მიუხედავად ბირჟებზე ნავთობის ფასის მკვეთრი კლებისა და ლარის გამყარებისა, ნავთობიმპორტიორების გადაწყვეტილება ერთსულოვანია
სანდრო მდივანი
29.11.2021

დიდი ზრდის შემდეგ, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება ზედიზედ მესამე კვირაა მცირდება. როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითი ტენდენცია არ აისახება ქართულ ბაზარზე. რა იწვევს ზრდის მყისიერ და კლების, საუკეთესო შემთხვევაში , სამი კვირის შემდეგ ასახვას ქართულ ბაზარზე და როგორია მოკლევადიანი პროგნოზი? დღეს საწვავის ფასზე უამრავი რამ არის დამოკიდებული და მისი გაიაფების შესაძლებლობის იგნორირება, დიდი დანაშაულია.

კარგა გლობალურ ბაზრებზე საწვავი საგრძნობლად იაფდება.  „შავი ოქროს“ ღირებულებამ პარასკევის სავაჭრო სესიაზე ნახტომისებურად დაიკლო. წინა კვირას ბრენტის ტიპის ნავთობი 72-დოლარიანი მაჩვენებლით დაიხურა, ხოლო ორშაბათს 1 ბარელის ფასი 74 დოლარს არ გასცდენია. ზაფხული-შემოდგომის განმავლობაში ნავთობი 83-86 დოლარის ფარგლებში ტრიალებდა და მასთან შედარებით, ეს სერიოზული ვარდნაა. ზოგადად საერთაშორისო ბირჟებზე კლების ტენდენცია შეინიშნება 12 ნოემბრიდან მოყოლებული. საქართველოში კი სამომხმარებლო ბაზარი გლობალურ საფასო ტენდენციას დაგვიანებით ან საერთოდ არ პასუხობს. 

როგორც  ნავთობის ბაზრის უცხოელი ანალიტიკოსები წერენ, ფასების მკვეთრი ვარდნა ჭარბი მიწოდების მოლოდინმა განაპირობა, რომელიც ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის შესახებ რამდენიმე ქვეყნის გადაწყვეტილებამ გააღვივა. ამას დაემატა ნავთობპროდუქტების მოთხოვნის შემცირების მოლოდინი, რაც, თავის მხრივ, კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენას მოჰყვა.

საქართველოში 1 ლიტრი "რეგულარის" მარკის ბენზინი 0.84 ევრო ღირს, "პრემიუმი" - 0.88 ევრო, "სუპერი" კი - 0.91 ევრო. დიზელის საწვავის ფასი 0.84 ევროს შეადგენს. არავის აქვს პასუხი, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების პარალელურადაც რატომ იზრდება საქართველოში საწვავის ფასი. 

კითხვის ერთ-ერთი ადრესატი ბიზნეს ასოციაციაა, რომლის პრეზიდენტი თავად ფლობს მსხვილ ქსელურ ავტოგასამართ კომპანიას. საუბარია "ვისოლზე", რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სიძვირით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ეს კომპანიაა ეჭვმიტანილი ბაზარზე ფასებით მანიპულირებაში და მომხმარებლების გულისწყრომას, პირველ რიგში, სწორედ "ვისოლი" იწვევს. საპროტესტო აქციებიც  უმეტესად სოსო ფხაკაძის კუთვნილი კომპანიისკენაა მიმართული. 

იმ დროს, როდესაც "ვისოლის" მფლობელი მედიას ბევრ რამეზე უნდა ესაუბრებოდეს, ფხაკაძე 29 ნოემბერს ჟურნალისტების შეკითხვას საერთოდ გაექცა. საპენსიო ფონდთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე, ბიზნესმენმა არაერთ კითხვას გასცა პასუხი, თუმცა როცა საწვავის ფასთან დაკავშირებით დაისვა კითხვა ფხაკაძამ განაცხადა - "უკვე ყველა კითხვას ვუპასუხე". 

