მარი ჩიტაია
26.08.2017

"საქართველოს რკინიგზა" პოზიციას არ ცვლის. პროფკავშირების მოთხოვნას უწყება პასუხობს იმით, რომ თანახმაა, ერთ კაცთან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის მოშიმშილე უჩა ღვთისიაშვილი. თუმცა მისთვის და პროფკავშირებისთვისაც რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი შეთავაზება მიუღებელია. თავის მხრივ, პროფკავშირებში ითხოვენ, დადგეს "საქართველოს რკინიგზის" პასუხისმგებლობის საკითხი.

სულ რაღაც 2 დღის წინ "საქართველოს რკინიგზის" შენობის ფოიეში აქციის მონაწილეებს მუშტი-კრივი გაუმართეს. იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაიცვას, დუმილს არჩევს, ამასობაში კი დაპირისპირება რკინიგზის ადმინისტრაციასა და აქციის მონაწილეებს შორის დღითი დღე მწვავდება.

შიმშილობის მეთერთმეტე დღეა, მაგრამ პროტესტის ამ ფორმას, საზოგადოებრივი სოლიდარობის მიუხედავად, შედეგი არ მოჰყოლია.

 ელემენტარულად ვერ მოხერხდა, რომ მოშიმშილეებისთვის კარვის გაშლის საშუალება მიეცათ, რის უფლებაც მათ კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული.

სწორედ ამას მოჰყვა სიტუაციის გამწვავება, რადგან 24 აგვისტოს აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა "საქართველოს რკინიგზის" ოფისის ფოიეში შესვლა სცადა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებისთვის ფოიეში შესვლისა და იქ ყოფნის საშუალება მიეცათ.

"საქართველოს რკინიგზის" დეპარტამენტის შესავლელთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მათ აქციის მონაწილეებს ფოიეში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით კი, ირაკლი პეტრიაშვილმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია დატოვას იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან "გულწრფელი დიალოგის სურვილი არ იქნება". გუშინვე გავრცელდა მისი მიმართვა პრემიერ-მინისტრისადმი. "არც ამ ხნის განმავლობაში და არც ადრე, როდესაც თქვენ ინფორმირებული იყავით იმ უმსგავსობის შესახებ, რაც ხდება რკინიგზაში, ქვეყნის მთავრობასა და პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთხელაც არ გამოგიხატავთ სურვილი, შეხვედროდით სოციალური პარტნიორობის მხარეს, პროფკავშირს და მათგან მოგესმინათ კონფლიქტის რეალური მიზეზი რკინიგზაში.

ნაცვლად რეალური ქმედებებისა, ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ვიღებდით სახელმწიფო კომპანიისაგან ცეცხლზე ნავთის დასხმას და აბსოლუტურად არაადეკვატურ, შეურაცხმყოფელ და დისკრედიტაციულ განცხადებებს - თითქოს მოშიმშილეები არიან მართული მატერიალური ინტერესების სანაცვლოდ საქართველოს პროფკავშირებისგან (სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარისგან). აღნიშნულმა ბრალდებებმა უფრო გაამძაფრა რკინიგზელების პროტესტი და შეურაცხყო მათი გულწრფელი და ადეკვატური დამოკიდებულება იმ ამაზრზენი მართვის გამო, რომელსაც წლების მანძილზე ახორციელებს რკინიგზის მენეჯმენტი.

თქვენი ეკონომიკის მინისტრობის დროს გაკეთებული განცხადება კი, რომ რკინიგზაში კონფლიქტი არის კომუნიკაციისა და დიალოგის არარსებობის ბრალი, სამწუხაროდ, დღესაც დღის წესრიგშია როგორც რკინიგზაში, ასევე ქვეყნის მასშტაბით", - აღნიშნულია ირაკლი პეტრიაშვილის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაში.

რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, მათ გუშინდელი დარბევის შემდეგ რკინიგზის შენობის ფოიეშიც კი აღარ უშვებენ, არ ეძლევათ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა, ჩაის ადუღებისა და მობილურების დატენვის საშუალება.

გიორგაძის განცხადებით, აღნიშნული აკრძალვები "საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორ მამუკა ბახტაძისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძის მითითებით დაწესდა.

როგორც ცნობილია, რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. გიორგაძის თქმით, დაკავებული იყვნენ "აუდიტორია 115"-ის წევრი ირაკალი კუპრაძე და პროფკავშირების წევრი გიორგი დიასამიძე, რომლებიც მხოლოდ მეორე დღეს გამოუშვეს.

