გადაზიდვისა და კონტეინერების მომსახურების სპეკულაციურმა ფასმა არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში არანახული კრიზისი გამოიწვია
ირაკლი ლომიძე
18.11.2021

პანდემიამ მსოფლიო ვაჭრობა თავდაყირა დააყენა.  ფასთა ახალი სისტემა, რომელსაც დანარჩენ სამყაროს ჩინეთი კარნახობს, სხვა ქვეყნებისთვის მიუღებელია, თუმცა ბევრი იძულებულია, ამ რეალობას მოერგოს, ზოგიც, მათ შორის საქართველო, ალტერნატიულ გზებს ეძებს. უკვე არავინ ეჭვობს, რომ გადასაზიდი კონტეინერების მომსახურები ღირებულება გაზრდილია ხელოვნურად, მანიპულაციების საფუძველზე და სინამდვილეში არანაირი დეფიციტი არ არსებობს. ეს თემა მოგონილია, რათა ფასების არნახული ზრდა როგორმე გამართლდეს. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს ინფლაციას მსოფლიოში და საქონლის მიწოდების მხრივაც ქმნის პრობლემას. 

ყველა თანხმდება, რომ შეუძლებელია, კონტეინერების მომსახურების ტარიფი ძველებურ ფასს დაუბრუნდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი დანელიამ და განაცხადა, რომ გადაზიდვის ღირებულება ძველ ნიშნულამდე ვერ ჩამოვა და ერთი კონტეინერის ფასი ვეღარ გახდება 3000 დოლარი მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში.

„ცხადია, ინტერკონტინენტული გადაზიდვების ალტერნატივა და მისი განვითარებაც უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა გააჩნია და გეოგრაფიული მოცემულობაც ხელს უწყობს. ინფრასტრუქტურული კუთხით გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ასევე სახელმწიფოთა შორის შეთანხმებების უზრუნველყოფა. ამ პროცესში ეკონომიკური დიპლომატია უდიდეს როლს თამაშობს, შესაბამისად, სახელმწიფოთა მესვეურებს შორის მოლაპარაკებებმა ინტენსიური ხასიათი უნდა მიიღოს”, - განაცხადა დანელიამ ,,ბიზნესპარტნიორტთან“.

რაც შეეხება ალტერნატიულ გზებს, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც გადაზიდვების მაღალი ფასი უშუალოდ შეეხოთ და პრობლემას განიცდიან, გამოსავალს დამოუკიდებლად ეძებენ. ნაწილი ფიქრობს, რომ გლობალურ ვაჭრობაში პრიორიტეტი მიენიჭება სახმელეთო გადაზიდვებს. რაც შეეხება ქვეყნებს, როგორც ,,გრინპაკის“ დამფუძნებელმა პაატა აბრამიამ ,,რეზონანსთან“ განაცხადა, ჩინეთი შეიძლება ჩანაცვლდეს, მაგალითად, თურქეთით ან ინდოეთით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებიდან საქონელი შედარებით ძვირი ღირს, თუმცა ტრანსპორტირება გაცილებით იაფია ჩინეთთან შედარებით და ფასს საბოლოოდ ამით დააბალანსებენ. რაც შეეხება კონტეინერების დეფიციტს, ეს სიმართლე არ არის და პრობლემა ხელოვნურად აგორდა.

,,ჩინეთიდან იმპორტი უკვე ვეღარ მუშაობს და ალტერნატივა შეიძლება გახდეს თურქეთი და ინდოეთი, რა მიმართულებითაც ბიზნესი გადაწყობას მოახერხებს. ხარჯის ზუსტი ოდენობა არ ვიცით, თუ რა ეღირება ამ ქვეყნებიდან გადაზიდვები, პრაქტიკულად ახლა ვსწავლობთ. სხვა ბაზრებს და დეტალებში მალე გავერკვევით. ჩინეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება წამგებიანია, ამიტომ  კარგი იქნება, თუ ბაზრების დივერსიფიცირებას მოვახდენთ. ჯერჯერობით ეს შეიძლება იყოს თურქეთი და ინდოეთი, დანარჩენი დროთა განმავლობაში გამოჩნდება. რაც აზიის ქვეყნებში ხდება, სრული კატასტროფაა“, - განაცხადა აბრამიამ და დასძინა, რომ ხელოვნურად შექმნეს ეს პრობლემა და მოიგონეს კონტეინერების დეფიციტი, რათა გლობალური გაძვირება გაემართლებინათ.

,,მანიპულაციებით ამართლებენ გადაზიდვის მაღალ ფასს. ერთი კონტეინერის დაქირავება 2500 დოლარზე ძვირი არ ჯდებოდა და უკვე 15 000-დან 20 000 დოლარამდე ავიდა. როგორ შეიძლება, ჩინეთი კონტეინერების დეფიციტს განიცდიდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია. რაღაც დროის მონაკვეთში მართლაც რომ შექმნილიყო ეს პრობლემა, ჩინეთი უკვე გამოასწორებდა ამ სიტუაციას, მაგრამ არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ  მსოფლიოს მაღალ ფასს კარნახობს, ასე აწყობთ და იმიტომ. მსოფლიო ბაზარზე ახალი წესრიგია და ჩვენ, პატარა მოთამაშეები ვზარალდებით“, - აღნიშნა იმპორტიორმა.

განსახვავებული მოსაზრებისაა „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი. მართალია, ისიც ფიქრობს, რომ ტარიფები ხელოვნურად არის გაზრდილი, თუმცა ამ პროცესს დროებით მოვლენად მიიჩნევს და აცხადებს, რომ როგორც კი პანდემია გადაივლის, ბიზნესი მთელ მსოფლიოში  დაიბრუნებს სტაბილურობას.

,,არნახული სიძვირეა მთელ მსოფლიოში, ფასები ყოველგვარი ლოგიკის გარეშე იზრდება და ჩვენ ვზარალდებით. ჩინეთიდან იმპორტი 500%-ით არის გაძვირებული და ეს პროცესი გრძელდება, არანაირი შემაკავებელი მექანიზმი არ არის იმისა, რომ ფასების კლება გამოიწვიოს.  საბოლოოდ იმპორტდამოპკიდებულ ქვეყნებს დიდი პრობლემა გვექმნება. 

ქართველები ჩინურ ბაზრებზე უკვე ვეღარ აქტიურობენ, მათი პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა, სამაგიეროდ, ალტერნატივას ვეძებთ. რამდენადაც ვიცი, ბევრი იმპორტიორი თურქულ ბაზრებზე აპირებს გადართვას, ზოგან დაიწყო ეს პროცესი, რადგან სხვა გამსოავალი არ დარჩა. თურქული საქონლის ღირებულება მაღალია, მაგრამ ტრანსპორტირება ნაკლები ჯდება, რითაც მთლიანი ხარჯი ბალანსდება. კიდევ დიდხანს გაგრძელდება ლოგისტიკის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, სანამ პანდემიაა, მერე გზაც უფრო ნათლად გამოჩნდება“, - განაცხადა იაშვილმა ,,რეზონანსთან“.

ჩინეთში შექმნილ პრობლემასა და მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ უცხოელი ანალიტიკოსებიც. "თაიმსის" ინფორმაციით, პრობლემა თითქმის მთელი 2022 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც საქონლის 10-12%-ით გაძვირებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, სუეცის არხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2022 წლის 11 თებერვლიდან არხში გავლის საფასური 6%-ით გაიზრდება. რაც  სატრანსპორტო ხარჯების მატებას და შესაბამისად, საქონლის გაძვირებასაც გამოიწვევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×