რეზონანსი
27.07.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, კორონავირუსის ახალი მუტირებული ვარიანტის, „დელტა პლუსის“ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„დღეს, საქართველოში, კოვიდინფიცირების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, უკვე „დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორისაა ე.წ. „დელტა პლუსი“, რომელიც ლუგარში უკვე სეკვენირებითაა დადასტურებული. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტირება. ჩვენ გვაქვს ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან გადმოცემული PCR-ის ნაკრები, რომელიც, ცალკე, „დელტასაც“ იჭერს, მაგრამ ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. „დელტა პლუსს“ აქვს ერთი დამატებითი მუტაცია. ასეთი უკვე ორი შტამია და ორი კვირაა, მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია, რომ საქართველოში დადასტურებულია „დელტა პლუსი“. ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისევე, როგორც „დელტა“, ისიც ადვილად გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

26 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 37 ამცრელ პუნქტში, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი, ამცრელი ბრიგადები. ვაქცინის დოზები აქტიურად ნაწილდება რეგიონებშიც. იმ უბნებში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაციის ადგილები შეივსო, მოთხოვნის შესაბამისად, დამატებითი დოზები მობილიზდება.

ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

24 ივლისს, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. ამასთან, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა. „ფაიზერზე“ რეგისტრაციისთვის, პორტალი 24 ივლისს, 12:00 საათზე გაიხსნა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 407 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 376 088, გარდაიცვალა 5 731 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×