ვიტალი გიორგაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ "საქართველოს რკინიგზაში" არსებული დიქტატორული რეჟიმის დასამარცხებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

"11 დღეა, მოშიმშილეები ღია ცის ქვეშ ვართ და არ გვაძლევენ კარვის გაშლის საშუალებას. მივმართეთ სახალხო დამცველს, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს უფლება კანონით გვაქვს მინიჭებული. იგივე განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა განცხადებითაც უპირობოდ გვაქვს კარვის გაშლის უფლება, რასაც უსამართლოდ გვიზღუდავენ. სასამართლოშიც კი შევიტანეთ სარჩელი, მაგრამ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა სამარცხვინო გადაწყვეტილება და არ მოგვცა კარვის გაშლის უფლება. გვცემეს, შეურაცხგვყვეს და ამაზე საქართველოს მთავრობა დუმს. მოვითხოვთ, დადგეს "საქართველოს რკინიგზის" პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც დაარღვია კანონი, ამიტომ უნდა გადადგეს დირექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. სამართალი არ არის ქვეყანაში, რის გამოც მივედით ამ მდგომარეობამდე", - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

გაერთიანებული პროფკავშირების მოთხოვნები მიუღებელია "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციისათვის. უწყებაში აცხადებენ, რომ პროფკავშირების წარმომადგენლებთან დიალოგს არ გამართავენ. თუმცა, როგორც "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია განმარტავს, მზად არიან, მოლაპარაკება აწარმოონ მოშიმშილე უჩა ღვთისიაშვილთან. მისი სურვილის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს სამუშაოს.

დაჩი ცაგურიამ "რეზონანსს" განუცხადა იმის შესახებაც, თუ რატომ გახდა აუცილებელი უჩა ღვთისიაშვილის გადაყვანა მარნეულში, რაც შემდეგში პროტესტის საბაბი გახდა.

"საქართველოს რკინიგზამ" კახეთის მონაკვეთზე არსებული დეფექტოსკოპიის სამსახური გააუქმა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ამ მონაკვეთზე არ არის დატვირთული მატარებლებით სარკინიგზო ხაზი და ხშირად არ არის მოძრაობა. დეფექტოსკოპიის ფუნქციაა მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოება, ლიანდაგის მდგომარეობის შემოწმება და სხვა. თუ მატარებელი ლიანდაგზე ხშირად არ ივლის, ცხადია, ის არ გაიცვითება. ამიტომ იქ ყოველდღიური დეფექტოსკოპიური შემოწმება აზრს კარგავს, რის გამოც ეს სამსახური გავაუქმეთ. ჩვენ თანამშრომლებს - ღვთისიაშვილსა და ცისკარიშვილს გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს, სადაც დეფოსკოპიის სამსახური აქვს "საქართველოს რკინიგზას", კერძოდ, მარნეულის რაიონში, შევთავაზეთ სამუშაო. უსამსახუროდ არ დაგვიტოვებია. თანაც, ამ მონაკვეთზე ჩვენ სარკინიოგზო ხაზი გავარემონტეთ, გაიზარდა იქ ტვირთბრუნვა, სიჩქარე, სამგზავრო მატარებლების რაოდენობა. ცხადია, თანამშრომლები დათანხმდნენ ჩვენს შეთავაზებასა და შეთანხმებას ხელი მოაწერეს. თუმცა, პროფკავშირის ჩარევის შემდეგ, ამ ორმა ადამიანმა გამოაცხადა შიმშილობა "საქართველოს რკინიგზის" ცენტრალურ ოფისთან. მოგვიანებით ცისკარიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. მას 1-ელ სექტემბრამდე ჯერ კიდევ აქვს ვადა, გამოცხადდეს სამსახურში, წამოვიდეს დიალოგზე და პეტრიაშვილის გავლენას თავი დააღწიოს", - აცხადებს ცაგურია.

როგორც ვიცით, აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და "აუდიტორია 115", რომლის ერთ-ერთი აქტივისტი სამართალდამცავებმა დააკავეს.

"გაყინულია სიტუაცია, მიუხედავად მომხდარისა, რკინიგზა დათმობაზე არ მოდის. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას რიგით რკინიგზელებს, მაგრამ მათი გადაწყვეტილების პროცესში არ ვერევით. უჩა ღვთისიაშვილი მეთერთმეტე დღეა, შიმშილობს და საკუთარი უფლების დაცვას ითხოვს (სხვა მოთხოვნებთან ერთად). ვფიქრობ, რომ რკინიგზა დათმობაზე არ წავა. მთავრობა და სხვა ოფიციალური უწყებები თუ არ ჩაერევიან ამ პროცესში, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება და ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების გამოხატულების პრობლემა ქვეყანაში. ამოიწურა ყველა შესაძლო რესურსი. როგორც ვხედავ, რკინიგზის ხელმძღვანელობას არ აქვს მოლაპარაკების სურვილი, თუ არ მოხდება ხელისუფლების მხრიდან ჩარევა", - განუცხადა "რეზონანსს" "აუდიტორია 115"-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×