საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა, მაგრამ მისი მიღების შემთხვევაშიც კი, აღსრულება ძალიან ძნელი იქნება
რეზონანსი
12.05.2022

მთავრობა ცდილობს, რომ ოჯახში დასაქმებულ ქალთა უფლებების დაცვის მოტივით კონტროლი დაწესდეს. სწორედ ასეთ ცვლილებას ისახავს მიზნად  თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო  კვლევა, რომელიც  არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული ქალების უფლებებს შეეხება. ანგარიშში იქვე ჩანაწერია, რომ ამისგან ,,სახელმწიფო ვერ იღებს შემოსავალს“ და აჩენს ეჭვს, რომ შესაძლებელია არაფორმალური შრომის ბაზარზე გარკვეული ტიპის გადასახადი დაწესდეს, როგორიც ვთქვათ, ბინის გამქირავებლებს დაუწესდათ.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შესაძლოა, ამით არაფორმალური დასაქმების წილი შემცირდეს, მაგრამ კონტროლი და სფეროში დასაქმებულთა აღრიცხვა რეალურად შეუძლებელია და არც შესაბამისი რესურსი მოეპოვებათ.

საკანონმდებლო ინიციატივის მოტივად არაფორმალურ სექტორში, ძირითადად, ოჯახებში დასაქმებული ადამიანების ძალადობისგან დაცვა სახელდება.  შესაბამისად,  ეს საკმაოდ ფაქიზი თემაა და არ არის გამორიცხული დამსაქმებლებს საშემოსავლოს გადახდა დააკისრონ, თუნდაც დასაქმებულის ხარჯზე.

სპეციალისტების შეფასებით, არაფორმალურ სექტორში აღრიცხვის თვალსაზრისით მსგავსი ინიციატივა შეიძლება გამართლებულად მიიჩნეოდეს, მაგრამ სინამდვილეში მისი განხორციელება დიდი პრობლემა იქნება, რადგან საამისოდ კონტროლის არანაირი რესურსი არ არსებობს და კანონი აღსრულების მხრივ შეიძლება ნებაზე იქნას მიშვენული, როგორც კერძო ბინების გამქირავებლების შემთხვევაშია.

ასე ფიქრობს ეკონომისტი რამაზ გერლიანი, რომლის აზრითაც, ცვლილება ალბათ არაფორმალური ეკონომიკის შემცირებას ემსახურება, მაგრამ ამ საკითხის გაშლა გენდერული კუთხით, არაეფექტურია და არც აღსრულება უწერია.

,,ინიციატივას თვითდასაქმებულთა აღრიცხვის კუთხით რომ შევხედოთ, კარგია, მაგრამ არაეფექტური. ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინმე შემოსავალს რომ მალავს, კონკურენტებს უქმნის პრობლემას, რომლებიც ფორმალურად მოქმედებენ. მეორე მხრივ კი, ეს სენსიტიური თემაა, მხოლოდ ქალთა უფლებების კუთხით მიდგომა არაეფექტურია. ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ კონკურენციას შევუწყობთ  ხელს და ამასთან საგადასახადო ტვირთს შევამსუბუქებთ, მათ შორის, ფორმალურ დასაქმებაში.

სხვადასხვა ურთიერთობებზეა საუბარი, დაწყებული დეკლარირების გამარტივებიდან, აღრიცხვის სისტემით დამთავრებული. ეს თუ არ მოხდა, იატაკქვეშეთში დასაქმების პრობლემა ყოველთვის გვექნება, რაც პანდემიამაც გვაჩვენა. აღმოჩნდა, რომ ათი ათასობით დასაქმებულს ხელშეკრულებაც არც კი ჰქონდა დამსაქმებელთან გაფორმებული, რაც დღესაც დიდი პრობლემაა“, - განაცხადა გერლიანმა ,,რეზონანსთან“.

მისივე თქმით, შრომის კოდექსის ის მუხლები, რაც დასაქმებულს იცავენ, რეალურად ვერ სრულდება და ნებისმიერი მსგავსი ინიციატივა წინასწარ წარუმატებლობისთვის არის განწირული.

