რეზონანსი
22.01.2022

"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე, როდესაც მოუცლელობის თუ სხვა კომიკური მიზეზით ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გადადო, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მუდმივად იცლის ჩვენი დემოკრატიისთვის დაჩქარებულ ტემპში ძირის გამოსათხრელად, პოლიტიკურ ოპონენტებსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე თავდასასხმელად, ბელორუსის უშიშროებასთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, თუმცა რატომღაც ვერასდროს იცლის საქართველოს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორების დროულად მხარდასაჭერად, ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებთან შესახვედრად.

„საინტერესოა, მოუცლელობის გამო ხომ არ დატოვეს მიშელის შეთანხმებაც? მოუცლელობის ბრალია კრემლის დაკვეთით მოკლულ ხანგოშვილზე დუმილი? მოუცლელობის ბრალი ხომ არაა ანაკლიისა და სხვა გეოპოლიტიკური მეგა-პროექტების ჩაძირვა? მოუცლელობის ბრალია, ქართველ ხალხს 300 მილიონის ოდენობოთ მაკროფინანსური დახმარება რომ დააკარგინეს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმის ნაცვლად პოლიტიკური დანიშვნები გააგრძელეს? ისიც მოუცლელობის ბრალი ხომ არაა "ქართული ოცნების" ლიდერები დასავლელ პარტნიორებს რომ თითის ქნევით და მუქარის ენით ესაუბრებიან? რასაც დღეს ხელისუფლება "მოუცლელობას" უწოდებს, სინამდვილეში ეს მისი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური არჩევანია, რომლის მიზანია საქართველოს სრული და საბოლოო დაშორება დასავლური პოლიტიკური ოჯახიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ ჟან მონეს დიალოგის ფორმატი პერსპექტიულ წევრ სახელმწიფოებში გამოიყენება. შესაბამისად, ამ კალიბრის ფორმატის უარყოფა საქართველოს ევროპული პერსპექტივის უარყოფა და დასუსტებაა. "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც თავისი ვიწროპარტიულ-პოლიტიკური ინტერესების გარდა სხვა საზრუნავი არ გააჩნია, დღეს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა საქართველოს საგარეო და ეროვნულ ინტერესსა და ჩვენ სახელმწიფოს, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაციას. მაშინ როდესაც რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება დღედაღამ მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან განსაკუთრებულ რეჟიმში თანამშრომლობას და კომუნიკაციას, ის ხელიდან უშვებს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პარტნიორებთან საუბრის შესაძლებლობასაც კი და მეტიც, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ჟან მონეს იმ უაღრესად მნიშვნელოვან ფორმატს, რომელში თანამშრომლობაც ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია" , - განაცხადა გეგელიამ და დასძინა, რომ ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რა ღირებულებით ღერძზე იმყოფება "ქართული ოცნება" და რაოდენ შორსაა მის პირობებში საქართველო თავისი ევროპული პერსპექტივის განხორციელებისაგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×