მთავრობამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, ახალი ეკონომიკური გეგმები დასახა
ირაკლი ლომიძე
10.01.2022

მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით როგორც მთავრობის, ასევე ეკონომისტების პროგნოზი ძალზე ოპტიმისტურია. მაღალ ეკონომიკურ ტემპს ეჭვქვეშ, ფაქტობრივად, არავინ აყენებს. ნოემბერში ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% აჩვენა, რაც დეკემბერში კიდევ უფრო მეტი იქნება. ეს 2021 წლის საბოლოო შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ამჟამად პრობლემაა ის, რომ, მაღალი ინფლაციის გამო, ეკონომიკური ზრდის სარგებელს მოსახლეობა რეალურად ვერ გრძნობს, თუმცა მთავრობა იძლევა პირობას, რომ, გაზაფხულიდან მოყოლებული, ეს გამოწვევაც დაიძლევა.

11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს. ჯამში, დაახლოებით, იმავე დონეზეა მოსალოდნელი წლიური მაჩვენებელიც, რაც 2,5-ჯერ მეტი იქნება თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,  მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით, 59.6 მილიარდ ლარს მიაღწევს.

„11 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტის ზრდამ შეადგინა 26.7 პროცენტი, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ - 28.7 პროცენტი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან მიმართებით, 112 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 37 პროცენტი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ივლისიდან მოყოლებული, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური თვის 50 პროცენტს აჭარბებს (ნოემბერში 55%). პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25.4 პროცენტით გაიზარდა. პირველ 3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშს დეფიციტი მშპ-თან მიმართებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, მათ შორის, მესამე კვარტალში - 6.1 პროცენტული პუნქტით. წლიურად, ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წელს 10.5 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში დაუბრუნდება 5-პროცენტიან მაჩვენებელს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, წელს ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი და ამ ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ამ მიმართულებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითები დაამუშავა.

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზეც, რომლებიც  გამოწვევაა ქვეყნისთვის. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ინფლაცია მყისიერად სწორედ კოვიდპანდემიის ფონზე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა. გაზაფხულიდან ინფლაციის დონე, სავარაუდოდ, დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს - 3-4%-ის ფარგლებში. 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა - მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. ფაო-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, პარალელურად ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირზე შეინიშნება მკვეთრი მატებამთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს- 3-4 % მაქსიმუმ. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ველოდებით ამ მომენტს და ამ ეტაპზეც ძალიან აქტიურად ვერევით ფასების დასტაბილურების პროცესში, ინფლაციის მოთოკვის პროცესში. იცით, რომ მთელი რიგი ინიციატივაა სხვადასხვა საქონელთან მიმართებით - მედიკამენტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის ახალი მინისტრი ამზადებს წინადადებას, ასევე მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ საექსპორტო პროდუქცია გაიზარდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე, ასევე გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება სხვადასხვა მიმართულებით, შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება“, - განაცხადა თურნავამ.

ანალოგიური მოსაზრებისაა ინფლაციასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი  ლაშა ხუციშვილიც, რომლის შეფასებითაც, ფასების ინდექსი შემცირებას უკვე პირველი კვარტალის ბოლოს დაიწყებს და წლის ბოლოს მიუახლოვდება დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს.

„საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოშიც.

მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლის გატარებაც ხდება ფისკალურ ნაწილში, დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არ გადაიზრდება ეს ყველაფერი გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში. ჩვენი შეფასებით და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ინფლაცია დაიწყებს შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო მონაცემებზე, რომლებიც წელს მართლაც რომ შთამბეჭდავად გამოიყურება. 2021 წელს ბიუჯეტში ორჯერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 მილიარდ 226 მილიონი ლარით გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 13 მილიარდ 271 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 13 მილიარდ 380 მილიონი ლარი შეადგინა.

მთავრობის ოპტიმიზმს იზიარებენ ექსპერტებიც, რომლებმაც „ბიზნეს-რეზონანსთან“ ეკონომიკური ზრდის რეალურ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, დეკემბერში იქნება მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თუმცა, მისივე თქმით, მოსალოდნელია ასევე მაღალი ინფლაცია, რაც ეკონომიკური ზრდის მასტემულირებლად ითვლება.