ამ დროს მომხმარებლისთვის არაერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. მათ შორის ისიც, რატომ არ ემორჩილება საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს საქართველო. მძღოლები საწვავის მაღალ ფასს დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან. პროტესტის ერთ-ერთი, ყველაზე მწვავე, ფორმა მათ მიერ „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ჩასხმაზე უარის თქმა იყო. სამწუხაროდ, მათი მფლობელები სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ამჯობინებენ.

მიუხედავად განსხვავებული რიცხვებისა, „სენტას“ დირექტორის ზაალ იაკობიძის მტკიცებით, საქართველოში ფასების დინამიკა მსოფლიო ტენდენციას მიჰყვება.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საწვავის ფასის ცვლილების დინამიკა როგორც ჩვენს ქსელში, ისე მთლიანად ქვეყანაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდაა. საწვავის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ნავთობის საერთაშორისო ფასზე კლების სტაბილური ტენდენცია იქნება. გაიაფებაზე დადებით გავლენას მოახდენს აქციზის შემცირებაც.

თუ აქციზის გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, ფასი 20-25 თეთრით შემცირება გახდება შესაძლებელი. მოსახლეობისთვის ეს ცალსახად დიდი შვება იქნება. ცალკე საკითხია, რამდენად მისაღები და შესაძლებელია ასეთი ცვლილება ბიუჯეტისთვის. აღნიშნულს გათვლა და დაანგარიშება სჭირდება,“ - აღნიშნა ზაალ იაკობიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან". 

საწვავის ფასის ბოლოდროინდელი კლების მიუხედავად, მაღალ ფასში ლოგიკას ხედავს აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი. რეალური გაიაფების ბერკეტი კი აქციზის 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნებაა.

„საწვავის ასეთი გაძვირების მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება გლობალურ ბაზრებზე. ამჟამად ნავთობის ფასი ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა ასული და თუ, მაგალითად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ნედლი ნავთობის ფასი 100%-ზე მეტად არის გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ნავთობის საერთაშორისო ფასების სწრაფი ზრდა ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებისა.

ხშირად ამბობენ, რომ ნავთობის ფასი 80 დოლარის ზევით ადრეც ყოფილა და მაინც ასე არ გაძვირებულა საწვავი. ეს ლეგიტიმური კითხვაა და ამასაც აქვს მიზეზი. საქმე ისაა, რომ თუ გასულ პერიოდს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 1 დოლარის ღირებულებაც არ ასულა 3-ლარიან ნიშნულს ზემოთ. დღეს კი უკვე ვხედავთ, რომ  დოლარი სტაბილურად 3 ლარზე მეტი ღირს. ფაქტობრივად, ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული იპოვა. სწორედ ესაა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ასე კოლოსალურად გაძვირების მიზეზი.

„თუ იმაზე ვსაუბრობთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა, რათა მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქოს, აქ ორი გამოსავალი არსებობს: პირველი – ეროვნული ვალუტის გარკვეული სტაბილიზაცია, რომლის რესურსიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, არსებობს. დღეს ეროვნული ვალუტა იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. 

მეორე გამოსავალი საგადასახადო ნაწილში “იმალება”¬. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აქციზის განაკვეთი ნავთობპროდუქტებზე 2017 წელს გადაიხედა: ბენზინის აქციზი გაორმაგდა, ხოლო დიზელის – გასამმაგდა. საქმე კი ის არის, რომ იმხანად ბიუჯეტში ერთჯერადი დეფიციტი გვქონდა, რაც გადასახადების ესტონურმა მოდელმა განაპირობა. ეს იყო ერთჯერადი საჭიროება. ამის შემდგომ შეგვეძლო აქციზის განაკვეთი ძველ ნიშნულზე დაგვებრუნებინა, რაც საწვავის ფასებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოხერხდა. შესაბამისად, საქართველოში შედარებით იაფი საწვავი აღარ გვაქვს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ბაირახტარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×