშროება და კიდევ ერთხელ ხომ არ აღმოვჩნდებით სავალუტო რყევების წინაშე.

როგორც ფინანსისტი ნიკა შენგელია აღნიშნავს, პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და კურსის მკვეთრი ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია.

„ვვარაუდობთ, რომ თვის ბოლომდე ლარის კურსის მიმართ დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება. სავარაუდოდ, 5 დეკემბრიდან  შეიძლება დაიწყოს კორექტირება 3.16-3.17-ის ფარგლებში, თუმცა ამის მაღალი ალბათობაც არ არის, ზოგადად კი წლის ბოლომდე კურსი ნამდვილად სტაბილური იქნება“, - აღნიშნა შენგელიამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ახლა, როცა ქვეყანაში საფინანსო ბაზარზე პოზიტიური ნიშნებია, აუცილებელია  მიღწეულის შენარჩუნება და გაუმჯობესებაც კი. ახლა დიდი როლი ტურიზმის მიმართულებას აკისრია. რაც უფრო სწრაფად აღდგება სტუმარმასპინძლობის სექტორი, მით უფრო მეტად გამყარდება ლარის კურსი. ამასთანავე, აუცილებელია ეკონომიკის სრულად აღდგენა და ექსპორტის გაზრდა. 

აღსანიშნავია, რომ ლარი ევროსთან მიმართებითაც საფუძვლიანად გამყარდა და შესაძლებელია, სულ მალე 1 ევროს ღირებულება 3,30-3,40-იან ნიშნულს მიუახლოვდეს. გარემოებები, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენს ეროვნულ ვალუტაზე გავლენას, გაუმჯობესებულია. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა საბანკო სფეროს ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. 

„ლარის სტაბილიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორით არის განპირობებული, პირველ რიგში ეს არის გასულ წელთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა. ოქტომბრის ჩათვლით, საშუალო შეწონილიც კი არის ორნიშნა მაჩვენებელი - 11,3%. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტი, თუ ჩვენ ავიღებთ მიმდინარე ანგარიშს, იგი არის ისტორიულ მინიმუმზე - 40%-ზე.

კურსზე, ძირითადად, მოქმედებს სავალუტო ბალანსი, რაც არის უცხოური ვალუტის შემოდინება და გადინება. დღეს ვხედავთ, რომ აღდგა ტურიზმი პროგნოზირებულზე მაღალ მაჩვენებელზე. ამან ხელი შეუწყო ლარის სტაბილიზაციას, რაც აშკარად გამოხატულია“, - აღნიშნა ცუცქირიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ლარის სტაბილურობას პოლიტიკურმა პროცესებმაც ვერ შეუშალა ხელი.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ პოლიტიკურ რყევებს, რომლებიც ბოლო ერთი თვეა ქვეყანაში. არჩევნები, პირველი და მეორე ტურები, საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოწვევებითა და ოპოზიციის მხრიდან მიტინგებით აღინიშნა, რაც დღემდე გრძელდება. მიუხედავად ამისა, ლარი არის მყარი, რადგან ძირითადი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არის კარგ დონეზე. ამიტომაც წლის ბოლომდე არანაირ რყევას არ ველოდებით, თუ რაიმე ექსტრემალური არ მოხდა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ცუცქირიძემ.

ფაქტია, რომ ლარის კურსის სტაბილიზაცია იძლევა იმის იმედს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა შესაძლოა, სულ მალე გამოსწორდეს. ასევე, ამას ემატება თითქმის გახსნილი ეკონომიკა, რაც თავისთავად პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. აშკარაა, რომ სფეროს სპეციალისტები დადებითად არიან განწყობილი და ლარის გაუფასურებას აღარ ელოდებიან. პარალელურად, აშკარად გამოიკვეთა, რომ მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარებას კიდევ ელის.

სამომავლოდ, მოკლევადიან პერიოდში, დოლარის გაძლიერების ალბათობა, როგორც ჩანს, უფრო მაღალია, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში „თიბისი კაპიტალი" ფსონს მაინც შედარებით ძლიერ ევროზე დებს. რაც შეეხება ლარს, „თიბისის" მოლოდინი ძირითადად უცვლელია - სავარაუდოდ, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ, იმავდროულად, გლობალურად აშშ დოლარის გამყარებაც გასათვალისწინებელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×