სპეციალისტების შეფასებით, წლიური ზრდის მაჩვენებელი მეტი იქნება როგორც საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე, რაც 10%-ს შეადგენს, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წლიურ საპროგნოზო 7-8.5-პროცენტიან მაჩვენებელზეც, რაც, ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით,  ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ზრდის კარგ პერსპექტივებზე მიანიშნებს.

„მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის კუმულაციური მაჩვენებელი (3.3 პროცენტით) აღემატება 2019 წლის იანვარ-ნოემბრის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ნოემბერში მზარდი იყო როგორც დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რაც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 32.6%-ით არის გაზრდილი, ასევე ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც 28.5 პროცენტით აღემატება 2020 წლის მონაცემს. 

2021 წლის ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის უმრავლეს სექტორში, როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ვაჭრობის, საკვების მიწოდების საქმიანობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორებში, რომლებიც ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან “, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ეკონომიკის საპროგნოზო სწრაფი ზრდა პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმებისა და შემოსავლების ზრდაზე, ასევე წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო სარეიტინგო მაჩვენებლებზე, რაც ასტიმულირებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასაც. 

ინვესტიციებზე აკეთებს აქცენტს ეკონომისტი ირაკლი ლატარიაც, რომლის შეფასებითაც, თუკი პანდემიური ვითარება არ გაუარესდება, მოსალოდნელია ინვესტიციების საგრძნობი ზრდა, რაც ასევე, ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედებს, თუმცა რა დონეს მიაღწევს იგი, ეკონომისტმა ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„2021 წელს ეკონომიკა გაიზარდა იმ პერიოდთან შედარებით, როცა „ლოქდაუნი“ იყო. ახლა ბევრი რამ  დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტზე, როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. არსებული ტემპი თუ შენარჩუნდება და ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებები განხორციელდება, ზრდას კიდევ უნდა ველოდოთ. ტრადიციულად, თებერვლის ბოლოდან და მარტის დასაწყისიდან, ინვესტორები გააქტიურდებიან. მთავარია, ხელის შემშლელი ფაქტორები გამოირიცხოს. ასეთ პირობებში თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი, მინიმუმ, შენარჩუნდება, თუ კიდევ არ მოიმატა.

საყურადღებოა, რომ ჩვენ ინვესტიციების შემოდინებების გარეშე გვქონდა ზრდა, ახლა კი გარკვეული პროექტები უნდა განხორციელდეს, რაც  დამატებით სასიკეთო გავლენას მოახდენს, თუმცა რა მაჩვენებელს მიაღწევს, პროგნოზი მიჭირს, პანდემიამ ეკონომიკური გათვლები არაპროგნოზირებადი გახადა.  ყველაფერი გათვლილია, რომ კოვიდი, მინიმუმ, არსებულ დონეზე დარჩეს. რა ეკონომიკური ზრდაც გვაქვს, ტემპი უნდა შენარჩუნდეს და პირველი კვარტალის შემდეგ მივიღოთ კიდევ უფრო მაღალი ზრდა“, - განაცხადა ირაკლი ლატარიამ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

ეკონომისტები ინფლაციის მაჩვენებლის გაუმჯობესებას 2022 წლის ბოლომდე ელოდებიან. სპეციალისტები ფასების რეკორდულ ზრდას პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებს უკავშირებენ. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ინფლაცია გლობალური პრობლემაა და ბევრ ქვეყანას შეუქმნა დისკომფორტი. 

"შეიძლება ითქვას, რომ წელი საკმაოდ წარმატებული იყო. მოსახლეობაზე მაინც დიდი გავლენა იქონია ფასების ზრდამ, რომელიც მომდევნო წელს დარეგულირდება. ინფლაცია საკმაოდ მტკივნეული იყო სხვა ქვეყნებისთვისაც, ეს გლობალური პრობლემაა. გამოჯანსაღების კუთხით კი, საქართველოს გარკვეული პროგრესი მაინც ჰქონდა," - განაცხადა ჭარაიამ.

„საქსტატის " შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.7%-ია.

ნოემბერში საქართველოში ბიზნესის (დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა) ბრუნვამ 9.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით ეს თანხა 32.6%-ით არის გაზრდილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×