რეზონანსი
30.07.2021

საერთაშორისო პარტნიორებს იმას ვთხოვდი, რომ საქართველოზე უარს ნუ იტყვიან იმის მიუხედავად, თუ როგორი ეჩვენებათ საქართველოს ხელისუფლება სრულიად სამართლიანად, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების მომხრე არ არის, რადგან „როცა სანქციები წესდება, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ დაუწესდება, ეს ქვეყანასაც უწესდება“.

„სანქციების მომხრე არ ვიქნებოდი და არც ამის მოთხოვნაც მომწონს მაინც და მაინც. საერთაშორისო პარტნიორებს იმას ვთხოვდი, რომ საქართველოზე უარს ნუ იტყვიან იმის მიუხედავად, თუ როგორი ეჩვენებათ საქართველოს ხელისუფლება სრულიად სამართლიანად. როცა სანქციები წესდება, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ დაუწესდება, ეს ქვეყანასაც უწესდება, რადგან ნებისმიერი ადამიანისთვის, ინვესტორისთვის და ტურისტისთვის გასაგები ხდება, თუ როგორია ქვეყანა და ამერიკა როგორ უყურებს.

ვფიქრობ, რომ სანქციები არ არის ის ნათელი მომავალი, რაც გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკამ ხელისუფლებას სერიოზული პასუხი მოსთხოვონ, რომ გონზე მოვიდნენ. თუ ამას სერიოზულად მოინდომებს ვინმე, სანქციებამდე მისვლა საჭირო არ იქნება, თუ რუსეთისკენ მივდივართ, გასაგებია. პარტნიორები ოპოზიციაშიც არ არიან დარწმუნებული, როგორც ხელისუფლებას უყურებენ, ასე უყურებენ ოპოზიციასაც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ჩხუბის და ქუჩაში დგომის ნაცვლად, საპარლამენტო ბერკეტები უნდა გამოიყენოს.

„ოპოზიცია ხელისუფლების დასჯას რომელი დოკუმენტის დარღვევის გამოც ითხოვს, მასზე ხელი საერთოდ არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას” მოწერილი. ვფიქრობ, რომ პარტნიორებს ოპოზიციამ საშუალება უნდა მივცეთ, რომ გვერდში დაგვიდგნენ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ჯერ ჩვენ ისეთი უნდა გავხდეთ, რომლის გვერდით დგომა შეიძლება. ასეთად ჯერ არ გვიყურებენ. ოპოზიციამ ჩხუბის და ქუჩაში დგომის ნაცვლად, საპარლამენტო ბერკეტები უნდა გამოიყენოს და ვილაპარაკოთ, „ქართულ ოცნებას” ქვეყანა საით მიჰყავს. საარჩევნოდ საპარლამენტო ტრიბუნის მიტოვება და ბოიკოტი არასწორია. საქმის კეთებაზე უნდა გადავიდეთ. დასავლეთი მხარს უჭერს პარლამენტარიზმს და იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ 66-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელი არ შეუწყოს საქართველოს შუა აზიად ქცევაში, სადაც პარლამენტში ერთი პარტია ზის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×