რეზონანსი
21.07.2021

მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის საჭიროა ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რაზეც საქართველოს ხელისუფლებასთან ვმუშაობთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სილვიუ დომენტემ ისაუბრა კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოქალაქეების მიერ სამედიცინო სერვისებსა, თუ მედიკამენტებში გადახდილი თანხა ხშირად ოჯახების გაღარიბებას იწვევს, რაც, მისივე თქმით მიუღებელია.

„უმთავრესი მიზეზი ადამიანების მიერ ჯანდაცვის სერვისებზე საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხაა. ცხადია, გარკვეული თანხის გადახდა მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უწევთ, თუმცა საქმე თანხის რაოდენობაშია, რამდენად ზემოქმედებს ჯანდაცვის სერვისებში ჯიბიდან გადახდილი თანხა ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე. საქართველოში მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები საკმაოდ დიდია მიუხედავად რეფორმისა, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა შემოიღეს. ცხადია, ეს დადებითი ნაბიჯი იყო საქართველოსთვის, რადგან ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად მოქალაქეებისათვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

სილვიუ დომენტეს თქმით, დინამიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში მოქალაქეები ჯანდაცვის სერვისებს უფრო მეტად იყენებენ.

„ჯიბიდან გადახდილი თანხა მაინც მაღალია და ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, რატომ ხდება ასე. დავადგინეთ, რომ მოქალაქეები ყველაზე ხშირად ფულს იხდიან წამლების შესაძენად, შემდეგ ჰოსპიტალური სერვისებისა და პაციენტების მომსახურებისთვის. საქართველოში ჯიბიდან გადახდილი თანხის რაოდენობა საერთო ხარჯის 48 პროცენტს აღწევს. ევროპულ რეგიონთან შედარებით ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპის რეგიონში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 30 პროცენტია. შედეგად, საქართველოში ოჯახების 7 პროცენტის შემთხვევაში ჯანდაცვის სერვისებში ჯიბიდან გადახდილი თანხა მათ გაღარიბებას იწვევს, ხოლო ოჯახების 17 პროცენტისთვის  ეს ხარჯები კატასტროფულია. ცხადია, ეს არ არის კარგი და პირველ რიგში ღარიბ მოქალაქეებზე აისახება. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? მტკიცებულები აჩვენებს, რომ რაც უფრო მცირეა ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, მით უფრო მეტია მოქალაქის მიერ გაწეული ხარჯი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება კვლავ ძალიან დაბალია. ჩემ მიერ ნახსენები რეფორმის შედეგად, ეს დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 2,1 პროცენტიდან 2,9 პროცენტამდე გაიზარდა, თუმცა ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც 4,9 პროცენტს შეადგენს, ეს მაინც ძალიან დაბალი ნიშნულია. რაც შეეხება ევოკავშირის წევრ ქვეყნებს, იქ ეს მაჩევნებლი მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტსაც კი აღწევს“, – აღნიშნა სილვიუ დომენტემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×