,,არსებული რესურსით ოჯახში დასაქმებულთა სრული კონტროლი შეუძლებელია. ამ საკითხს  წესიერი განხილვა უნდა, რაც ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტის მიერ უნდა იყოს დანახული და არა იურისპრედენციიდან. შეიძლება კანონის სახით მიიღონ, მაგრამ მისი აღსრულება მერე ძალიან გაჭირდება. ანალოგიური მდგომარეობაა თუნდაც ბინების გამქირავებლების მიმართ. საბინაო მეურნეობა საერთოდ არ კონტროლდება და არც არის ამის რესურსი, ფაქტობრივად ხელი აქვთ აღებული, თუმცა კანონი ავალდებულებთ, რომ  აღრიცხვიანობა ხდებოდეს.

არათუ ბინის მფლობელებთან, სასტუმროებთანაც კი ანალოგიური პრობლემაა. ვთქვათ, 10 ვიზიტორიდან  5 ან 6 გაფორმდეს, დანარჩენი არსად ჩანს. ასეთ შემთხვევებს მინიმალურ დონეზე დავიყვანთ თუ მთავრობა საგადასახადო ტვირთს შეუმსუბუქებს, სხვა სახის კონტროლი ძნელად წარმოსადგენია“, - განაცხადა გერლიანმა.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ოჯახში დასაქმება ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კანონმდებლობით რეგულირდება და მოქალაქეები იხდიან ამ ტიპის გადასახადსაც, თუმცა ამისთვის საქართველო ჯერჯერობით მზად არ არის. ,,სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მსგავსი გადასახადის დაწესება საბოლოოდ  შეიძლება ისევ დასაქმებულებს დააწვეს ტვირთად.

,,მესმის, როცა ძალადობაა, არსებობს პოლიცია და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე ხდება რეაგირება. რაც შეეხება ოჯახში დასაქმებულებს, ისინი არიან არაფორმალური მშრომელები, რადგან მათი უფლებების დაცვაზეა საუბარი, განსაკუთრებით ძიძებს გამოვყოფ. აქ ნამდვილად არის ძალადობის მეტი რისკი, ხშირია შემთხვევები, როცა ცუდად ექცევიან ძიძებს, არის ცემის ფაქტები, ემოციური ფაქტორითაც მანიპულირებენ,  ვინაიდან ბავშვი უყვართ და ხშირად ამის გამოც არ მიდიან ოჯახიდან, თანაც, სამუშაოს შენარჩუნებას ცდილობენ და სხვა.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამ ტიპის ურთიერთობებს კანონი არეგულირებს, არის გადასახადებიც, თუმცა ჩვენთან ჯერჯერობით მარტივად არ არის საქმე. დიდი რისკია, რომ ასეთი საგადასახადო ტვირთი დასაქმებულის ხელფასზე აისახოს, ოჯახში მომუშავეების დიდ ნაწილს მიზერული ანაზღაურება აქვს და შეიძლება უფრო მეტადაც შეუმცირდეთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ ,,რეზონანსთან“.

ცნობისთვის, თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ რეკომენდაციები გაავრცელა. საბჭოს შეფასებით, ოჯახში დასაქმების მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისი სტრატეგიისა, ხედვისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება.

„სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არაფორმალურ/ოჯახში დასაქმებასთან მიმართებით საკანონმდებლო რეგულირებისა და აღსრულების მექანიზმების არარსებობაა, რის გამოც სახელმწიფოს კონტროლსა და მეთვალყურეობის მიღმაა დარჩენილი ეს ურთიერთობები. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს არც კონტროლის მექანიზმი და არც შესაბამისი შესაძლებლობა ოჯახში დასაქმებულებს შესთავაზოს სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. ამასთან, სახელმწიფოს გამოწვევაა ისიც, რომ ამ ურთიერთობებიდან სახელმწიფო ვერ იღებს ვერანაირ შემოსავალს ამ სექტორიდან - არაფორმალური დასაქმებიდან საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვა და მიღება შეუძლებელია. ამის მიზეზი ისიცაა, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული ურთიერთობებისა და სამართლებრივი ჩარჩოების, გარანტიებისა თუ პასუხისმგებლობის ფარგლების თაობაზე“, - წერია დოკუმენტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×